
"ოპოზიციურ ალიანსში" რამდენიმეთვიანი კამპანია დააანონსეს, რასაც თავის მხრივ კულმინაცია ექნება და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და მასში "ოპოზიციის გამარჯვება". მმართველ პარტიაში ყოველგვარ ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ და მიაჩნიათ, რომ დღეს ქვეყანაში ამის არანაირი საფუძველი არა.
საქართველოს მომდევნო მორიგი საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ კონსტიტუცით განსაზღვრულ დროში ჩატარდება.
„არჩევნები არის 2028 წელს, მანამდე არანაირი არჩევნები არ იქნება და, შესაბამისად, ოპოზიცია ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, იმედია, ამ დროისთვის მაინც იქნება თანმიმდევრული, რომ წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე",- აღნიშნავს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.
ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ მათი დაანონსებული კამპანია შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმდება "ოცნება".
„ჩვენ გეუბნებით, რომ შემდეგი რამდენიმე თვე იქნება კამპანია, რომელიც დასრულდება ახალი არჩევნებით და ოპოზიციის გამარჯვებით დემოკრატიულ არჩევნებში და ბიძინას წასვლით ამ ქვეყნიდან", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებების" ლიდერმა ნიკა გვარამიამ 26 მაისის აქციაზე.
ჩანიშნავს თუ არა "ოცნება" ვადამდელ არჩევნებს
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არანაირი საფუძველი არაა იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს "ქართულმა ოცნებამ" და ეს ოპოზიციური ლიდერების დიდ ნაწილს გაცნობიერებული აქვს კიდეც.
"იმ ვითარებით, რაც ქვეყანაშია და ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებით, არანაირი საფუძველი არ აქვს მმართველ პარტიას და მთავრობას, რომ რატომღაც რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. მე ამაში სასაცილო კურიოზულ ტრადიციას ვხედავ, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არსებობს - არჩევნები ჩატარდება თუ არა, მეორე დღიდან გარკვეული ძალები ლაპარაკს იწყებენ, რომ რიგგარეშეს ჩატარება აუცილებელია.
- პეტრე მამრაძე: "ოპოზიციონერ ლიდერებში ნაკლებად მეგულებიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვადამდელი დაინიშნოს, არც ეკონომიკური კრიზისია და არც საპროტესტო მუხტი"
"ვფიქრობ, (ოპოზიციის) ნაწილს სჯერა, (რომ ვადამდელი არჩევნები იქნება), რომ ხალხი გამოვა, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც მათ უნდათ და ა.შ. ასეთებიც არიან, რომ ვითარების არაადეკვატური წარმოდგენა აქვთ. არიან სხვებიც, რომლებმაც რაღაცა ხომ უნდა თქვან და სულ ხომ უნდა ილაპარაკონ, რომ ძალა აქვთ.
"შემთხვევითი არაა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ, გამოდიან და აცხადებენ, რომ ამდენი ადამიანი შეგროვდა და ა.შ. ეს აბსოლუტური ტყუილია, უცხოელებისგან ვიცი, რომ 4 ათასს არ აღემატებოდა, რაც საქართველოსთვის სტატისტიკური ნულია. ამიტომ ქმნიან ატმოსფეროს, რომ არიქა, ჩვენი პროტესტი უკვე ისეთი ძლიერია, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩება და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს, მოვუგებთ და ა.შ.
"ლიდერებში ნაკლებად მეგულებიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვადამდელი დაინიშნოს, არც ეკონომიკური კრიზისია და არც საპროტესტო მუხტი",- განაცხადა მამრაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა, ამ პირობებით "ოცნება" ვადამდელ არჩევნებს არ ჩანიშნავს.
"ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ "ოცნებამ" ახლა არჩევნები ჩანიშნოს. ცოტა სხვა პროცესები უნდა წარიმართოს, რომ ამაზე წავიდეს. ერთის მხრივ ეს უნდა იყოს რეალური სანქციები და ხალხმრავალი აქციები. შეიძლება გვარამია გულისხმობდა, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვა. მიზანია რეგიონებში მოსახლეობასთან მუშაობა მეტი ადამიანის მობილიზების მიზნით, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოსახლეობა დააინტერესო გეგმით.
"ასევე გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება პარტიების აკრძალვის თაობაზე პროცესი დააჩქაროს",- განაცხადა ჩიტაძემ.
მზად არის თუ არა ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის
როგორც პეტრე მამრაძე გვეუბნება, ახლაც რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ოპოზიცია მზად მაინც არაა.
"(ოპოზიცია) ნამდვილად არაა მზად შევიდეს იმ ვადამდელ არჩევნებში, რასაც ითხოვს, მათ არავითარი შანსი არ აქვთ. არ შემიძლია კვლევა ჩავატარო, მაგრამ ჩემი შეფასებით, მათი რეიტინგი უფრო დაეცა, ვიდრე 2024 წლის არჩევნების დროს იყო, როცა ოთხმა ე.წ. პარტიამ ზღვარი გადალახა და ჯამში პარლამენტში 61 ადგილი მიიღო, რაც მმართველი პარტიის მიერ აღებულ ხმებზე გაცილებით ნაკლებია.
"ჩემი შეფასებით, ახლა მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაცემულია, შესაბამისად, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ - ერთი-ორი ბარიერს მაინც გადალახავს? ამისთვის ვადამდელი არჩვენების მოთხოვნა კურიოზული და არასერიოზულია",- განაცხადა მამრაძემ
- ნიკა ჩიტაძე: "რთულია იმის წარმოდგენა, რომ "ოცნებამ" ახლა არჩევნები ჩანიშნოს. ცოტა სხვა პროცესები უნდა წარიმართოს, რომ ამაზე წავიდეს. ერთის მხრივ ეს უნდა იყოს რეალური სანქციები და ხალხმრავალი აქციები"
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია ნაწილობრივ მზადაა არჩევნებში შევიდეს, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო.
"ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობასთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე ალტერნატიული პროგრამა და იმ გეგმის ჩამოყალიბება როგორ გააუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრებას. იმედია ოპიზიცია ამ პერიოდს პროდუქტიულად გამოიყენებენ, ყოველ შემთხვევაში შეხვედრებს აპირებენ",- განაცხადა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



