ნატალია ჯვარიძე
(01.06.2026)

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპირისპირება გრძელდება. სააკაშვილის განცხადებით, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. იქამდე მელიამ ექსპრეზიდენტი მკვეთრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ეჭვიანობა ალაპარაკებს.

„მე არასდროს არავისი მშურდა და არ მშურს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მიხარია ადამიანების წარმატება. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ, ისე უკრაინაში. ბევრი ჩემი გაზრდილი, უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადას, ზოგი მინისტრი, ზოგი ელჩი.

ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი).

საქართველოში ჩემ მიერ დაფრთიანებულები მთელს მსოფლიოს მოედნენ, ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა, დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაში, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩენილი იურისტია და ქვეყნის ინტერპოლის ხელმძღვანელობს. ვერა ქობალია ინდონეზიის რეფორმებს ხელმძღვანელობს.

ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით. ბოლოსდაბოლოს ჩემი უახლოესი თანაშემწე მრავალი წლის განმავლობაში და ახლო მეგობარი, ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერია საფრანგეთში და მომავალ წელს გაპრეზიდენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია.

ჰოდა, ახლა რაფაელი რომ პრეზიდენტი გახდება, უნდა მშურდეს მისი, თუ უზომოდ უნდა ვიამაყო? (სულ რომ არც არაფერი გამიკეთოს?!) არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასეთი იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში.

სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონასა და უიდეობაზე. ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც.

გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა. ერთადერთი რასაც მთელი გულით ვისურვებ არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს.

ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ პირველ რიგში ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის რაც მოსახდენი იყო. ძვირფასო ნიკა თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ", - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის წერილს ნიკა მელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სულ ბოლო თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა.

„სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, უმჯობესია მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია, რომ "ანონიმური" მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ეს აწმყოსაც და მომავალსაც სჭირდება, ასევე, ისტორიამაც პირუთვნელი ფაქტები უნდა შემოინახოს. ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი.

როცა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მისი საპატიმროდან დახსნისა და უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ, პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციაზე გათვლით, კისრულობს ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასრულებს კიდევაც ამ პირობებს - ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი!

როცა ფარული გარიგების საკვანძო ფიგურა, ის "ანონიმური" მოღალატეა და როცა ისიც და სააკაშვილიც, თუ მისი მეშვეობით სააკაშვილი, როგორც გენებოთ ისე თქვით, სულ ბოლოს, გარიგების აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს, ხელისუფლებამ გადააგდო და პატიმრობაში ჩატოვა - ეს აღარ არის პერსონალური კონფლიქტი. ადამიანები, რომლებიც ჩემი წინა წერილით სხვადასხვა სუბიექტურ დისკომფორტს განიცდით და ამბობთ, ამ დიქტატურაში, რა დროს ეს იყოო, არ მახსენდება თქვენი თუნდაც შეშმუშნულობა სააკაშვილის მიერ თვეების განმავლობაში, გაბმით, ყოველდღიურად წარმოებულ უსუფთაო კამპანიაზე, საჯაროდ ხმაც არ ამოგიღიათ.

ჩემი ხუთწლიანი თავშეკავებულობა, მით უმეტეს, არ გინდათ გახსოვდეთ. სააკაშვილმა სულ ბოლოს, თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა, აქციას კი არა უშავდა, მაგრამ როცა ბევრად მეტი ხალხი მზად იყო ჩემი ციხიდან დასახსნელად, ასეთ აქციებს მელია შლიდაო.

პრაქტიკულად, ხალხი კი მზად იყო დახოცილიყო მზის ქვეშ ლაღი ირმებივით, მაგრამ მელია სახლებში აბრუნებდაო. ასე რომ, პირიქით ბიკი ყუფარიობა საშინლად არაგულწრფელ იერზე აყენებს მავანსა და მავანს, ანუ მათ ვინც ამოტრიალებული ბიკი ყუფარიობა გადაწყვიტეს და თქვეს ნიკას ბრალიც არის და მიშასიცო, რა დროს ახლა ეს იყოო...

საქმე ეხება არა კერძო საკითხის გამორკვევას, არამედ აუცილებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას, რის გარეშეც ბრძოლის ველზე ყოფნა, დანაღმულ ველზე გადაადგილებას ჰგავს. ხალხი გაიგებს სიმართლეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ / ზეგ სააკაშვილივით უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცეს. ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ ახალი ნაბიჯის და ახალი საკუთარი სიტყვის, აი, თუნდაც მართალი იყოს, მაინც ეშინია.

ვიცნობ ასეთებს. ასეთები ცხოვრების სიმძიმეს ხშირად ქედს უხრიან, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის გზას ირჩევენ და ამაყი ვარ, რომ ბევრი ასეთი ადამიანის თანამოაზრე და მეგობარი ვარ. ვინც ფიქრობს, რომ სიმართლის გარეშე, მისი ცოდნის გარეშე, გამარჯვება შესაძლებელია, არა, დიდი ტყუილია. ასე, ადამიანები გამარჯვებაზე ოცნებობენ მხოლოდ, თავს იტყუებენ - თავის შექცევაა და სხვა არაფერი! დიახაც, რომ თავის შექცევაა. მე პირველი შეურაცხვყოფ ჩემს თავს, თუ ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებზე ვიტყვი უარს", - წერს ნიკა მელია.

იქამდე, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. როგორც მელიამ დაწერა,

„სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული".

გამოხმაურებები

მელია-სააკაშვილის დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა" თვითმყოფადია მის სათავეში სააკაშვილი იქნება, მელია, ბოკუჩავა, თუ ხაბეიშვილი.

„სააკაშვილი მის მიმართ უპირობო, ქედმოხრილ დამოკიდებულებას შეეჩვია. მელიას არ ახასიათებს მაინცდამაინც. თანაც მელია, გარკვეულად, სტრატეგიულად გეგმავს თავის პოლიტიკურ კარიერას. მან ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, როცა რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება მისცა.

ის, რომ ქუჩებში 150 ადამიანია დახოცილი, ეს მელიასთვის სერიოზული დამაბრკოლებელია, რომ ბოლომდე სააკაშვილის მიმართ ლოიალური იყოს. თუმცა, არც მელიას განწყობა, არც მისი სტატუსი ოდესმე არ შეცვლილა. ის "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია და ჰგონია, რომ უკეთესია, ვიდრე სისხლიანი სააკაშვილი.

ასე ჰგონია, თუმცა ყველას, ვინც დღეს სააკაშვილს აკრიტიკებს, მათ პირდაპირ აქვთ დანაშაული ჩადენილი, ან ხელი აქვთ შეწყობილი. მელია ამ თემისგან შორს არ არის. ისე, სააკაშვილის მიმართ გიგი უგულავასაც ჰქონდა გამონათქვამები. გვახსოვს, მან ჩამოწერილი მანქანა უწოდა და მოუწოდა, პოლიტიკურ სანაგვეზე გადავარდნილიყო.

სამაგიეროდ, კრიტიკოსები იქცნენ მის მაქებრებად, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არსებობს, თვითმყოფადია. მის სათავეში სააკაშვილი იქნება, მელია, ბოკუჩავა, თუ ხაბეიშვილი, თვითმყოფადია ეს, იმიტომ რომ შინაარსი არ იცვლება. ერთობას გარკვეული ინსტრუქცია განაპირობებს, იმიტომ რომ არ იქნება [ოპოზიციის] ერთობა, არ იქნება დაფინანსება," - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, „ხალხის ძალის" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან. „ისე ვატყობ საქმეს, რომ მგონი, მელია-სააკაშვილი და გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან იმდენად სერიოზული დაპირისპირება აქვთ. როცა ვითომ ერთიანდებიან, იმ დღესვე აცხადებენ, რომ გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე არიან. არქივი ნახეთ, სადაც ამბობენ, რომ ცალ-ცალკე გზები აქვთ. ეს მათი ბუნებაა. შემდეგ, ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს",- თქვა დეპუტატმა.

„ოცნების" გარდა, მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელიას წერილში მთავარი თეზისი აბსოლუტურად მცდარი იყო.

„ჩვენ ვსაუბრობთ, ქართულ პოლიტიკაში სამწუხარო მოვლენაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქცეულია სამიზნედ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის. ბატონ ნიკაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მაინც სენსიტიური თემაა იმიტომ, რომ ეს კაცი არის პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში.

დასაფასებელია მისი ბრძოლა და ის, რომ ის უკვე მეორედ იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, ამიტომ ახლა, ძალიან მიმძიმს მის პოზიციებთან დაპირისპირება, მაგრამ ფაქტობრივად, მცდარი იყო მისი ბევრი თეზისი, რომელიც ეწერა პოლიტიკურ პასკვილში. მინდა პასუხი გავცე, მაგალითად, მთავარი თეზისი, რაც აბსოლუტურად მცდარია და რაზეც ხშირად მიხეილ სააკაშვილს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ეს არის 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის უარყოფითი წვლილი, რაც არის აბსოლუტურად მცდარი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად არ ემთხვევა სიმართლეს", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ, დაახლოებით 10 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში ჩამოსვლისას უღალატეს, ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილს „მოღალატეში" ნიკა მელია არ უგულისხმია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე