
ჩვენს მიკრორაიონში ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებრივი პროექტი განხორციელდა (მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, რეაბილიტირდა ობიექტები), რისთვისაც მერიასა და შესაბამის სამსახურებს მადლობას ვუხდით.
წინამდებარე წერილის მიზანია, გამოვხატოთ მოსახლეობის უკიდურესი შეშფოთება ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, აჩაბეთის ქუჩის სიახლოვეს მიმდინარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების გამო. აღნიშნული პროცესი რიგი ნორმების დარღვევით ხორციელდება და რეალურ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და საკუთრებას. კერძოდ:
- სატრანსპორტო კოლაფსი და უსაფრთხოება: მძიმეწონიანი ტექნიკის მოძრაობის შედეგად, აჩაბეთისა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. დაზიანდა გზის საფარი და შეზღუდულია ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა.
- ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება: მიწის სამუშაოებისას არ ხდება ტერიტორიის მორწყვა, საცხოვრებელი ზონა კი ინტენსიურად ბინძურდება მტვრითა და გამონაბოლქვით. ნადგურდება არსებული ბუნებრივი გორაკი. მშენებლის მიერ დადგენილი ნორმების უგულებელყოფა და გარემოსადმი ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ჩვენი ოჯახებისთვის ნამდვილ ეკოლოგიურ ტერორად იქცა.
- საკუთრების დაზიანება: მძიმე ტექნიკის მუშაობით გამოწვეული ძლიერი ვიბრაციის შედეგად, მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებზე უკვე შეინიშნება კედლების დაბზარვა და კონსტრუქციული დაზიანება.
- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე: სამშენებლო მოედანი არ არის იზოლირებული მყარი დამცავი ღობით. ამასთან, სრულად იგნორირებულია სახანძრო უსაფრთხოების წესები - საცხოვრებელ ზონასთან სიახლოვეს დაუცველად არის განთავსებული ადვილად აალებადი ნივთიერებები და მასალები, რაც უმძიმეს რისკებს შეიცავს.
ნებართვის გაცემის პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და არ მომხდარა საჯარო განხილვა. ვინაიდან პროექტის დასრულების ვადად 2029 წელია განსაზღვრული, მსგავს პირობებში ცხოვრების გაგრძელება სრულიად გაუსაძლისია.
გთხოვთ, მერიამ და შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დროულად გაითვალისწინონ ჩვენი წუხილი, მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება და მიიღონ გადაუდებელი ზომები პრობლემის გადასაწყვეტად - მათ შორის, შეაჩერონ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრულ მოწესრიგებამდე.
პატივისცემით,
ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის, აჩაბეთის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა
(წერილს ხელს აწერს 300-მდე ადამიანი)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



