
მწერალთა კავშირში ყვარლელი მხატვრის ვლადიმერ გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მას, ძირითადად, ყვარლელ მხატვრად მოიხსენიებენ, ამიტომ გავუსვი ხაზი მის წარმომავლობას, სინამდვილეში ვლადიმერ გელაშვილი თავისი მასშტაბური შემოქმედებით ყველასია - მთელი კახეთის და საქართველოსი. იმდენად ნიჭიერი, მრავალფეროვანია და უკიდეგანოა მისი შემოქმედების ჰორიზონტი, ერთ გამოფენაში ჩატევა შეუძლებელია.
გამოფენისთვის რამდენიმე ნახატი შეირჩა - ყველა ერთი მეორეზე უკეთესი, ბევრად მეტი კი მხატვრის სახლ-სახელოსნოშია თავმოყრილი და უფრო მეტიც სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაში ან კოლექციებშია გაფანტული, ანუ ყველგან, სადაც ნიჭს აფასებენ და ვლადიმერ გელაშვილი ასეთი უნიკალური ადამიანების ჩამონათვალში ყოველთვის ერთ-ერთი პირველია.
მწერლის სახლში მოწყობილი გამოფენით კი სად არ გვატარა - მშობლიურ კახეთში, სოფელ შილდაში, გაგვაცნო პურის მცხობელი კახელი ბებო, ურმის კოფოზე შემომჯდარი გლეხი და დიდებული ადამიანების პორტრეტები, მათ შორის წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე). ვლადიმერ გელაშვილს შექმნილი აქვს ქეთევან დედოფლის ფერწერული ტილო, წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, გრემის კომპლექსის ისტორიული მშენებლობის ამსახველი სურათი, ვაჟა-ფშაველას შესანიშნავი პორტრეტი, აბიბოს ნეკრესელის წამების ამსახველი მონუმენტური ტილო და სულ ახლახან ღვთივგანსვენებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტი.
რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს უნიჭიერესი მხატვარი იმდენად მოკრძალებული, თავმდაბალი და საკუთარი ხელოვნების მიმართ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, რომ ამ მასშტაბური ნამუშევრების შესახებ სათქმელი სულ ორიოდე წუთში ჩაატია - ცოტა რამ შემოქმედებასა და მუსიკაზეც, რომელიც მისი ნამუშევრებს ტყუპისცალივით შეეზარდა და ყოველთვის იქაა, სადაც მხატვარი დგას ფუნჯით და მოლბერტით.
,,ადრეული ბავშვობიდან ვხატავ, სკოლის პერიოდიდანვე მამჩნევდნენ ამ ნიჭს და არც ქებას იშურებდნენ, მაშინ ეს ჩემთვის ძალინ დიდი სტიმული და მოტივაცია იყო - ყველგან და ყოველვის მეხატა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე და აქედან იწყება აქტიური შემოქმედება. ეს არ მოიცავს მხოლოდ მხატვრობას, ვქმნი ქანდაკებებს, მონუმენტებს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ჭედურობის ნიმუშებს, ვმუშაობ ქვაზეც და ხეზეც, ყველაფერი მიტაცებს, რაც კი ხელოვნებას უკავშირდება, ხოლო მუსიკა მთელ ჩემს ნამუშევრებს ზოლად გასდევს. ის არის ყველგან, სადაც ჩემი მხატვრობაა. ვერ ვხატავ, თუ არ მესმის მუსიკა. განსაკუთრებით,,ორერა“ მიყვარს. ჩემში ზის, მისი ყველა სიმღერა ვიცი თავიდან ბოლომდე და ამ რიტმს ავყვები ხოლმე, ტყუპისცალივით აღვიქვამ.
ცხადია, ყველას თავისი სტილი აქვს, მე რეალისტი ვარ და სამყარო როგორიცაა, ისეთს გადმოვცემ. მხატვრობა კი ჩემთვის ნიშნავს, ყველაფერს - სიცოცხლეს, სუნთქვას, ვერ წარმომიდგენია ხატვის გარეშე, შემიძლია ვხატო მთელი დღე და არ დავიღალო, მთელი თერაპიაა“, - გვიამბობს ვლადიმერ გელაშვილი.
მხატვრის პიროვნულ თვისებებზე უფრო გულახდილები აღმოჩდნენ მისი მეგობრები და ნიჭის თაყვანისმცემლები, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც გამოფენაზე მასპინძლისა და სტუმრის სტატუსი თანაბრად მოირგეს. ისინი საკუთარ ემოციას გვიზიარებვენ:
პატრიცია დელონი, პოეტი, ვლადიმერ გელაშვილის ნამუშევრების გამოფენის ინიციატორი: ,,წლების წინ, შემთხვევით აღმოვჩნდი შილდაში, სადაც ჩვენი ვალოდია ცხოვრობს. მსგავსი სილამაზე იშვიათობაა, რაც მან საკუთარ კარმიდამოში შექმნა. სახლიც და ეზოც საუცხოოდ აქვს მორთული, ყველა კუთხეში ხელოვნება შემოგცქერის და გიხმობს. ყველგან რაღაცაა - ნაძერწი, რკინისგან გაკეთებული, ხისგან ჩამოთლილი, იქვეა ერეკლე მეფის პორტრები, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბუნება და ისტორია გელაპარაკება.
როცა მხატვარიც უკეთ გავიცანი და მითხრა, კახეთის იქით ნაკლებად მიცნობენო, გული დამწყდა. არადა, ისეთი მასშტაბის მხატვარია, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეს ფართო აუდიტორია საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. ადრე პანდემიამ შეგვიშალა ხელი და გამოფენის მოწყობა ვერ მოვახერხე, თუმცა დაგეგმილი გვქონდა. მერეც იყო გარკვეული სირთულეები და ახლა მოხერხდა. მე მადლიერი ვარ, რომ შევძელი დანაპირების შესრულება და ამ საოცარი შემოქმედის წარდგენა საზოგადოებისთვის. საოცარი შემოქმედებაა, აღფრთოვანებული ვიყავი და ეს ემოცია მომყვება დღესაც“.
ივანე ქართველი, მსახიობი: ,,ვალოდია გელაშვილი არის ერთი საუკეთესო ადამიანი, კაცი და პიროვნება - ღირსეული კახელი ყვარლელი და შილდელი, ყველა რაკურსით საინტერესოა. ვიდრე შემოქმედებას შევეხებით, რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მის ადამიანობაზე. მთელი თემაა მის მიერ ნატარები სიყვარული, დამოკიდებულება სამყაროს და ზოგადად ადამიანების მიმართ! როცა რაიმე ტკივილს ვიგრძნობ და გაფილტვრას ვცდილობ - ვეუბნები თავს, რა გიჭირს და ვისთან უნდა წახვიდე, ვალოდია გელაშვილი აუცილებლად პირველი გამახსენდება, უცვლელი მისამართით: სოფელი შილდა.
რაც შეეხება მის შემოქმედებას, ეროვნულია, ძალიან ჩუმი, მუსიკაა, ლირიზმია, დრამატულია და ამავე დროს სიზმარია, რეალობაში გადმოსული. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი გადმოტანილი ტილოზე, არ მოგწონდეს!“
ზალიკო სულაკაური, მხატვარი: ,,ყველაზე მეტად მიყვარს თავმდაბალი ადამიანი, ვინც არ ხმაურობს საკუთარ თავსა და მიღწევებზე, ამ ყველაფერს შემოქმედება ამბობს. თუმცა, აქ უფრო ღრმადაა ყველაფერი. ვალოდია გელაშვილი არა უბრალოდ მხატვარია, იგი პოეტიცაა. მისი ნამუშევრები მხატვრობის, მუსიკისა და პოეზიის ნაზავია.
თავად მეტისმეტად თავმდაბალია. ყველა მხატვარი თავის თავს ხატავს და ისიც, მათ შორის. აქ კი ჩანს, როგორი კეთილია, სიყვარულით სავსე კაცია! რა თქმა უნდა, ვისურვებდი, უფრო მეტად წარმოჩინდეს მისი ხელოვნება, ვალოდია გელაშვილი ამას იმსახურებს! მხატვრის ბიოგრაფიას ყველაზე უკეთ მისი ნამუშევრები ,,წერენ“... მესმის, რომ არის თავისთვის - წყნარად და მშვიდად, მაგრამ მსოფლიო ასეთ მხატვარს უნდა იცნობდეს და იმახსოვრებდეს“.
ასეთია ვლადიმერ გელაშვილი, გამოჩენილი ყვარლელი ხელოვანი, რომლის ნამუშევრებში შერწყმულია თანამედროვეობაც და ისტორიაც...
ყოველთვის ახერხებს გაპოვნინოს გრძნობები და დაგანახოს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, როგორსაც თავად ხედავს და ხატავს! ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანში ფაქიზი, მაგრამ მძაფრი ემოცია გააღვიძოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



