რეზონანსი
(08.05.2026)

"თავად ის ფაქტი, რომ ლონდონის სასამართლოში პროცესი ივლისისთვის გადაიდო და საჯაროდ არ დასახელებულა კონკრეტული მიზეზები, ნამდვილად იძლევა ინტერპრეტაციის საფუძველს. სამართლებრივ პრაქტიკაში ასეთი გადადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საერთაშორისო იურისდიქციას და კომპლექსურ ბიზნეს დავებს, ხშირად უკავშირდება საქმის მასალების სიღრმისეულ შესწავლას, დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნას ან პროცესუალური ხარვეზების არსებობას", - ამის თაობაზე ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ რადიო კომერსანტის ეთერში ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას მიერ ინიცირებული სარჩელის განხილვის გადადების ფაქტის კომენტირებისას. 

მისი თქმით, მიმდინარე პროცესის გადადება უკვე აღარ ჰგავს რიგით ტექნიკურ შეფერხებას - ის უფრო მეტად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქმე სერიოზულ პრობლემებს აწყდება შინაარსობრივ დონეზე. 

"განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასამართლო არ ასახელებს გადადების კონკრეტულ მიზეზებს, რაც დამატებით ეჭვებს ბადებს სარჩელის ხარისხსა და მზადყოფნასთან დაკავშირებით. ლოგიკური ჯაჭვი აქ საკმაოდ მკაფიოა: თუ სარჩელი სრულად გამართული, მყარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პროცედურულად გამართულია, მისი განხილვის გარკვეული ვადით გადადება ნაკლებად მოსალოდნელი იქნებოდა. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წარდგენილ მასალებში, შესაძლოა, არსებობდეს სერიოზული ხარვეზები - იქნება ეს არასაკმარისი დასაბუთება, წინააღმდეგობრივი გარემოებები თუ პროცესუალური დარღვევები", - ამბობს ანალიტიკოსი.

ცუცქირიძის მოსაზრებიოთ, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტიც, რომ საქმე თავიდანვე აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც ბიზნეს დავა, არამედ როგორც მცდელობა, სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოყენებულიყო პოლიტიკური მიზნებისთვის. "ასეთ ფონზე ლონდონის სასამართლოს სიფრთხილე ბუნებრივია, თუმცა სწორედ ეს სიფრთხილე კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც მსგავს მაღალი რეზონანსის საქმეებს უნდა ჰქონდეს.

შედეგად, პროცესის გაჭიანურება უფრო მეტს ამბობს თავად სარჩელის სისუსტეზე, ვიდრე რაიმე ობიექტურ გარე ფაქტორებზე. ეს ვითარება აჩენს განცდას, რომ საქმე შესაძლოა თავიდანვე აშენებული იყო სუსტ სამართლებრივ საფუძვლებზე და მისი გამოყენება უფრო სხვა მიზნებს ემსახურებოდა, ვიდრე რეალური სამართლებრივი დავის გადაწყვეტას", - დასძენს გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე