რეზონანსი
(30.04.2026)

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბა ყურადღებით აკვირდება ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მცდელობას, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ღიად დაიწყონ საუბარი მათ მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის დეტალებზე და მოუწოდებს მათ უფრო მეტი საჯაროობისკენ. საკითხი შეეხება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო განვითარებულ დავას, რომელიც ყოფილმა დირექტორმა ნათია ჯანაშიამ აკადემიის მაჟორიტარი აქციონერის - "საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში წამოიწყო. დავის საზოგადოებრივი მონიტორინგით „აფბაა“ დაკავებული და საზოგადოების ინფორმირებას პროცესების განვითარების კვალდაკვალ ახდენს.

„სარჩელის შეტანიდან 1 წლის შემდეგ, ნათია ჯანაშიამ პირველად ღიად დააფიქსირა და გაამჟღავნა სარჩელის ავტორობა, გაახმაურა სხდომის ჩანიშვნის ვადები და პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ახსენა საკუთარი სარჩელის პოლიტიკური დაკვეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ნათია ჯანაშიას მხარემ უარი არ უნდა თქვას საზოგადოებასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და ჩვენი მოწოდებების პარალელურად, საჯაროობისკენ უფრო ენერგიული ნაბიჯის გადადგმა სცადოს.  

ვიმედოვნებთ, რომ სარჩელის თაობაზე ჩვენგან ინიცირებული დისკუსია კიდევ უფრო გაფართოვდება და გაეცემა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხი, რომელიც საექსპერტო წრეებში ერთგვაროვან უარყოფით რეაქციას იწვევს. კერძოდ, ნათია ჯანაშია ლონდონის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებს, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას, რუსეთისკენ მიდის და აკონტროლებს კორუმპირებულ სასამართლო სისტემას. ჩვენი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. რატომ გახდა საჭირო სარჩელში საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს „გაშავება“ და რა სარგებელს ნახავს ნათია ჯანაშია ბიზნეს დავის პოლიტიზებით? “ - ამბობს გიორგი კაპანაძე.

კაპანაძისთვის ასევე გაუგებარია, ნათია ჯანაშიას ლონდონში შეტანილი სარჩელის ის პუნქტები, რომელიც მთელი ქართული სასამართლო სისტემის, იუსტიციის საბჭოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ არის მიმართული. აფბას ხელმძღვანელს ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან კონკრეტული ამონარიდები მოყავს. კერძოდ, შემდეგი ციტატა:

"მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს". - ციტატის დასასრული.

აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის. 

დავის შესახებ გავრცელებული ცნობებით, ნათია ჯანაშიას სარჩელში საქართველოს სასამართლო სისტემის გარდა, უარყოფით კონტექსტში მოხსენიებულია საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე