
რუსეთმა ევროპული ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ევროკავშირის უკანონო გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკასთან მომხრე რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ 1996 წლის 15 აგვისტოს №114-ФЗ ფედერალური კანონის, „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის პროცედურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
სიაში შედიან ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში და მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართულ საქმიანობაში", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ეს მორიგი მუქარაა რუსეთის მხრიდან და ასეთი სანქციები არაეფექტურია.
„ეს სანქციობანას თამაში სადამდე მივა, არავინ იცის. რუსეთში ევროპელების და სხვების შეუსვლელობა რეალურად რა გავლენას მოახდენს ამა თუ იმ პოლიტიკურ ინდივიდზე, ესეც გაუგებარია, ისევე როგორც ევროპელების სანქციების 20 პაკეტი, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალზე არ მოქმედებს.
ასეთი მუქარები და სანქციები გაგრძელდება. როგორც ყოველთვის, მედვედევი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ემუქრება და ხშირად ისმის, რომ სადაც უკრაინული დრონები მზადდება, იქ დაარტყამენ. როგორ მოხდება, ესეც გაუგებარია.
ასე რომ, ეს ყველაფერი მუქარაა, რომელიც საბოლოოდ რაღაც შედეგზე გავა. ბოლო დროს, გლობალურ პოლიტიკაში დიდი აურზაურია, რაც პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, რადგან ეს უწინარესად ეკონომიკურ ინტერესებში არ შედის",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



