ნატალია ჯვარიძე
(27.04.2026)

„აქსიოს" ინფორმაციით, ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი სამშვიდობო წინადადება წარუდგინა. შეთავაზება აშშ-ს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა და ის ძირითადად ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული კრიზისისა და აშშ-ის ბლოკადის მოხსნაზეა ორიენტირებული.

ძირითადი პუნქტებია - ჰორმუზის სრუტის გახსნა, ომის დასრულება და ბირთვული მოლაპარაკებების გადადება. ანუ, ამ წინადადების თანახმად, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ მოგვიანებით, სრუტის გახსნისა და ბლოკადის მოხსნის შემდეგ უნდა დაიწყოს.

საკითხთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და ირანის ხელმძღვანელობა ორადაა გაყოფილი იმის თაობაზე, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ, ამიტომ ირანული წინადადება ბირთვული საკითხისთვის გვერდის ავლისა და შეთანხმების უფრო სწრაფად მიღწევის საშუალებას იძლევა.

თუმცა, Axios წერს, რომ ბლოკადის მოხსნა და ომის შეწყვეტა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გავლენის ბერკეტებს ართმევს სამომავლოდ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

„მე მგონია, რომ კომპრომისი შესაძლებელია, რადგან, რა თქმა უნდა, ირანს ჰორმუზის სრუტის დიდ ხნით ჩაკეტვა არ აწყობს. ის ყოველდღიურად ნავთობის ექსპორტის შედეგად, 500 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებდა. ამიტომ ეს მდგომარეობა მისთვის წამგებიანია. ამასთან, ირანის ეროვნული ვალუტა ომამდე დაცემული იყო და ახლა მითუმეტეს, დავარდნილია.

გარდა ამისა, ამერიკელებსაც უნდა სურდეთ ომის დასრულება. ოღონდ მათ თავიანთი მოთხოვნები ექნებათ, მაგალითად ის, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას. დონალდ ტრამპი ისე წარმოაჩენს, რომ ამერიკამ გაიმარჯვა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ომის დასრულების ინტერესი ორივე მხარეს აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაც კომპრომისს მიაღწევენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე