
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი დაიბარა. შეხვედრა ცერემონიების სასახლეში შედგა - მიზეზი პაველ ჰერჩინსკის ბოლო განცხადება გახდა, რაც მმართველ პარტიას მიუღებლად მიაჩნია და ფიქრობს, რომ მუქარისშემცველი აქცენტები ჰქონდა დასმული ელჩს დიპლომატიურ კონტექსტში.
შეხვედრიდან გამოსულმა პაველ ჰერჩინსკიმ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა, თუმცა, მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია. ბოჭორიშვილმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ "არანაირი რეპრესიები და მტრული რიტორიკა არ არსებობს" და "არ გვჭირდება საზოგადოების პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება".
ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, რომ ბოჭორიშვილსა და ჰერჩინსკის შორის "შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ".
"ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.
"ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს",- წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
23 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, "ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს".
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის".
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი" ავრცელებს.
რა სიგნალია ელჩის დაბარება ევროკავშირისთვის
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაბარებები ევროკავშირისთვის რუტინად იქცა და შეგუებულები არიან.
"ეს საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე ტრადიციად იქცა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და დიპლომატებისგან ნებისმიერი კრიტიკული განცხადება იმით მთავრდება, რომ შემდეგ ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ. ეს სამწუხაროდ რუტინად იქცა, რასაც ყველა შეეგუა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში არაფერს არ ცვლის.
- კორნელი კაკაჩია: "ხომ არაა ორმაგი სტანდარტები - რატომ არ ხდება იგივე სხვა ელჩებთან დაკავშირებით... მაგალითად ირანის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადება, სადაც ხელისუფლებამ თავი შეიკავა და შემდეგ საგარეოში თვითონ ელჩი მივიდა"
"ძალიან ბევრი კითხულობს, თუ რატომ არ ხდება იგივე სხვა ქვეყების ელჩებთან დაკავშირებით, მაგალითად მოყვანილია ირანის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადება, სადაც ხელისუფლებამ თავი შეიკავა და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში თვითონ ელჩი მივიდა. ბევრი შეკითხვა იბადება - ხომ არ არსებობს ორმაგი სტანდარტები, თუ ხელისუფლება როგორ ექცევა დასავლეთის წარმომადგენლებს და დანარჩენ ქვეყნებს.
"ხელისუფლება ცდილობს, რომ ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ნაკლებადკრიტიკული გახდეს, მაგრამ ეს თვითონ ევროკავშირის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია. ფორმალურად საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს ამას, აქედან გამომდინარე, ბრიუსელსა და თბილისს შორის ტოქსიკური ურთიერთობაა",- განაცხადა კაკაჩიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური ნაბიჯია.
"ეს კიდევ ერთი ლოგიკური ნაბიჯია იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ეს ენჯეო არაა, რომელსაც გრანტები აქვს აღებული და ვალდებულია დავალება შეასრულოს, როგორც ადრე იყო. არამედ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და კვლავაც დაიცავს.
"ელჩს აუხსნიდნენ, რომ მსგავსი განცხადება ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ აღქმულია, როგორც ერთგვარი მუქარა",- განაცხადა მამრაძემ.
რა საპასუხო ზომები მოჰყვება
როგორც კორნელი კაკაჩია გვეუბნება, ნაკლებსავარაუდოა, რომ ელჩის დაბარებას სერიოზული ზომები მოჰყვეს, მაგრამ ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ უწყობს.
"არ მგონია ამის გამო რაღაც სერიოზული ზომები მოჰყვეს ევროკავშირისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დაბარებები მთლიანებაში ურთიერთობის გაჯანსაღებას ხელს არ უწყობს. მოჰყვება თუ არა ელჩის დაბარებას ევროკავშირისგან რაიმე განცხადება, ამაზე საუბარი წინასწარ ცოტა რთულია გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად უცნობია რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ამაზე ბრიუსელში",- განაცხადა კაკაჩიამ.
პეტრე მამრძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან განცხადების დონეზე პასუხი იქნება.
"განცხადება ევროკავშირის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება. ჰერჩისკის განცხადება შინაარსითაც და მიზნითაც ნამდვილი მუქარაა, მაგრამ დიპლომატიური ფორმით გააკეთა, ამიტომ ყოველთვის შეიძლება ევროკავშირიდან თქვან - ვაკვირდებოთ პროტესტებს, ამდენი დაპატიმრებული ადამიანია, იყო პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და ა.შ. რასაც ხელისუფლებას აბრალებენ და შესაბამისად, როგორც საქართველოს ხალხის მეგობრებს არ გვინდა, რომ ეს სხვა ფორმებში გადაიზარდის და საუკეთესო სურვილები გვაქვსო. დიპლომატებს ყოველთვის აქვთ განცხადებებში უკანდასახევი გზა.
- პეტრე მამრაძე: "ელჩს აუხსნიდნენ, რომ მსგავსი განცხადება ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ აღქმულია, როგორც ერთგვარი მუქარა"
"ნაკლებად ვფიქრობ, რომ ვთქვათ იქ ჩვენი ელჩი დაიბარონ და მას განუმარტონ, ანდა, ახლა ჰერჩინსკი ბრიუსელში კონსულტაციისთვის გამოიძახონ. ტელეფონითაც შეიძლება ყველაფრის თქმა და ინფორმაციის მიწოდება პრობლემა არაა, მაგრამ გამოძიება, ესაც დიპლომატიური სიგნალია",-განაცხადა მამრაძემ.
ბოჭორიშვილის კომენტარი
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "არ გვჭირდება საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა" და "ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო".
კითხვაზე, მოისმინა თუ არა განმარტება პაველ ჰერჩინსკისგან საკუთარ განცხადებაზე, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ „როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს".
"არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს ერთი. თუ ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, მაშინ კანონი არის ყველასთვის კანონი. მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, არსებობს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციები უსამართლო დამოკიდებულებასთან.
"არსებობს განცხადებები და რეაქციები, სამართლიანი რეაქციები, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან. ახლა რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას",- ამბობს ბოჭორიშვილი.
კითხვას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს და მასზე საქართველოს საგარეო უწყების დამოკიდებულებას შეეხებოდა, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ "დიალოგი ყველა ელჩთან არის, ვისთანაც ამის საჭიროება დგება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



