
თუ არჩევნებში შესვლას აზრი არა აქვს, მაშინ რას აქვს აზრი - დამხობას?! ამ „დამხობის“ სცენარი სუს-სა და „ოცნების“ ოფისებშია დაწერილი, ოპოზიციაში ჩანერგილები თუ სასარგებლო იდიოტები კი “ოცნებას“ ფეიკდამხობის სცენარის განხორციელებაში დაეხმარნენ - ზუსტად ბოიკოტისტები ეხმარებოდნენ “ოცნებას“, რომ არჩევნების ისედაც დაზიანებული იდეა, გაენადგურებინათ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის ინფორმაციით, მათი პოლიტიკური გაერთიანება 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე “ოპოზიციურ ალიანსთან ერთად არ დადგება“.
ბუჩუკურმა ოპოზიციის შეცდომებზე ისაუბრა და როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ოცნების“ პარლამენტში მარტო დატოვება შეცდომა იყო. მისივე თქმით, ოპოზიცია “ოცნების“ პროპაგანდასთან დამარცხდა, რაც ოპოზიციის შეცდომითვე იყო გამოწვეული.
ბუჩუკურის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციის და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყოს და პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ორიენტირებულია იმისკენ, რომ “ოცნებას“ მოსწყვიტოს ამომრჩეველი, რომელსაც ის არ იმსახურებს“.
“ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან მომისმენია, რომ “ოცნების“ ამომრჩეველთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. აბა, როგორ აპირებენ ივანიშვილის დამარცხებას? თუ ადამიანი საკუთარ „ბაბლში“ ჩაიკეტება, ვერ განვითარდება. სამწუხაროდ, ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილს ეს დაემართა. “ფეისბუქის“ „ბაბლით“ რეალობას ვერ გაიგებ. “ფეისბუქის“ განწყობები რეალობაში არ უნდა შეგვეშალოს. აცდენა ძალიან დიდია.
აუცილებელია, რომ ოპოზიციის და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყოს. ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ “ოცნების“ ამომრჩეველთან სამუშაოა და ჩვენ ამ ხალხთან ლაპარაკის უნარი და გამოცდილება გვაქვს. დღეს “ოცნებას“ იმაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე ის ამას იმსახურებს. გასაგებია, რომ მისი ამომრჩეველი 54% არ არის, მაგრამ “ოცნება“ არც 30%-35%-იან მხარდაჭერას იმსახურებს.
დღეს “ოცნება“ მათ შორის ოპოზიციის სისუსტეზე დგას და ამაში ოპოზიციის წვლილი ძალიან დიდია.
ოპოზიციურ ალიანსს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ რეგიონებში სიარულს 10 მაისიდან რომ იწყებენ, მანამდე რას შვრებიან - ბოიკოტში იყვნენ? ან მერე რას აპირებენ?
26 მაისი ნაცვლად იმისა, რომ გამაერთიანებელი დღე იყოს, სიმბოლური თარიღები საზოგადოების გასახლეჩად და კიდევ უფრო დასაპირისპირებლად გამოიყენება. ეს დაპირისპირება საკმარისია და ვინც ამას ხელს უწყობს როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, პირადად ჩემთვის მისაღები არასდროს არ იქნება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურის შეფასებით, “ოცნება“, რომელიც ცდილობს, რომ ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაზე ექსკლუზივი ჰქონდეს, ქვეყანას ფსიქოლოგიური ტერორით მართავს.
“დღეს, როდესაც მსოფლიოში არის ტურბულენტური ვითარება, ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორებს ვიმატებდეთ და არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად ვამყარებდეთ, “ოცნება“ მიზანმიმართულად ქვეყნის იზოლირებას ახდენს და ქვეყანას უფრო მოწყვლად ვითარებაში აგდებს. მეგობრებს შეგნებულად ვკარგავთ. ამ პირობებში იზოლირებული საქართველო კიდევ უფრო მეტი საფრთხის და რისკის წინაშე დგას. ქვეყნის 20% ოკუპირებულია და სამწუხაროდ, მეზობელი გვყავს ის, ვინც გვყავს.
საქართველო თუნდაც ხუთი წლის წინ რეგიონში საამაყო პარტნიორი ქვეყანა იყო. განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანას გამოწვევები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ თითით საჩვენებელი სახელმწიფო ვიყავით და შეხედეთ, დღეს ხუთი წლის თავზე, სად ვართ...
“ოცნება“ ცდილობს შეგვაჩვიოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ჩემს ხელში ხართ: - გაწვალებთ, გცემთ ისე, რომ არავის დავსჯი, უკანონობას ჩავიდენ და მერე ჩემზე იქნება დამოკიდებული, როცა მინდა შეგიწყალებ, როცა მინდა არ შეგიწყალებ, როცა მინდა ჯარიმას მოგიხსნი, როცა არ მინდა, არ მოგიხსნი. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორია. ჯარიმების ამნისტიის საკითხს რომ თავი დავანებოთ, თავად ეს ჯარიმები უკავშირდება იმას, რომ ადამიანებს ჯარიმები ტროტუარზე დგომის გამო დააკისრეს. აი, ამ პირობებში ვცხოვრობთ, რომ “ოცნებას“, რომელიც ქრისტიანულ და ოჯახურ ღირებულებებზე ლაპარაკობს, მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანები ჯარიმებისგან გაათავისუფლოს, მაგრამ ისევ გონორით, ამბობენ: - მოინანონ, ბოდიში მოიხადონ და ამ დამოკიდებულებას აგრესიულად გამოხატავენ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკური “ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. ბუჩუკური მიიჩნევს, რომ BBC-ის მიმართ შედგენილ სარჩელს პროპაგანდისტული დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, იქ სადაც დემოკრატიაა და კანონი კანონობს, “ოცნების“ მსგავსი სისტემები აბსოლუტურად უსუსურია.
“შალვა პაპუაშვილი გაოცებულია, რადგან დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძე ვერ იპოვეს. “ოცნება“ უძლურია იქ, სადაც მართლა სამართალია და კანონი და კანონის უზენაესობა მუშაობს.
ისტერიული რეაქცია და რეაგირება მათ უსუსურობას ნიშნავს. იქ სადაც კანონი - კანონია, კონსტიტუცია - კონსტიტუციაა და დემოკრატია დემოკრატიაა, ასეთ სისტემებში “ოცნების“ მსგავსი სისტემები არის აბსოლუტურად უსუსური.
“ოცნება“ სარჩელს დიდი ალბათობით პროპაგანდისთვის წერს. ის, რაც “ოცნებას“ კარგად გამოსდის არის ტყუილების ტირაჟირება და შესაძლებელია, რომ სარჩელი ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



