
სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე და აფხაზეთის საზღვართან ახლოს, სოფელ ყულევთან საფრენი აპარატის ფრაგმენტებია აღმოჩენილი. ერთი ვერსიით, ეს არის რუსული სამხედრო ტიპის დრონი, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო შავ ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ყულევთან გამორიყა. ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს უკრაინული დრონი იყოს.
ამ ინციდენტზე შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში ანალიტიკურ გვერდ „უორლდ მილიტარიზე" გავრცელა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის რუსული „გერბერას" ტიპის დრონი, რომელიც სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების იყო და შავ ზღვაში ჩავარდნის შემდეგ დინებამ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოიტანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ეს რომელიმე საფრენი აპარატურის ფრაგმენტი. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.
- ვახტანგ მაისაია: „უფრო რუსული „შაჰედის" ტიპის დრონს ჰგავს. გამორიცხული არ არის ზღვიდან იყოს შემოსული. აქამდე ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოგდებული დრონები თურქეთამდეც კი მისულან."
აღსანიშნავია ისიც, რომ ყულევი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაციაა. აქ არის ნავთობის ტერმინალი და ასევე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ამის გარდა, ყულევი არც ისე შორსაა ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, 26 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა და მას მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი უწევდა მეგზურობას.
- მამუკა არეშიძე: „რთულია სათქმელია რა შეიძლება იყოს... მართალი გითხრათ, უფრო უკრაინული დრონი მგონია".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტექნიკურ გაუმართაობაზე.
„მე რაც ვნახე, ეს უფრო რუსული „შაჰედის" ტიპის დრონს ჰგავს. გამორიცხული არ არის ზღვიდან იყოს შემოსული. აქამდე ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოგდებული დრონები თურქეთამდეც კი მისულან. რუსები უკრაინულ დრონებს ანადგურებენ თავიანთი დრონებით. ახლა საერთოდ ახალი ტიპის დრონები გამოიგონეს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი უცხო დრონის ჩაჭიდებასა და ჩამოგდებას ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ეს რუსული დრონი იყოს.
„მეორე ვარიანტია, ოდესაზე იერისში მიტანის დროს ჩამოვარდა და ზღვამ გამორიყა. ან როცა უკრაინელებმა სოჭსა და კრასნოდარში განახორციელეს თავდასხმა, რუსებმა კონტრშეტევა მოახდინეს - ანუ დრონები, დრონების სააწინააღმდეგოდ და ეს ჩამოვარდა.
„ეს რომ ყოფილიყო მიზანმიმართული, მაშინ ცოტა სხვა შედეგი დადგებოდა - აფეთქება, ან სხვა რამ. რადგანაც ეს არ მოხდა, ესე იგი ეს დრონი სხვა სივრცეში გამოიყენეს და ზღვის ნაკადმა ჩვენს ტერიტორიამდე მოაღწია. ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც იყო დაფიქსირებული - ბულგარეთში, თურქეთში და ა.შ. ეს საქართველოს არ ეხება.
„სხვათა შორის, რუსებს ახლა სერიოზული პრობლემა აქვთ. ტექნიკური გაუმართაობის გამო სამი თვითმფრინავი ჩამოუვარდათ კრასნოდარისა და ოკუპირებული ყირიმის მიდამოებში. ეს ტექნიკური ხარვეზები მეოთხი თაობის შეიარაღებაზე აქვთ და დრონების ჩამოვარდნა ამავე მიზეზით სავსებით ლოგიკურია. შეიძლება საერთოდ უკრაინის მიმართულებით გაუშვეს და ამ მიზეზით ჩამოვარდა ზღვაში. ჩვენთან დაკავშირებული რომ არ არის, შემიძლია ზუსტად გითხრათ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშაძე კი ამბობს:
„რთულია სათქმელია, რა შეიძლება იყოს ეს, თუმცა დღეს, რეგიონი ისეთ მართვად ქაოსურ ვითარებაშია, ყველაფერი შესაძლებელია. ალბათ რუსული, ან უკრაინული დრონია, არც ერთია გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, სხვა ვერც კი წარმომიდგენია. მართალი გითხრათ, უფრო უკრაინული დრონი მგონია".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



