
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული, იური ლომიძე ამბობს, რომ მისი მიზანი 4 ოქტომბრის აქციაზე არც პოლიციელების და არც სხვისი ცემა არ იყო.
"ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, მერე პოლიციას ჩაარტყამდა და შემდეგ გადააგდებდა - ეს გამორიცხულია"- თქვა ბრალდებულმა.
დღევანდელ პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან ნაწილის, 13 პირის საქმე განიხილება.
ბრალდების მხარემ ვიდეო-მტკიცებულებები მიიტანა, მათივე მტკიცებით, კადრებში ჩანს," როგორ იქნევს დროშის ტარს იური ლომიძე და ურტყამს პოლიციელს".
იური ლომიძემ ამ ბრალდების საპაუხოდ თქვა, რომ ვიდეოკადრში წარმოდგენილი პირი თვითონ არ არის. მისი თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კადრები მისთვის შეურაცხმყოფელია.
"ბატონი პროკურორის მიერ წარმოდგენილი კადრები, რაც არის - მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ადამიანს, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიმსახურია საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში, საკმარისი შეურაცხყოფა მომაყენა თუნდაც იმ ბრუტალური დაკავებით და ვფიქრობ, რომ მეყო ეს შეურაცხყოფაც, რაც ჩაატარა საგამოძიებო სისტემამ. ამ კადრის გამოტანა შეურაცხმყოფელია ჩემთვის. მინიმუმ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ პროკურატურამ დადოს ისეთი დასკვნა, ამით შინაგანი განცდა მაინც გამიჩნდეს და ვთქვა, რომ ეს მე ვარ.
მეც კი ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ის ადამიანი ვიყო. მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, მერე პოლიციას ჩაარტყამდა და შემდეგ გადააგდებდა. ეს გამორიცხულია. ნივთი, რომელიც აქციაზე მიმქონდა, მერე სულ თან მქონდა...
ჩემი მიზანი იმ აქციაზე არც პოლიციელების და არც სხვისი ცემა არ იყო. ამიტომ, გიმეორებ, მინიმუმ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ ისეთი მტკიცებულება მაინც იყოს სასამართლოში წარმოდგენილი რომ ვთქვა, ის ადამიანი მე ვიყავი“, - განაცხადა იური ლომიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



