
როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს "ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესის - პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკის დამცველი ერთადერთი ძალაა "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არის არა სისუსტე, არამედ, პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მმართველი გუნდი გააგრძელებს ამ პასუხისმგებლობის ტარებას შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად.
„ამ ცხელმა თავებმა, უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა, ეს არის გონივრული, პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
მშვიდობა არ არის სისუსტე - მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს, თითოეული ქართული ოჯახის მთავარი საფქრალია, ოღონდ აქ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა - ყველას მივმართავ, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ - იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა მახაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



