
მიმაჩნია, რომ სომხეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, რომ არსებული პრობლემები და გამოწვევები დაძლიონ.
„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, რაც ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველო სომეხი ტურისტებისთვის იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი დანიშნულება დასვენებისთვის, საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში, ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში, აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გქონდა საშუალება, გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს.
მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება.
დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება „ტრამპის გზის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“) საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე, მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



