რეზონანსი
(04.03.2026)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ სტივ დეინსსთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები კი არა, არამედ ურთიერთშემავსებელია.

„სენატორ სტივ დეინსსთან შეხვედრამ საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. შეხვედრაზე აღინიშნა იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს, სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში. ხაზი გაესვა, იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები და ალტერნატივა კი არ არის, არამედ ურთიერთშემავსებელია.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ მომავალში აუცილებლად განვითარდება ურთიერთობები და ეს შეხვედრა ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირველ გადადგმულ ნაბიჯად, რომელსაც უნდა მოჰყვეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელმეორედ განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე