
1-ლი მარტის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიმართულებით დარტყმების დამატებითი სერია განახორციელეს, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია, რომ ახალი იერიში მიმართულია ბალისტიკური რაკეტების სისტემებისა და ირანის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო მედიამ თეირანში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
საპასუხოდ, ირანმა დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიასა და ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე. ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 1 მარტის დილით დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰასა (კატარი) და მანამაში (ბაჰრეინი) ახალი აფეთქებები გაისმა.
ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმების ახალი ტალღა აშშ-სა და ისრაელის მასშტაბურ თავდასხმაზე პასუხია, რომლის შედეგადაც უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო რეგიონში არსებული 27 ამერიკული ბაზა, ისრაელის სამხედრო შტაბი და თელ-ავივის თავდაცვის მრეწველობის კომპლექსი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ისრაელსა და აშშ-ზე დარტყმების შემთხვევაში ირანს „აქამდე არნახული ძალით“ უპასუხებს.
აშშ-მა და ისრაელმა ირანს გუშინ დაარტყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



