მარიამ ვეკუა
(27.02.2026)

შრომითი მიგრაციის წესები საქართველოში მკაცრდება - 1 მარტიდან ამოქმედებული ცვლილებები უცხოელთა დასაქმებას ახალ რეგულაციებს უქვემდებარებს და კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები. ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

რა შეიცვალა?

2026 წლის 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად „შრომითი საქმიანობის უფლების" მოპოვება დასჭირდება.

გარდა ამისა, თუ მიგრანტი განაცხადის შევსებისას არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების" მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

უცხოელთათვის შრომითი საქმიანობის უფლების ნებართვებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის კანონით, ბიზნესი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში თუ ვაკანსიაზე, აm დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხოელის დასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს მიგრაციის კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებელის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.

  • თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის ასევე დამსაქმებელის, დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს

საინტერესოა, რომ თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც 1 მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

„ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან , რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის."- ვკითხულობთ დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინოსტროს ოფიციალურ განცხდებაშივე.

არგუმენტები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოა სამივე შტო შეთანხმებულად მოქმედებს.

„მოგეხსენებათ, უკანონო მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად, სწორად სამართავად, იმიტომ რომ, მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სრულად კანონიერად ჩვენს მზარდ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან."

გახარია საქართველოდან გიგა ფარულავა პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, გლობალურ პროცესებთან ერთად, მიგრაციის ზრდას განაპირობებს სახელმწიფო უწყებების არაეფექტური ფუნქციონირება.

  • კირცხალია: „როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად,"

„ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის საკითხი რომ პრობლემაა,(...) ამ პრობლემას ჩვენი მოქალაქეები თვალნათლივ ხედავენ და გრძნობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ მიგრაციაზე, როგორც გლობალურ პროცესზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობაზე მართოს ეს პროცესი ეფექტურად და კანონიერად."-განაცხადა ფარულავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე