
ბრიტანეთის მიერ „იმედისა" და „პოსტივის" დასანქირების შემდეგ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომის მერე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სანქციების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მასთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არც ელჩს გააძევებენ ქვეყნიდან. ევროკავშირთან ურთიერთობების საუბრისას კი თქვა, რომ დიალოგი თავად ევროპამ შეაჩერა, მაგრამ განახლებისთვის მზად არიან.
სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა" და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო.
„მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო...
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.
როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა" და „პოსტვის" სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი "მესიჯბოქსით" დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს", - მიიჩნევს მმართველი პარტია.
პრემიერის კომენტარი
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ელჩი თავად არის ტრაგიკულ ვითარებაში და საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაამძიმოს ეს ვითარება. პრემიერის თქმით, საქართველო დიდ ბრიტანეთთან რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
„ელჩი თვითონ ხომ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შემფასებლის თვალით, მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე, თან ის წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს - ინგლისში წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების, ძირითადი თავისუფლების, ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ არ უნდა დავამძიმოთ ამ მდგომარეობის ტრაგიზმი. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ჩვენ აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, როგორც სახელმწიფო და შესაბამისად ხალხი. იგივე ეხებოდა ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უკრაინას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და ჩვენთვის ძვირფასია ბრიტანელი ხალხი. რაც შეეხება ელჩის დაბარებას, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური დემარშის ფორმა, ამას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმასთან დაკავშირებით თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება- ნული ინფორმაცია, ნული ფაქტები ამასთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ ამ მდგომარეობის ტრაგიკულობაზე," - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირმა ცალმხრივად, თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ისინი ევროკავშირს დიალოგის განახლებას სთავაზობენ".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ერთადერთი ბერკეტი არის ღია და გამჭვირვალე დისკუსია, რაც უნდა განახლდეს".
"ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ამას - ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ მათი გადაწყვეტილების განახლებას. 2024 წლის ივნისში მათ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე. თუ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ, ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რაც მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
"ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. თუ ექნებათ ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით. მთავარია, მათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერიმა კვლავ გარე ჩარევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან.
„ეს რ პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან. პირდაპირ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია, აქაც პირდაპირ ჩანს გარე ჩარევა. თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაშიც არის იგივე პრობლემები, რაც ბრიტანულ ბიუროკრატიაში. ისინი ხედავენ ცოცხალ -მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯისცემა არ ესინჯება საქართველოში ოპოზიციას და ასეთ დროს კოორდინირებულად გადაწყვიტეს, რაღაცები გადმოუგდონ გამოსაცოცხლებლად ოპოზიციას და ამას ემსახურება სანქციები, რომლებიც საერთოდ არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია იმაზე, რომ იქნებ ცოტა მაინც გამოაცოცხლონ აქ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია და იმავეს ემსახურება ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს, პირველ რიგში, ასოცირების შეთანხმებიდან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან და ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. თუ ექნებათ ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით. მთავარია, მათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რას უჩვენებს IPSOS-ის კვლევა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ნდობის რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი კობახიძემ ხუმრობით უპასუხა: „მეშინია დადასტურების, არ დამასანქცირონ".
„ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე. თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ხშირად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსები, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხი გადასაწყვეტი. რეიტინგებიც არის მათი საქმე. შესაბამისად, მე მოვერიდები ამ თემის კომენტირებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



