ნატალია ჯვარიძე
(23.02.2026)

ირანი და აშშ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხუთშაბათს ჟენევაში გამართავენ, - ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს.

„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჟენევაში ხუთშაბათს გაიმართება და შეთანხმების დასრულებისკენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ დადებითი იმპულსი არსებობს", - განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.

მანამდე, როიტერსმა ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა მიანიშნა, რომ მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს სანქციების მოხსნისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ.

როიტერსის წყაროს თქმით, მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ ორი მხარე მკვეთრად განსხვავებულ პოზიციაზე რჩება - თუნდაც აშშ-ის სანქციების შემსუბუქების მასშტაბისა და თანმიმდევრობის საკითხში.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი სერიოზულად განიხილავს ყველაზე გამდიდრებული ურანის ნახევრის საზღვარგარეთ გაგზავნის, დანარჩენის შესუსტებისა და რეგიონული გამდიდრების კონსორციუმის შექმნაში მონაწილეობის კომბინაციის ვარიანტს. მისი განმარტებით, ირანი ამას გააკეთებს აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ეკონომიკური სანქციების მოხსნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშჰადის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში და თეირანის სულ მცირე ორ უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები დაიწყო, რამაც ქუჩებში ახალი შეტაკებები გამოიწვია.

უნივერსიტეტები ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც პროტესტის შიშის გამო დაიხურა. შარიფის უნივერსიტეტში სტუდენტები სკანდირებდნენ „ჯავედ შაჰს", „სანამ მოლა სუდარაში გახვეული არ იქნება, ეს სამშობლო სამშობლო არ გახდება" და „სიკვდილი დიქტატორს". შარიფის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუდენტებს პროტესტის შეჩერებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლება სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში იძულებით დააბრუნებდა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ხუთშაბათს უნდა გაირკვეს ბევრი რამ, რაც გავლენას მოახდენს მთლიანად ჩვენს რეგიონზე.

„სიმართლე გითხრათ, ირანში დაწყებულ პროტესტზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს არ ვფლობ, თუმცა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შესაძლოა უფრო ლოკალური პროტესტი იყოს - დიდს არაფერს შეცვლის. გამორიცხული არ არის პირიქით, ირანის თეოკრატიულ რეჟიმს თავისი მომხრეები გამოჰყავს. ისინი ირანში ყველაფერს აკონტროლებენ.

ირანი აპირებს ამერიკას თავისი გეგმა შესთავაზოს. რა არის ეს გეგმა ნამდვილად არ ვიცი, დააკმაყოფილებს თუ არა აშშ-ს, ესეც საკითხავია. ყველაფერი ხუთშაბათს გაირკვევა, მათ შორის ისიც, როგორ აისახება ეს ჩვენს რეგიონზე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე