რეზონანსი
(09.02.2026)

ფიგურულ ციგურაობაში მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა 56 ქულა დააგროვეს. საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა. გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.

ფინალში თავისუფალ პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 139.70 ქულა დააგროვა, ნიკა ეგაძემ - 154.79, ანასტასია გუბანოვამ - 140.17, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა კი თავისუფალ ცეკვაში 117.82 ქულა.

9 თებერვალს ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველს ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე