
სურსათის ფასების პარალელურად მთავრობა მედიკამენტების ფასის რეგულირებაზე მუშაობას აგრძელებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ფასების კლების ტენდენციაზე ადრეც საუბრობდნენ, გარკვეული ცვლილებაც განხორციელდა, მაგრამ საზოგადოებისათვის ამან გადამწყვეტი შედეგი ვერ გამოღო. ამიტომაც, პრემიერის ინიციატივით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან კონკრეტული შეხვედრა გაიმართა. მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განაცხადებით. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი.
„შეხვედრა იყო სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან. შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
შეხვედრას წინგადადგულ ნაბიჯად აფასებს ჯანდაცვის მინისტრიც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული დისკუსია მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.
„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის და სამართლიანად რეგულირების საკითხს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ის ფაქტი, რომ მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს, თითქმის ყველა თანხმდება და ამის რესურსების არსებობასაც არ გამორიცხავენ. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე არსებობს რესურსი, რომ კორექტირება მოხდეს და მედიკამენტებზე „სამართლიანი ფასი“ დადგინდეს.
„რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
"ავერსის" დამფუძნებლიდ პაატა კურტანიძის განცხადებით, ისინი წარადგენენ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
"ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით და იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს მედიკამენტები, რათა მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა რეალური ნაბიჯები გადაიდგას," - აღნიშნა კურტანიძემ.
საკითხის გააქტიურებას ექსპერტები მიესალმებიან, მაგრამ იქვე ხაზს უსვამენ, რომ უსაფუძვლო ოპტიმიზმი არავის წაადგება. თუ რეალურად ქმედითი ნაბიჯები არ განხორციელდა და ამ მიმართულებით ძლიერი კანონმდებლობა არ შეიქმნა, მოსახლეობისთვის სასურველი შედეგი ვერ დადგება.
,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელმა მარინა ბერაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მედიკამენტების ღირებულება საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხია და თუ იქნება პოლიტიკური ნება, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. წლების განმავლობაში განმტკიცებული მახინჯი სისტემის მოშლა კი რთულია.
,,უსაფუძვლო ოპტიმიზმი არავის წაგვადგება. საყურადღებო ამ შეხვედრიდან იყო პრემიერის განცხადება. მან თქვა, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს. მედიკამენტებზე ფასის დაწევის ერთ-ერთი ბერკეტი სწორედ ძლიერი საკანონმდებლო ბაზაა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, თუ იქნება პოლიტიკური ნება გმოსწორება ყველაფრის შეიძლება. წლების განმავლობაში განმტკიცებული მახინჯი სისტემის მოშლა ნამდვილად რთულია. თუ კანონში შევა ისეთი ცვლილებები, რომელიც დაკავშირებული იქნება გაძვირების მიზეზ-შედეგობრივ კავშირთან, კარგი იქნება.
არ შეიძლება სახელმწიფო დამოკიდებული იყოს მხოლოდ კერძო სტრუქტურებზე. დღეს არსებული ფარმაცევტული სამსახურები ყველა კერძოა, რომელსაც თავიანთი სადაზღვევო სისტემა და კერძო კლინიკები აქვთ. სწორედ ეს ქმნის არასწორ მიდგომას. მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არაა. ამან მოიტანა ის, რომ ექიმი, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს, დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი წამალი გამოწეროს.
ჩვენთან ჩამოყალიბებული და განმტკიცებულია ის სისტემა, რომ ყველაფერი ერთადაა. ამის დაშლის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. ეს კი უნდა გააკეთოს კანონმა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია როგორი იქნება სტრატეგია", - განუცხადა ,,რეზონანსს" მარინა ბერაძემ.
მისი მოსაზრებით, ფასების რეგულირების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ხელშეწყობა და რაც მთავარია, ბიზნესმა სასათბურე პირობები უნდა დათმოს.
,,ფასმა რომ დიწიოს და შემომტან კომპანიებს დავავალონ, არ შემოიტანენ. ამის მაგალითი უკვე გვქონდა. ამიტომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი და ალტერნატივა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ფარმაცია მხოლოდ ბიზნესი არაა. ამიტომაც აუცილებებლია ადგილობრივ წარმოებას შევუწყოთ ხელი. გვყავდეს იმპორტიორი ქვეყნები და ერთზე არ ვიყოთ დამოკიდებული, არსებობდეს ალტერნატივა და აუცილებლად შევუწყოთ ხელი ჩვენი ტრადიციული მედიცინის განვითარებას.
თუ ამ განხილვების დროს ყველა მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება არ მიექცა და მხოლოდ ბიზნესზე ვისაუბრებთ, მაშინ კვლავ არასწორი მიმართულებით წავალთ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ფასის დაწევა კვლავ დროებითი იქნება, რაღაც მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნება და უნდა შემოიტანენ, უნდა - არა.
ბიზნესმა სასათბურე პირობები უნდა დათმოს. თუ არსებული სისტემა ამ ფორმითვე დარჩება, შედეგამდე ვერ მივალთ. სააფთიაქო, სამედიცინო და სადაზღვევო ჯაჭვი თუ შენარჩუნდა შედეგამდე ვერ მივალთ. ისევ იმავე წრეზე ვიტრიალებთ, რაც გვაქვს. ამითი ზარალდება თითოეული ჩვენთაგანი. სახელმწიფოს მხრიდან დიდძალი ფული იხარჯება ჯანდაცვაში და სწორი მიდგომა თუ არ შეიქმნა, ჩადებული სახსრები, უბრალოდ, გადაყრილია. ალბათ მოვიდა დრო იმისა, რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი", - განაცხადა "რეზონანსთან" მარინა ბერაძემ.
წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ექსპერტი თინა ტურძილაძე კი აცხადებს, რომ კომპეტენტური ორგანმოების მხრიდან საფუძლიანად უნდა მოხდეს იმის შესწავლა თუ რამ განაპირობა ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების არსებობა.
,,საქართველოში მოქმედი ფასების ერეფერირების ალგორითმი ადგენს მაქსიმალურ ზღვრულ და არა ფიქსირებულ ფასებს. ეს მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ მედიკამენტებს ჰქონდეს სხვადასხვა ფასი. ის, რომ ბიზნესმა ყველა ჯენერიკს მაქსიმალური ღირებულება დაუდგინა, ეს შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ეს მოხდა იმიტომ რომ ბიზნესი სოციალურად უაპასუხისმგებლოდ მოიქცა და ყველა შემოტანილი მედიკამენტი, იაფი თუ ძვირი ასწია მაქსიმალურ დონემდე, თუ იძულებული გახადა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა? ზოგადად, "ფასების ლუფტი" გათვალისწინებულია ქართული რეფერირების მოდელით. სწორია, რომ ეს პრობლემა სისტემურად მოგვარდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დაიწია ფასებმა, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა. ეს იმიტომ ხდება, რომ არ გაფართოვდა დაფინანსება. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს დაზღვევა, სახელმწიფოს შეზღუდული აქვს მედიკამენტების რაოდენობა და ამიტომაც ვერ იგრძნეს ადამიანებმა სიკეთე.
ზოგადად, წამლები, მასზე ხელმისაწვდომობა და რეგულირება რთული თემაა. აქ ბიზნესთან პარტნიორობა აუცილებელია. მან უნდა იცოდეს თამაშის წესები.
რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ვფიქრობ, ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენს შემთხვევაში ამას ეკონომიკისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე წამლებზე ხელმისაწვდომობისთვის. ამ გზით წამლებზე ფასის კლება, ვფიქრობ ილუზიაა. ტრანსნაციონალურ კომპანიებს უფრო მეტი საშუალება აქვთ ბევრად იაფად გაყიდონ მედიკამენტები, ვიდრე ჩვენს მწარმოებლებს.
საერთაშორისო ბაზარზე არსებობს ფარმაცევტული ბაზრის წესები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იგივე სახით უნდა იყოს გადმოტანილი ჩვენთანაც. წინაარმდეგ შემთხვევაში, შემოვა ბევრი ფალსიფიცირებული მედიკამენტი, რომლებიც იაფიც იქნება და ხელმისაწვდდომიც", - განუცხადა "რეზონანსს" თინა ტურძილაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



