
მეორადი საბურავების უტილიზაციის საკითხი კვლავ გამოწვევაა, რასაც რეგულაციითაც ვერ აგვარებენ. დიდი ცდელობის მიუხედავად, ნარჩენი საბურავების გადამუშავება ვერ ხერხდება, რაც, თავის მხრივ, ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას აფერხებს და ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.
როფორც ცნობილია, იანვრიდან დედაქალაქის მასშტაბით არსებული მეორადი საბურავებისა და ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან რეალიზაციის ახალი წესები ამოქმედდა. ბიზნესის კანონის გამკაცრებას პროტესტით შეხვდა. თუმცა, ფაქტია რომ ამ კუთხით დედაქალაქში არსებული პრობლემები თვალშისაცემია. თბილისის სხვადასხვა უბანში უხვად ვაწყდებით გამოუსადეგარ საბურავებს, რომელიც თავის მხრივ გარემოსაც აბინძურებს და ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.
1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. კანონის დარღვევა 2500 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.
მეორადი საბურავების რეალიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე და მასთან დაკავშირებული ახალი კანონის ამოქმედებაზე საუბრობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე.
„სად მიდის მეორადი საბურავები? ეს პრობლემა, პრობლემად რჩება. მე ახალი საბურავი ვიყიდე, ძველი ვიღაცას გავატანე, არ დავიტოვე, ის სად გადაყრის ვინმემ იცის?! ელემენტარულად, მეორადი საბურავების გადამუშავების წარმოება არ გაქვს.
ერთია ის, რომ სახელმწიფო ითხოვს რაღაცას და ამის აღსრულების მექანიზმი და ბერკეტი არ გაგაჩნია. მაშინ ჩემგან როგორ ითხოვ ამას?! რაღაცას სთხოვ მოქალაქეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს შენ თვითონ არ გაქვს დალაგებული. სახელმწიფომ თვითონ უნდა აჩვენოს მაგალითი, რომ მე მერე ვუთხრა, კი ბატონო, შენ ყველაფერს აკეთებ და მეც მოგყვები.
მოდით ამ თემაზე [თუ სად მიდის მეორადი საბურავები] თავად ისაუბრონ პროფილურმა ორგანიზაციებმა, ვისაც ეს ეხება. არ მინდა არაკომპეტენტურად, გადაუმოწმებლად, რა ინფორმაციაც მივიღეთ, ის გავაჟღერო. არაკოლეგიალური იქნება“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ნარჩენების მართვის მართვის კუთხით რამდენიმე საწარმო შეიქმნა. ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა ქვეყანაში არსებული ნარჩენების რეალიზაციისთვის ეს ძალიან მწირია. ამიტომაც სახელმწიფოს მხრიდან მეტ თანადგომასა და მხარდაჭერას ითხოვენ.
კომპანია ,,თიერსი"-ს დამფუძნებელმა ზურა ბაზღაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გაცნახადა, რომ საწარმო გახსნის დღიდან სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ გადამუშავება ვერ მიჰყვება ამოღებას. ამიტომაც ბიზნესი, განვითარების მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მეტ მხარდაჭერასა და დახმარებას მოითხოვს.
,,მართალია, ნარჩენი საბურავების გადამუშავებას ვახერხებთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელიც ჩვენს განვითარებას ხელს უშლის. ,,იუვესაიდის" პროგრამა ნარჩენების მართვის კუთხით, წელიწადში 15 მილიონი ლარის გრანტს გასცემდა და მისი ნაწილი ჩვენს განვითარებას ხმარდებოდა. სამწუხაროდ, პროგრამა შეწყდა. ამიტომაც, ვცდილობთ სხვა პარტნიორები შემოვიყვანოთ და გავაფართოვოთ ქარხანა. რამდენად გამოგვივა, ვერ ვიტყვი. ამჯერად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თუ შედეგი დადგება, თბილისის შემოსასვლელში ნარჩენების გადასამუშავებელი ახალი მძლავრი ქარხანა გაკეთდება.
ამ ეტაპისთვის, 50-55%-ის ფარგლებში ვაგროვებთ ნარჩენებს. გადამუშავების შედეგად მიღებული გრანულები ძირითადად სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, სარბენი ბილიკების, მოედნების მოსაწყობად გამოდგება. გარდა ამისა, მიიღება ფხვნილი, რომელიც რეზინის წამოებაში გამოიყენება და საქართველოშიც ხმარობენ შავი რეზინის მილების, ფეხსაცმლის ძირებისა და ტუმბოების წამოებაში. ამიტომაც ნარჩენი საბურავების გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით სხვადასხვა ნედლეული წარმოიქმნება.
რაც შეეხება ძველი საბურავების ამოღებას, ამ კუთხით, ბევრი სირთულეა. სამწუხაროდ, გადამუშავება ვერ მიჰყვება ამოღებას. ამიტომაც, ამ ბიზნესის განსავითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და სპეციფიური მიდგომა რომ იყოს, კარგი იქნებოდა. ჩვენთან ეხლა ვითარდება და ფეხს იკიდებს ეს სფერო და ჭიდაობა გვიწევს ისეთ ქვეყნებთან, სადაც ამ კუთხით დიდი ხანია საწარმოები შეიქმნა. ან მოგების გადასახადმა უნდა დაწიოს, ან დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს, რომ სფერო სწრაფად განვითარდეს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ზურა ბაზღაძემ.
ნარჩენი საბურავების გადამუშავებაზე და ამ კუთხით მიღებულ სარგებელზე საუბრობს ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი. მისი ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 12 ათას ტონამდე ნარჩენი საბურავია ამოღებული.
,,ბოლო წლებში საქართველოში ნარჩენი საბურავების ნაწილის რეციკლირება ხდება. შედეგად კი მიიღება გრანული, ფხვნილი, სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მართალია მწირი რაოდენობით, მაგრამ ასეთი საწარმოები გვაქვს. ამიტომაც აღნიშნული მასალის გარკვეული ნაწილი თურქეთში, ექსპორტზე გადის.
რაც შეეხება ამოღებას. ჩვენ გასულ წელს 3800 ტონამდე ნარჩენი საბურავი შევაგროვეთ, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, გადაჭარბებაა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 12 ათას ტონამდე ნარჩენი საბურავია ამოღებული. ასეთი სისტემური პროცესი დაახლოებით 3 წელია მიმდინარეობს. გეგმა ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. მართალია, ქვეყანაში ნარჩენები კვლავაც დიდი რაოდენობითაა, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში მისი შეგროვება არ ხდებოდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმე ეხება არა მარტო საბურავებს, არამედ ნარჩენ აკუმლატორებს, ზეთებს, ელემენტებს, ბატარეებს და ა.შ. ამიტომაც, ვფიქრობ, შეგროვება-აამოღების პროცესი ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", -განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს" მთვრალაშვილმა.
გამოუყენებელი საბურავების უტილიზაციაზე და ამ კუთხით არსებული სირთულეების მოგვარებაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე. მისი შეგასებით, პრობლემების მოგვარება აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ბიზნესის შევიწროების ხარჯზე. მათ უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, რომ ალტერნატიული გზა გამონახონ და არ დაზარალდნენ.
,,საბურავები უნდა განთავსდეს სტანდართით გათვალისწინებულ ადგილებში. ამიტომაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება აუცილებელია. ამ შემთხვევაში არ ვიცი იყო თუ არა კომუნიკაცია კონკრეტულ მეწარმეებთან, გააფრთხილეს და გონივრული ვადა მისცეს თუ არა. არ ვიცი ამ ადამიანებს ინფორმაცია რამდენად მიეწოდა.
მარტივად რომ ვთქვათ, საბურავების მაღაზიები არ უნდა იყოს კორპუსის ქვემოთ, რადგან აალების შემთხვევაში მთელ კორპუსს შეიძლება საფრთხე შეექმნას. მოსაგვარებელია ეს საკითხები, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ბიზნესი დაზარალდეს და როგორც იტყვიან, ,,ჯოხი" მეწარმეზე არ გადატყდეს", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯაფარიძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან რეალიზაციის წესები პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



