„იმედია, მთავრობა პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება და ქსელურ მარკეტებს კანონის ძალით აიძულებს, დასწიონ გადასახადები“
ქეთო გოგოხია
(26.01.2026)

ადგილობრივ პროდუქციაზე მაღალი ფასი უმეტესწილად  ქსელური მარკეტების საფასო პოლიტიკის გამოა. ყოველ შემთხვევაში, ბიზნესი ასე ფიქრობს. მთავრობის წარმომადგენლებისა და მეწარმეების შეხვედრამ ეს პრობლემა სააშკარაოზე გამოიტანა და მწარმოებლები აალაპარაკა იმ რთულ პირობებზე, რის გამოც ისინი წარმოებული პროდუქციის სუპერმარკეტების დახლებზე განთავსებას ვერ ახერხებენ.

გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში.

„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მეწარმეებთან შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგან ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ქართულ ქსელებში შესვლის ზრდის შესაძლებლობა გამოიკვეთა.

„გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ წარმოებას. ერთის მხრივ, საჭიროა გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, უნდა მოხდეს ფასთა კლება, რაც ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენს მოქალაქეებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თავის მხრივ, ბიზნესს შესაძლებლობა მიეცა მთავრობის წევრებთან პირისპირ ესაუბრა ქსელებში არსებულ პრობლემაზე, მათი მოგების მაღალ მარჟაზე, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ფასდაკლების შესაძლებლობას მოკლებული იყო. კომპანია „ფრიქსის“ კომერციული დირექტორის ირაკლი ქურდაძის განცხადებით, აუცილებელია საცალო ქსელების მარჟის გადახედვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქსელების მოგებიანობა გაორმაგებულია. 

„უნდა მოხდეს მარჟის გადახედვა. მათი მოგებიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა, ისე როგორც დისტრიბუტორებმა, მაქსიმალური ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, ახლა ქსელების ჯერია, რომ გადახედონ მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს, ეს კი ფასების კლებას გამოიწვევს. მათი „ქეშბექი“ 20%-დან 45%-მდეა გაზრდილი. ეს იწვევს გაძვირებას“, - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.

ქეშბექის მძიმე პირობებზე გაამახვილა ყურადრება „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე რატიშვილმაც, რომელიც დაუფარავად განაცხადა, რომ  მათი დარგი ერთადერთია, სადაც არანაირი თამაშის წესები არ არის მოქმედებს.

„შესაძლოა არ მოგვწონს სუს-ის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის, რაც ხდება, ბევრად უარესი პროცესია - ერთადერთი დარგია, რომელშიც არანაირი თამაშის წესები არ არის“, - აღნიშნა რატიშვილმა.

სუპერმარკეტების საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიზნესმა დააყენა საკითხი, რომ არა მარტო ფასების, არამედ მთლიანი ეკონომიკური სისტემის რეორგანიზაცია მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ბარაქას“ დამფუძნებელმა ვაჟა ბერიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მადლიერების გრძნობა მინდა გამოვხატო ხელისუფლების მიმართ, რომ ძალზე აქტუალური საკითხი წამოჭრა - ფასწარმოქმნა და რეგულირება. ამას უაღრესად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის. კატასტროფული მდგომარეობა იყო ათეულობით წლების განმავლობაში. ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც მთელ საქართველოში კი არა, ლამის მთელ მსოფლიოშია, მათ შორის ამერიკაში, ახალმა პრეზიდენტმა უკუაგდო“, - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა  უფრო მწვავედ დგას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ერთ-ერთი ასეთია ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ხილარი", რომელიც სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციას დღემდე ვერ ყიდის. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მისთვის მიუღებელია ის პირობები, რასაც რითეილ სექტორი ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქტის დახლებზე განთავსების სანაცვლოდ ითხოვს.

,,ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ჰორეკა სექტორთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი აქტიური მომხმარებლები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია, სადაც მთავარი ნიშა გვიჭირავს. სწორება მაინც ექსპორტზეა, ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გავაძლიეროთ პოზიციები და გეოგრაფიული არეალი გავაფართოოთ, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვაქვს. 

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენთვის მთავარი გამოწვევა რითეილ ქსელებთან ურთიერთობაა, ესაა უაღრესად დიდი ტვირთი მცირე საწარმოებისთვის, რომლის აწევაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ძალიან მოიმატა ქსელურ მარკეტებში შესვლის გადასახადმა, ქეშბექმა, რეგისტრაციის საფასურმა და ა.შ. ეს პროდუქციას 20-25%-ით მაინც აძვირებს. ამიტომ იძულებული ვართ წარმოება ან გავაჩეროთ ან ექსპორტზე გადავერთოთ", - განაცხადა თამაზ კაკუშაძემ.

პრობლემა კარგად ნაცნობია მეწარმეთა კავშირისთვის, რომელიც წლებია, ღიად საუბრობს ქსელურ მარკეტებში შესვლის სირთულეზე, რის გამოც არაერთი მცირე საწარმო დაიხურა ან იძულებული გახდა ონლაინ გაყიდვებით შეენარჩუნებინა პოზიცია, საუკეთესო შემთხვევაში კი, გამოსავალი ექსპორტში ენახა.

როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს" უთხრა, "სუპერმარკეტებში შესვლა პრობლემა არის იმიტომ, რომ კაბალური პირობები აქვთ, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ უძლებს.

,,დაწესებული მაღალი გადასახადების გადახდა ბიზნესს ან არ უღირს ან შესაბამისი რესურსი არ აქვს, რათა გამოწვევას გაუმკლლავდეს. ეს არ ეხება მხოლოდ სურსათს, არასასურსათო მწარმოებლებსაც უჭირთ პროდუქციის დახლებზე განთავსება. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით პრობლემაა, როცა სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობას ეხება საქმე. გამოსავალი ამ სიტუაციაში ექსპორტია ან აგრარულ ბაზარზე გაყიდვა, აქაც, თუ გაგიმართლა, რადგან საფასო პოლიტიკაც ხშირად არის დაბრკოლება.  

ჩვენს აქცენტი სარესტორნო და სასტუმრო სეგმენტზე გავაკეთეთ, რაც ერთ-ერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში. ამასთან, ვყიდით პროდუქციას ონლაინ, რაც რეალიზაციას გვიმარტივებს. მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომ მცირე მეწარმეებს ასეთ პირობებში უწევდეთ საქმიანობა. იმედია, მთავრობა ამ პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება და  ქსელურ მარკეტებს კანონის ძალით აიძულებს, დასწიონ გადასახადები და ღირსეულად ემსახურონ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს", - აღნიშნა გოგა ციცქიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან". 

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა, ხოლო გუშინ ადგილობრივ მწარმოებლებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე