რეზონანსი
(22.01.2026)

მსახიობი ნინო მუმლაძე ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი და მსახიობმა იგი ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ირიბად დაადასტურა:

"სექტემბრიდან დღემდე, რამდენიმე სპექტაკლი გამოვუშვით, ახალი წლის პერიოდიც ძალიან დატვირთული იყო - დღეში 2-3 წარმოდგენა გვქონდა, ჩემი შვილისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, რასაც, რა თქმა უნდა განვიცდი. რომ არა დედაჩემი და დეიდაჩემი, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ჩემი მშობიარობის შემდეგ დედაჩემი სამსახურში აღარ გასულა. 

სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა - სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი...მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში - გასაღები, ჩიპი, ხურდა. ვფიქრობ, რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?!

ვისაც მეუღლე სახლში ჰყავს, ზოგჯერ მაინც თავად უწევს ამ პასუხისმგებლობის აღება - ძალიან ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ - ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია.

საკმაოდ დიდ ასაკში გავხდი დედა. მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, გააზრებულ ასაკში მომიწია ბავშვის გაჩენა. 20 წლის გოგომ შეიძლება რაღაც დაიკლოს შვილის გამო, მაგრამ მე მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე, მადლიერი ვარ - კარგი მეგობრები მყავდა, ვიმოგზაურე კიდეც, გავერთე კიდეც, ახლა ნამდვილად იყო დრო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და ახლაც ვახერხებ, რომ პროფესიულად სიახლეებს ჩავეჭიდო", - ამბობს ნინო მუმლაძე Dedebi Podcast-ში სტუმრობისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე