
ყინული დაიძრა - პრემიერის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. საზოგადოება სულმოუთქმელად ელის შედეგს, რადგან პრობლემა, რაზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს, ანუ პროდუქტების მაღალი ფასი, მოსახლეობის აბსულუტურ უმრავლესობას აწუხებს. უკვე გაირკვა და ზუსტად ვიცით, რომ სურსათის გარდა, საბჭო მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირებაზეც იმუშავებს. ახლა საინტერესოა, რა ვადაში დაასრულებს საბჭო მუშაობას და როდის გაიაფდება პროდუქტები. ცოტა არი იყოს უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასი მხოლოდ მომხმარებლების კი არა, მარკეტების მფლობელებისღვისაც პრობლემაც ყოფილა და საკითხის მოსაგვარებლად ისინი მზად არიან.
საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა 20 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს კვლევას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გარკვევით განაცხადა, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაიწყება:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რას მოიცავს პროდუქციის ფასი, სად არის არალოგიკური ფასნამატი და რატომ არ შეესაბამება ისინი ევროპულ პრაქტიკას“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სამთავრობო კომისიამ საორგანიზაციო შეხვედრაზე იმსჯელა გეგმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესი და საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა: „დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობით“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს 20 იანვრის სხდომას გუშინდელი შეხვედრა მოჰყვა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრას სავაჭრო ქსელების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებამდე მივიდეს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი, მთლიანად თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი. იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი აქვს მოსახლეობას, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა საერთო სურათში.
არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება არსებული პრაქტიკა შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასის დაწევა. მთლიანობაში, ჯამური საშუალო ფასნამატი, ჩვენი დაანგარიშებით, შეადგენს 86%-ს. ხუთი წლის განმავლობაში, მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრის შემდეგ, „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ქაშაკაშვილმა აღნიშნა, რომ ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, წარმოადგინეს ციფრები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება.
„საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. ეს იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც. დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო, თავის მხრივ, მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაც გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება“, - აღნიშნა სოფიკო ქაშაკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა თუ რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასზე. ამისათვის მომდევნო დღეებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია პროცესში.
„ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაიაფებას მიესალმება: „მივესალმები ფასების დაწევას. ნამდვილად დარეგულირდება, უბრალოდ, ინფორმაციის გაცვლა ხდება, რომ მოხდეს სწორი წარდგენა მომხმარებლის წინაშე“, - განაცხადა ხორავამ.
იქიდან გამომდინარე, რომ საკოორდინაციო საბჭოს პარლამენტის შესაბამის კომისიასთან კოორდინაციაში მოუწევს მუშაობა, „რეზონანსი“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ირმა ზავრადაშვილს დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე კომიტეტის წევრია, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის. დეპუტატმა „რეზონანსს“ დაუდასტურა, რომ პრემიერის ინიციატივა პროდუქტების ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა.
„ეს ზუსტად ის ფაქტია, რომელზე რეაგირება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული და გრანდიოზული გადაწყვეტილება. რეალურად, ამ საკითხის ინიციატივაც, არც მეტი, არც ნაკლები, ოპოზიციიდან უნდა წამოსულიყო და იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია დაგვთანხმებოდა, უცებ გამოხტნენ და თქვეს, რომ მაღალი ფასები კარგიაო - სასწაული სჭირს ჩვენს ოპოზიციას.
საკითხი კი მართლაც აქტუალურია იმიტომ, რომ თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს. ზუსტად ამიტომ დაინტერესდა სამთავრობო გუნდი ამით და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბიზნესის რეკეტს და დაშინებას კი არ აპირებს, არამედ მათთან ერთად მსჯელობს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ზავრადაშვილმა.
მისი თქმით, სურსათის, ახლა უკვე მედიკამენტების და საწვავის მაღალი ფასი არის დიდი პრობლემა. შედგა პირველი შეხვედრა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის და მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალეს. ბიზნესი მზადაა, ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს და ეს უკვე კარგია. რაც შეეხება კონკრეტულ ვადას, როდის იხილავს საზოგადოება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შედეგს, ირმა ზავრადაშვილმა გვიპასუხა:
„ძნელია, კონკრეტულ ვადებზე საუბარი, როდის ვიხილავთ შედეგს ან რამდენი პროცენტით გაიაფდება პროდუქცია. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს, ეს უკვე ცრუ დაპირებაა, რის გამოც ჩვენი ხელისუფლება აკრიტიკებდა წინამორბედს. ჩვენ მოსახლეობას არ ვატყუებთ, ეს არის საკმაოდ სერიოზული სამუშაო. კერძო ბიზნესის განვითარებასთან და დაცვასთან ერთად, ვცდილობთ, მოსახლეობის ინტერესების გატარებას, შესაბამისად, კონკრეტული ვადის დასახლება ჩემი და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ადამიანის მხრიდან იქნება ტყუილი. ამას დრო სჭირდება.
ვინაიდან პრობლემა უკვე იდენტიფიცირებულია და ჩვენმა პრემიერმაც დააანონსა, ეჭვიც არ მეპარება, რომ შესაძლებელია, პროდუქტების ფასების დაწევა და ნორმირებულ ფარგლებში ჩასმა. ჩვენს ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს და სწრაფად, რადგან ყველაზე მეტად თუ ვინმეს აწყობს მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს, რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლებაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ირმა ზავრადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრს, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილეს, ეკა სეფაშვილსაც უჭირს კონკრეტული ვადის დასახელება, თუ როდის იხილავს საზოგადოება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შედეგს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როდის გაიაფდება პროდუქტები, წამლები და საწვავი. თუმცა, „რეზონანსთან“ საუბრისას ეკა სეფაშვილი აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობის შედეგად აუცილებლად გამოვლინდება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც პროდუქციის გაძვირებას იწვევს:
„იმედი მაქვს, გაირკვევა სად შეიძლება იყოს კარტელური გარიგებები, რომლებიც იწვევს მაღალ ფასნამატს. საბჭოს მუშაობის დროს, სავარაუდო გარიგებების არეალები გამომჟღავნდება და სისტემური პრობლემები გამოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ მათი გადაჭრის გზები დავსახოთ, რათა ხელი შეეწყოს ფასების შემცირებას და მომავალშიც თავიდან აგვარიდოს ასეთი არაკანონზომიერი სიძვირე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ეკა სეფაშვილმა.
მისი აზრით, პრობლემა ბიზნესთნა კოორდინაციით მოგვარდება და ეს არ არის ზეწოლა ბიზნესზე: „ეს არის კონკურენციის სამართლიანი პირობების დამყარების მცდელობა, რომლითაც ყველა მოგებული დარჩება - ბიზნესიც, მომხმარებელიც და საერთო ჯამში, ეკონომიკაც“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



