
დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობა ცნობილია, მიწვეულია მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი, თუმცა, არ არის საქართველო. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნების ძირითადი ნაწილი მოწვევაზე უარს ამბობს. მათი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა გაერო-ს როლს, როგორც კონფლიქტების მოგვარების გლობალურ ფორუმს ეჭვქვეშ აყენებს.
"ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ "ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უარი თქვა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებაზე". ბლოკის "დამატებითი შეშფოთება კი ვლადიმერ პუტინის მოწვევამ გამოიწვია".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპს ინიციატივაზე პირდაპირ ღიად უთხრა უარი. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაკრონი "აღარავის სჭირდება, მაინც მალე დატოვებს თანამდებობას".
ტრამპის თქმით, თუ მაკრონი მტრულად იქნება განწყობილი, აშშ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფებს დააწესებს და ამის შემდეგ ,,ის მაინც შემოვა მშვიდობის საბჭოში".
მოწვევა მიიღეს საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა. თეთრი სახლის განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას.
"როიტერს"-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნებისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის შეწირვისკენ მოუწოდებს, თუ სურთ, რომ მათი წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.
რატომ არაა საქართველო "მშვიდობის საბჭოში"
როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, საქართველოს სიაში არყოფნის ძირითადი მიზეზი დასავლეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაა.
- "იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდშია ევროკავშირსა და აშშ-სთან, დასავლეთისთვის საქართველო ფაქტიურად "სტრატეგიულად უმნიშვნელო" გახდა, იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" მისდევს. საერთოდ ნაკლებმოსალოდნელი იყო, რომ საქართველო ამ სიაში მოხვდებოდა. მით უმეტეს დიდი სახელმწიფო არ ვართ, განსაკუთრებული ძალა ჩვენ არ გვაქვს, რომ ამ კუთხით მოვხვედრილიყავით".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აშშ-ს პრეზიდენტისგან შემოთავაზება არ იყო, თორემ საქართველოს ხელისუფლება დასთანხმდებოდა.
"ეს ძალიან კარგია. საქართველო არ მოხვდა ტრამპის თვალსაწიერში, ინტერესების სფეროში. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ ტრამპს ურჩიეს, კარგი პიარ აქცია და პერფორმანსი გამოგივა, მართლაც ხშირად იხსენებს, რომ რვა ომი შევაჩერე მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტიო.
მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათმა, ფაშინიან-ალიევი ხელს ართმევენ და ზედ ტრამპი ადებს ხელს და იღიმება. მთავარია სურათი და საქართველოს შემთხვევაში ამის საფუძველი და საშუალება არ იყო და შესაბამისად, სიაში არაა. ეს ჩვენთვის არავითარი ნაკლი არაა.
- "არ მგონია მათ შეეთავაზებინათ და ჩვენებს უარი ეთქვათ. ასეთ დროს უარის თქმა არ ვარგა. შესაძლოა ეწყინოს, ტრამპმა წყენა იცის, ნორვეგიის პრემიერს უთხრა, რომ ნობელის პრემია რომ არ მომეცით მშვიდობის დარგში, ეს ისტორიას დარჩებაო და მივხედავ ეროვნულ ინტერესებს გრენლანდიას და ა.შ. უფრო ვფიქრობ შემოთავაზება არ იყო.
"უფრო გადავრჩით იმით, რომ საერთოდ არ შემოგვთავაზეს. შიგნით პოლარიზაცია დიდია, დაპირისპირებები იქნება, შეიძლება საბჭო არც არასდროს შეიკრიბოს, მაგრამ თუ შეიკრიბა, მაშინ ხომ ვიღაცის მხარეს უნდა იყო. იმ პირობებში, როცა რღვევაა და წესრიგის არავითარი მომავალი არ ჩანს, ეს პრაგმატული ფრთხილი პოლიტიკა მინიმუმ იქამდე უნდა განვახორციელოთ, სანამ არ დასრულდება სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში",- განაცხადა მამრაძემ.
საბჭოს მიზანი
აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიზანია გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ღაზას კონფლიქტის დარეგულირება, თუმცა, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რეალურად რა ფუნქცია ექნება, ამაზე კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები.
"ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით საინფორმაციო ველში ასე იკითხება, რომ შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჯერ მონახაზია. თვითონ დონალდ ტრამპის მოსაზრებაა.
ალბათ ჯერ აქცენტს ღაზის კონფლიქტზე გააკეთებენ და თუ ამ ფორმატში წარმატებას მიაღწევენ, მერე ექნება ამბიცია, რომ ეს გახდეს უკვე რაღაც მულტილატერული ფორმატი, ოღონდ რაღაც გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ალტერნატივა, რომელსაც ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია არ წყალობს.
"აქ ძირითადად საუბარია, რომ დიდმა ქვეყნებმა და დიდმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა კონფლიქტი მოაგვაროს, ოღონდ საერთაშორისო სამართლით და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვით კი არა, როგორც აქამდე იყო, არამედ იმის მიხედვით, თუ დიდი სახელმწიფოები როგორ გადაწყვეტენ, რაც გარკვეულ შიშებს წარმოშობს, რომ ამ სიტუაციით ჩვენ ხომ არ ვუბრუნდებით მე-19 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკას, როდესაც დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ პატარა და მცირე სახელმწიფოების ბედს - ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვაა ზოგადად მთელს მსოფლიოში",- განაცხადა კაკაჩიამ.
პეტრე მამრაძე გვეუნება, რომ წინასწარი დასკვნებით, საბჭო მხოლოდ ფურცელზე იარსებებს და "ვერაფერს ვერ გააკეთებს".
"წინასწარ გეტყვით, რომ საბჭო ვერაფერსაც ვერ გააკეთებს, რომელშიც მიწვეულია ჩინეთიც, რუსეთიც და ა.შ. ვერაფერს ვერ მოაგვარებს, ესაა პერფორმანსი, რომ აი გაერო ხომ ვერ მუშაობს, მე შევქმენი. კანადის პრეზიდენტს ისტორიული გამოსვლა ჰქონდა, მაკრონი პირდაპირ ანტიტრამპისტული სიტყვებით გამოვიდა და ა.შ. არსებული წესრიგის რღვევის პროცესია და ეს საბჭო ამ შემადგენლობით რა თქმა უნდა არაფერს არ გააკეთებს, დარჩება პერფორმანსად",- განაცხადა მამრაძემ.
"მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობა
შემადგემლობა "ბლუმბერგმა" გამოქვეყნა, სადაც ევრკომისიაც არის. დასავლური მედია წერს, რომ საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. საბჭოს აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. სია გამოიყურება ასე:
ალბანეთი, ავსტრია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა;
ბელარუსი, ბაჰრეინი, ბრაზილია;
გერმანია;
დიდი ბრიტანეთი;
ესპანეთი, ეგვიპტე;
ვიეტნამი;
თურქეთი;
იტალია, ირლანდია, ინდოეთი, იორდანია, ისრაელი, ინდონეზია,იაპონია;
კვიპროსი, კატარი, კანადა;
მაროკო;
ნიდერლანდები, ნორვეგია;
ომანი;
პოლონეთი, პორტუგალია, პაკისტანი, პარაგვაი;
რუმინეთი, რუსეთი;
საფრანგეთი, საბერძნეთი,სლოვენია,საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა,
სინგაპური;
ტაილანდი;
უნგრეთი, უკრაინა უზბეკეთი;
ფინეთი;
ყაზახეთი;
შვედეთი, შვეიცარია;
ჩინეთი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



