
ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების იდეა კვლავ განხილვის საგანია, თუმცა თავად ოპოზიციის შიგნით სკეპტიციზმი არ იკლებს- ნაწილი ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი ასეთ ფორმატს პოლიტიკურად არაეფექტურად მიიჩნევს. ოპონენტები კი უკვე აანონსებენ, რომ მორიგი გაერთიანების მცდელობა, ისევ ფიასკოთი დასრულდება.
შეგახსენებთ, ინიციატივა გაერთიანების შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურა "გირჩი" ჯაფარიძეს ეკუთვნის. თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიციონერების ნაწილი ახალ გაერთიანებაზე დიდ იმედს არ ამყარებენ. ამბობენ, რომ კონსულტანციები მიმდინარეობს, თუმცა სტრატეგიული ხედვა ჯერ ჩამოყალიბებული არა. ოპოზიციონერების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერების დღის წესრიგში მხოლოდ "გახლეჩაა".
ოპოზიციონერების სკეფსისი?
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მთავარი გამოწვევა ერთიანი და შეთანხმებული სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაა.
„ჩვენ გარკვეულ საუბრებში ვართ. მთავარია ერთიანი შეჯერებული სტრატეგიული ხედვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანმიმდევრული გზის დანახვა. მე მინდა, რომ იყოს კარგი კოორდინირება. კიდევ უფრო კარგი, ვიდრე არსებობს.
რა გზაც არ უნდა გვქონდეს მიზანი გვაქვს ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს იმის რწმენა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება იქნება საიმედო ხელში, როდესაც „ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში."
მისი თქმით, თუ ფუნდამენტურ საკითხებზე წინასწარ არ იარსებებს ერთიანი ხედვა, ნებისმიერი პოლიტიკური ერთობა პირველივე ეტაპზე დაიშლება და ასეთი გაერთიანება მისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.
„სიძლიერის დანახვა მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მობილიზება მნიშვნელოვანია, მაგრამ სიძლიერე ჩემთვის არ ნიშნავს ერთი სუბიექტის არსებობას. თუ წინასწარ არ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი ხედვა, პირველივე მოსახვევში ფეთქდება ერთობა.
ჩემთვის ასეთი ერთობა არ არის საინტერესო. ერთი კითხვა ისმის: აუცილებელია ერთი დიდი კალათა არსებობდეს იმისთვის, რომ ძალას ასხივებდე და რეჟიმი დაამარცხო? პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ჩემთვის არ არის პოლიტიკური იდეა. ვნახეთ რვიანი, ოთხეული, რამდენი რაღაც გვინახავს, ეს არ მაინტერესებს, მაინტერესებს პოლიტიკის შინაარსი - არის თუ არა ტაქტიკაზე და შინაარსზე ერთიანი ხედვა", - განაცხადა გეგელიამ.
გაერთიანების ინიციატივას სკეპტიკურად ხვდება " გახარია-საქართველოსთვის" გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე.
შარაშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ ალტერნატივად გაერთიანება, საჩუქარია ივანიშვილისთვის.
"მუდმივად არის ანონსი: - „ხვალ გეტყვით, როგორ შევქმნით პოლიტიკურ ალტერნატივას".
- შარაშიძე: "ოცნება" ყველაზე ეფექტურად მაშინ ინარჩუნებს ძალაუფლებას, როდესაც ერთ მხარეს არის "ოცნება" და მეორე მხარეს - მეორე პოლუსი
"ოცნება" არის პოლარიზაციის შემოქმედი. როდესაც ერთობაზე საუბარი, ერთობა იდეის გარშემო, რასაკვირველია, მისასალმებელია, მაგრამ როცა საუბარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასა და ერთ ქვებში მოხარშვაზე, ვინ დაადგინა, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული და ეფექტური მეთოდი "ოცნების" წინააღმდეგ საბრძოლველად?
! ვინ დაადგინა, რომ ეს ერთობა ყველაზე უფრო სწორი გზაა?! - თავად ივანიშვილი და "ოცნება" არ არის ორპოლუსიანობის დამნერგავი? შუა უნდა გაიკრიფოსო - ეს ივანიშვილის ნათქვამი არ არის?!
ივანიშვილი და "ოცნება" ყველაზე ეფექტურად მაშინ ინარჩუნებს ძალაუფლებას, როდესაც ერთ მხარეს არის "ოცნება" და მეორე მხარეს - მეორე პოლუსი. თვითონ "ოცნება" ხარჯავს დიდ რესურსს იმაში, რომ ოპოზიციის მხარეს ყველა ერთად იყოს. ეს საჩუქარი ჩვენ რატომ უნდა გავუკეთოთ?!" - განაცხადა შარაშიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ საჭიროა ზუსტი დიაგნოზი,
"ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ გვხვდება მოლოდინები, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გაიღვიძებს ადამიანურობა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ზუსტად არ დავსვამთ დიაგნოზს."
ოპონენტების „დიაგნოზი"
„ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგში ახლა მხოლოდ გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე და ცუდი მომავალია და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება.
- ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეს.
არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. აქ მთავრდება ყველაფერი - როცა არ გაქვს ეროვნული ამოცანა და ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა მიზანი არ გაგაჩნია, ვერაფერში ვერ გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც არ უჭერენ მხარს. გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე, ცუდი მომავალი - ყველაფერი ეს მათ დღის წესრიგშია და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება.
რაც შეეხება [სალომე] ზურაბიშვილს, მივესალმები, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



