
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისში. 17 წლის გოგონა, ნინი მამარდაშვილი რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, კარატისტი იყო. გოგონა მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხეს შეეჯახა, სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ნინი კერძო სკოლა “დავითაინის” მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლე იყო. სამწუხაროდ ბევრი განუხორციელები ოცნება დარჩა და ყველა განიცდის ამ დიდი მომავლის მქონე გოგონას გარდაცვალებას.
"რა უნდა გითხრათ, საოცარი, სიცოცხლით სავსე გოგონა არ გვყავს, სპორტსმენი ბავშვი, არაჩვეულებრივი გოგონა, ძალიან დიდი მომავლის. საქართველო ასახელა თავისი სპორტული წარმატებებით. ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ მოხდა. ისეთ ადგილზე მოუვიდა ეს ამბავი, რომ წარმოუდგენელია. იქ საერთოდ არანაირი ტრანსპორტიც კი არ დადის. ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ ბავშვის საშინელმა ამბავმა გაგვანადგურა. უნიჭიერესი გოგონა იყო, სულ ვეუბნებოდი, არ მოდუნდე-მეთქი, თავისუფლად გადიოდა სკოლაშიც ოქროს მედალზე.
ბოლნისიდან მოშორებით, სოფელში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. როგორც მითხრეს, იმ ადგილას სწავლობენ მოტოციკლის ტარებას ახალგაზრდები. იქ ტრანსპორტიც კი არ დადის, ერთი ხე გახდა ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, შეეჯახა ხეს და ბავშვი გადააგდო მოტოდან, ადგილზეა გარდაცვლილი. ეს იყო სასწაული, შესაძლოა ვერ დაიმორჩილა საჭე, იმიტომ, რომ არ უტარებია მოტო, ახლა სწავლობდა, იქ ისეთი ადგილია, ძირითადად თურმე სწავლობდნენ ტარებას, იმიტომ რომ ქალაქში აკრძალულია. ეტყობა იმ სოფელში იმიტომ გადავიდა, ცარიელი ტრასა რომ არის, სოფლის გზაა, შესაძლოა უმტყუნა მოტომაც ან სისწრაფე ჰქონდა განვითარებული, არ ვიცი ზუსტად რა გახდა მიზეზი, რა გითხრათ, ეს თავზარდამცემი ამბავი მოხდა.
ჩემპიონი იყო უკვე, თვითონაც ავარჯიშებდა ბავშვებს, უკვე თავისი მოსწავლეებიც კი ჰყავდა. მისი მწვრთნელები ისეთ დღეში არიან, ყველა ისე განიცდის. 40 წუთის მომხდარი იყო ეს ამბავი, რომ შევიტყვე, მე თბილისში ვიყავი. ძალიან დიდი ტკივილია.
საოცრად კარგი მშობლები ჰყავს ნინის. ხუთი შვილი გაზარდეს, ყველა ჩემი გაზრდილები არიან. ვიზიარებ მათ დიდ მწუხარებას. ისე ვარ განადგურებული ამ ამბით, სხვა დეტალები არ ვიცი. ძალიან მიზანსწრაფული, საოცრად პატიოსანი, კარატისტი ბავშვი იყო. მან საქართველო ასახელა. უკვე იმხელა კვალი დატოვა, ისეთი შრომისმოყვარე იყო, ისე უყვარდა თავისი საქმე, რომ ეხმარებოდა თავის მწვრთნელებს და ზრდიდნენ პატარა თაობას.
სად გამიფრინდი ნინია, ჩემო თბილო და ტკბილო თოჯინა, რა უძლური ვარ! ჩემო განსაკუთრებულად მგრძნობიარე გოგო,ჩემო ანგელოზო, შეხვედრამდე" - აღნიშნა "კვირია პალიტრასთან" სკოლის დირექტორმა მარინა გორშკოვამ.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


