რეზონანსი
(15.01.2026)

ირანში ანტისახელისუფლებო მიტინგს სავარაუდოდ, ფერეიდანელი ქართველებიც ემსხვერპლნენ. ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებული პროტესტს მძიმე შედეგები მოჰყვა - გარდაცვლილია ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანი. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები შაჰის შვილის მთავრობაში მოსვლას ითხოვენ.

მოლოდინმა, რომ აშშ სამხედრო დარტყმისთვის ემზადებოდა, უკანა პლანზე გადაიწია. ირანში აღდგენილია ფრენები, რომელიც 5 საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

როიტერზის ცნობით, აშშ-ის მიერ შესაძლო სამხედრო მოქმედებების გამო ირანმა საჰაერო სივრცე ხუთი საათის განმავლობაში დახურა, რის გამოც ფრენები გაუქმდა და გადამისამართდა.

მანამდე, გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავდა და ირანში ამერიკული სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში იყო მოსალოდნელი.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ „მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს".

ფოქს ნიუსთან ინტერვიუს დროს, არაღჩის უთხრეს, რომ შეფასებების თანახმად, მის ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2500-დან 12 ათასამდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი.

„როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის" სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ", - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, ამ „თაღლითმა, ტერორისტების მსგავსმა აქტორებმა" მშვიდობიანი მოსახლეობის მიმრთულებით სროლა ერთი მიზნით დაიწყეს - შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩაეთრიათ.

„მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით", - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.

„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს", - აღნიშნა არაღჩიმ.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2571 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო აქტივისტს ირფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯიან, მას ბრალი გადაუკვალიფიცირა ირანის პროკურატურამ.

სასამართლომ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მის ბრალდებას დაამტკიცებს მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ასეთი დანაშაული სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე