მარიამ ვეკუა
(15.01.2026)

უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში მორიგი ხმაურიანი სკანდალი აგორდა - „ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთ ლიდერს, უკრაინის მსხვილი პარტია „ბატკივშინას" ლიდერ იულია ტიმოშენკოს კორუფციაში ადანაშაულებენ. ანტიკორუფციულმა ბიურომ მისი პარტიის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარო და გამოძიების ფარგლებში სავარაუდო ფარული შეთანხმებების ამსახველი მასალებიც გამოაქვეყნა. თავად ექსპრემიერი ბრალდებებს უარყოფს და რეიდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, რომ სამშაბათს საღამოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) პარტიის ოფისები გაჩხრიკეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ტიმოშენკოს მოქმედი პარტიის „ბატკივშჩინას" („სამშობლო") შტაბ-ბინაში ჩატარდა.

ეს ხდება ბოლო დროს ჩატარებული გახმაურებული კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელმაც ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებიც მოიცვა.

თავად ტიმოშენკომ ოთხშაბათს რეიდების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ყველა ბრალდება უარყო და „აბსურდულად" მოიხსენია.

„გამოძიების თანახმად, მას შემდეგ, რაც NABU-მ და SAPO-მ 2025 წლის დეკემბერის თვეში, უკრაინელი პარლამენტარების მიერ კანონპროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ უკანონო შეღავათების მიღების ფაქტები გამოავლინეს, ეჭვმიტანილმა, ტიმოშენკომ, ცალკეულ პარლამენტის წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყო," - ნათქვამია „ნაბუს" განცხადებაში.

  • ნაბუ: „პარლამენტის წევრებს უნდა მიეღოთ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მიეღოთ ხმა და როდის შეეკავებინათ თავი ან არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში",

როგორც ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, საუბარია არა ერთჯერად შეთანხმებებზე, არამედ „რეგულარული თანამშრომლობის მექანიზმზე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდისთვის"იყო შექმნილი.

„პარლამენტის წევრებს უნდა მიეღოთ ინსტრუქციები, ვისთვის დაეჭირათ მხარი, როდის შეეკავებინათ თავი ან არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მოიცავს სავარაუდო შეთანხმებების ჩანაწერს და სამშაბათს ჩატარებული ჩხრეკის კადრებსაც. ვიდეოში და ფოტოებზე სახეები ბუნდოვანია, თუმცა ტიმოშენკოს ამოცნობა, მისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობით, მარტივადაა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ნაბუ-მ ტიმოშენკოს მიერ კანონმდებლისთვის გაგზავნილი სავარაუდო ინსტრუქციაც გამოაქვეყნა. უფრო კონკრეტულად, სავარაუდო ინსტრუქციაში ბრალდებულმა პარლამენტის წევრს დაავალა, ხმა მიეცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილ მალიუკის, თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალის და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის.

მანამდე, 27 დეკემბერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს კრიმინალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ კანონმდებლები, რომლებიც საპარლამენტო ხმების სანაცვლოდ ფულს იღებდნენ.

ტიმოშენკო უარზეა

ოთხშაბათს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ტიმოშენკომ ამ ოპერაციას „ე.წ. სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები" უწოდა და განაცხადა, რომ მათ „კანონთან ან სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვთ". ირწმუნება, რომ ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩატარდა.

  • ტიმოშენკო: „კატეგორიულად უარვყოფ ყველა ამ აბსურდულ ბრალდებას. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ჩანდა."

ბრალდებულმა ჩხრეკა „დიდ პიარ-ხრიკად" შეაფასა და თქვა, რომ გამომძიებლებმა „ვერაფერი იპოვეს", სამაგიეროდ, ჩამოართვეს „სამსახურის ტელეფონები, საპარლამენტო დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რომლებიც სრულად არის დეკლარირებული ჩემს ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაციაში".

„კატეგორიულად უარვყოფ ყველა ამ აბსურდულ ბრალდებას. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ჩანდა. და ვიღაცამ გადაწყვიტა პოლიტიკური კონკურენტებისგან გაწმენდის დაწყება".

ცნობისთვის, ტიმოშენკო უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005 წელს და კვლავ 2007-იდან 2010 წლამდე იკავებდა. ამჟამად, მის პარტიას „ბატკივშჩინა" უკრაინის პარლამენტში, ვერხოვნა რადაში, 25 ადგილი უჭირავს.

ტიმოშენკო უკრაინის პოსტსაბჭოთა პოლიტიკისა და მკვეთრად ცვალებადი პოლიტიკური ალიანსების ტურბულენტურ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო და, ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, უკრაინის 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკო გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო უაღრესად საკამათო კანონპროექტისა (რომელიც მოგვიანებით ზელენსკიმ საჯარო და საერთაშორისო აჟიოტაჟის ფონზე გააუქმა), რაც ნაბუ-სა და ნტიკორუფციული პროკურატურის დაშლას ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება პირდაპირ არ არის დაკავშირებული ზელენსკის პარტიის წევრების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებთან - მათ შორის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია „ენერგოატომში" ფულის გათეთრებისა და მითვისების ბრალდებებთან - როგორც ჩანს, ესეც ამ სკანდალის პოლიტიკურ შედეგებს უკავშირდება, წერს „გარდიანი".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე