თამთა ჩაჩანიძე
(14.01.2026)

ვაშინგტონში ხელი მოეწერა აშშ-სომხეთს შორის "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმების გაგრძელებაა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ და რომელმაც აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს, აშშ-მა კი მისი განვითარების უფლება მიიღო აღნიშნული დოკუმენტით.

6-გვერდიანი ხელშეკრულება უკვე გამოქვეყნდა, მას 13 იანვარს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოაწერეს ხელი. შეიქმნება "ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანია" რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26% მას დარჩება.

ამერიკულ-სომხური კომპანია შეთანხმებულ მონაკვეთზე ააშენებს რკინიგზას, გზას და ენერგომომარაგების ხაზებს, ასევე სხვა ინფრასტრუქტურას სატრანზიტო დერეფნისთვის. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი გზიდან შემოსავლების მენეჯმენტზე, სულ მცირე, 49 წლის განმავლობაში.

სად არის საქართველო

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალბათ საქართველოს ხელისუფლებამ არსებული რეალობა "აწონ-დაწონა" და ის მდგომარეობა ამჯობინა, სადაც ახლაა.

"საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს. კარგად მოვისმინეთ, რომ მოგების 74% წავა აშშ-ში და 26% სომხეთს დარჩება და რა შეიძლება ამის შემდეგ ამაზე რაიმე ითქვას? საქართველომ ის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს, რომელსაც აგერ 13 წლისა და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ატარებს "ქართული ოცნება".

ჩვენ იმ პოლიტიკას ვაწარმოებთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სუვერენიტეტი უნდა განმტკიცდეს და როგორც შინაგანად, ისე გარედან ძლიერ სახელმწიფოდ უნდა გამოვიყურებოდეთ. პოლიტიკაში უკვე ისეთი დროა დამდგარი - ძლიერებს პატივს სცემენ, სუსტებს არა. პირდაპირ აცხადებენ, რომ "დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო", ასეა ახლა სომხეთის საქმე.

  • "ალბათ მასში საქართველოს ჩართვა საჭირო არ იყო, თორემ ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ამას არ "გაახარებდა", არსებული რეალობა აწონ-დაწონა და ამჯობინა ის, რომელიც ახლაა".

 

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროექტზე მიბმას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა საქართველოსა და მთლიანი კავკასიისთვის, რაც რუსეთს და ირანს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა და აშშ-ს გააძლიერებდა.

"ამ ეტაპზე ჯერჯერობით გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ და ეს ამ პროექტითაც გამოჩნდა. სომხეთი ტრამპის კორიდორთან პირდაპირ კავშირშია და ბუნებრივადაა ჩართული. სომხები აშშ-სთან ურთიერთობის სურვილს უკვე ღიად გამოხატავენ, გუშინ სომხეთის პარლამენტმა რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანა მოითხოვა, იმ სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც სწორედ ტრამპის კორიდორს მოიცავს. ეს რუსებისთვის უკვე პირდაპირი გამოწვევაა.

"ქართული ოცნებისთვის" ასეთ პროექტებში ჩართვას ბუნებრივია აზრი არ აქვს, როცა პრორუსულ საგარეო პოლიტიკას მისდევს. ეკონომიკურ მოგებას ხედავენ, მაგრამ პოლიტიური დატვირთვა ის იქნებოდა, რომ აქ დაიწყებოდა უკვე ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელის შექმნა საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთს პლუს თურქეთი და ამერიკა, 3-ს პლიუს 2 იქნებოდა საკმაოდ სერიოზული ფორმულა ჩვენი საგარეო კურსისთვის. ამით 3+3 მოდელი უქმდებოდა, ფაქტიურად რუსეთისა და ირანის ნიველირებას ვახდენდით.

 

  • "ჩვენი ჩართვით და აშშ-ს ჩვენს რეგიონში უშუალო ჩართულობით რუსეთის ჰეგემონიის დაბალანესბას მოვახდენდით. ეს მოიტანდა კიდევ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტებს, იგივე საზღვაო პორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. კიდევ უფრო გაზრდიდა ჩვენი სატრანზიტო სტატუსს და მიეცემოდა საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბის სტატუსი და ჩვენზე ყურადღება უფრო გაძლიერდებოდა და კავკასიის რეგიონში მართლაც დამყარდებოდა მშვიდობა და სტაბილურობა, რუსეთის ფედერაცია ამის გარანტი ვერ იქნება.

 

"როგორც ჩანს, ახლა ამერიკა სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადაიტანს აქცენტს. ჩვენ აფსაიტში ვიქნებით. ჩვენ ალბათ დავსხდებით რუსეთის მიერ წარმოებულ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონიმიკურ ფორმატში. ასეთი აზრი მრჩება, რომ განგებ აარიდეს დღევანდელმა მმართველმა ძალამ თავი, ისედაც ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ აგრესიული დამოკიდებული აქვთ და არც ტრამპი გიჟდება ამათზე",- განაცხადა მაისაიამ.

რა წერია დოკუმენტში

"TRIPP-ის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობას და ინტეგრაციას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო რგოლის შექმნის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ის ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის კავშირებს.

TRIPP-ის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია:

8 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაციის პროგრესის მიღწევა მდგრადი მშვიდობისკენ სამხრეთ კავკასიაში ღია კომუნიკაცია, ვაჭრობა და კავშირი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ტრანსკასპიის რეგიონში ბაზარზე წვდომისა და კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესება კეთილდღეობის გზით მშვიდობის მაგალითის მიცემა დანარჩენი მსოფლიოსთვის

TRIPP-ის მეშვეობით, სომხეთის სურვილია:

სომხეთის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ეკონომიკური ცენტრის როლის გაძლიერება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სომხეთის ინფრასტრუქტურაში ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თანამედროვე საზღვრების მართვისა და ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში

სომხეთისთვის მდგრადი შემოსავლების ნაკადების და გატანის უფლებების გენერირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რეგიონული ინტეგრაციისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობა სომხეთის ექსპორტის პოტენციალის გაფართოება ახალ ბაზრებზე

TRIPP, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს სარგებელს მოუტანს შემდეგი გზებით:

ამერიკული ინვესტიციების, ბიზნესისა და საქონლისთვის ახალი ბაზრების გახსნა რეგიონის მასშტაბით ვაჭრობისთვის კავშირის უზრუნველყოფა ნედლეულის, კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი ლითონების ამერიკულ ბაზრებზე მოსატანად აშშ-სა და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო მარშრუტების ვარიანტების გაზრდა, რაც უზრუნველყოფს, ადამიანებისა და საქონლის მიმოსვლას გეოპოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად

TRIPP-ი, სავარაუდოდ, სომხეთსა და სომეხ ხალხს შემდეგი გზებით მოუტანს სარგებელს:

დასაქმება - კვალიფიციური სომეხი მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობები ერთობლივი საწარმოები - შესაძლებლობები საერთაშორისო და სომხურ ფირმებს შორის ტექნოლოგიების გადაცემა - სომხური ბიზნესების შესაძლებლობების განვითარება ტრენინგები - სომხური სამუშაო ძალის უნარების განვითარება რეგიონში რეინვესტირება...",- ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულს სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეხმიანება.

"ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივან რუბიოსთან ერთად, ჩვენ მივიღეთ TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო - მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 აგვისტოს მშვიდობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისკენ, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაუმჯობესებას, ეკონომიკური სარგებლის გამომუშავებას და მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას",- წერს არარატ მირზოიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე