
საკონსტიტუციო სასამართლოს დაახლოებით ხუთი თვე დარჩა, რათა "ოცნების" სარჩელი განიხილოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. თავად მმართველ გუნდში "ძალიან დიდი იმედი" აქვთ, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურიად გამოცხადებით" და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის".
"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი.
ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით.
"ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები. როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. ასეთი ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, რომელიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ ჯანსაღ ქართულ სისტემაში", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" 2025 წის 31 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. ეს პარტიებია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო - ძლიერი საქართველო", "კოალიცია ცვლილებებისთვის".
აიკრძალებიან თუ არა პარტიები
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძის განცხადება დასავლეთთან ვაჭრობას უფრო ჰგავს, რომ "ქართული ოცნებას" დასავლეთმა "ხელი ჩამოართვას".
"მემგონი ეს დასავლეთთან ვაჭრობის თემა უფროა ამ წუთში, თორემ აქამდეც აკრძალავდნენ, რა პრობლემაა. ეუბნებიან რით ვართ ჩვენ ლუკაშენკოზე ნაკლები? კი ბატონო, არ ვართ დემოკრატიულები, არ მივდივართ ევროპასა და ნატო-ში, მაგრამ, ვართ ზომიერი, გონივრული ავტორიტარიზმი, ნახეთ ჩვენთან აქციები ტარდება, დარბევები იყო, მაკრონმა დაგვირეკა და მაშინვე შევწყვიტეთ, პირიქით, ვინც არბევდა ზოგი ციხეშიც კია.
"ვფიქრობ, ისინი ცდილობენ შექმნან ნიადაგი, რათა დასავლეთმა საქართველო ცნოს არა როგორც დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული მმართველი სისტემა. მისთვის მთავარია ჩაახშოს საუბრები ლეგიტიმაციაზე. არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი საქართველოში რაღაც პროცესებს ქმნის, ვიღაცეებს ასულდგმულებს, რომ შეიქმნან ილუზია, თითქოს რეჟიმის ცვლილება შეიძლება.
"საქართველოში ასეთი ძლიერი რეჟიმი არასდროს არ ყოფილა, არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის დროს აქამდე. რაც ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ადგილობრივ მმართველობას ბოიკოტი გამოუცხადა, მას შემდეგ "ოცნება" ძალიან ძლიერი გახდა.
"თუ პარტიები აკრძალეს, რაც რეალურია, დასავლეთიდან ამას უკვე აღარ აპატიებენ და ნამდვილად სერიოზული სანქციები მოვა, ეს "ქართულ ოცნებაში" კარგად იციან. თუ პარტიები აკრძალეს არავითარი ლეგიტმაცია და ხელის ჩამორთმევა აღარ იქნება. ვიდრე ხელის ჩამორთმევის შანსები არსებობს, მანამდე იქნება ლაპარაკი აკრძალვა-არაკრძალვაზე.
- "ვფიქრობ კობახიძის ეს განცხადება არის შეტყობინება დასავლეთისათვის, რომ თუ რამის გამკეთებლები ხართ გააკეთეთ, ჩამოდით და გვთხოვეთ რომ არ ავკრძალოთ პარტიები და ჩვენ ამას უკვე ღირსებულად დაგიფასებთ".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა რეალურად მოსალოდნელია.
"პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციაა. თავად რადიკალურ ოპოზიციაში მიდის სჯა-ბაასი, თუ როგორ უნდა განლაგდნენ ახალ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე, რადგან თავადაც ხედავენ, რომ ეს ცირკად ქცეული ე.წ. მარშები და პროტესტები არაფერს ნიშნავს. მათი ლიდერების დიდი ნაწილი სამართლიანადაა დაკავებული გადატრიალებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისთვის, ასევე სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
"ქართულ რეალობაში დიდი დემოკრატიული ტრაგედიაა, როცა ასეთი უსამშობლო ძალები გვყავს, რომლებიც თავს პროდასავლელებად მოიხსენიებენ, მაგრამ მათში იოტისოდენა დასავლური ფასეულებებიც კი არაა. მათში ვერაგი რევანშიზმი და ხელისუფლების მიტაცების სურვილია, სადაა მათი პროგრამები? ფასების რეგულირებას ოპოზიცია უნდა ითხოვდეს და არა პრემიერი, პირიქით, ისინი გამყიდველების მხარეს დადგნენ.
- "ვფიქრობ, ეს პროცესები წელს უფრო დინამიურად განვითარდება, როგორც კი აიკრძალებიან ანტიქართული პარტიები. დასაბუთება და არგუმენტები, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ძალიან მყარია, არგუმენტების მთელი ჩამონათვალია, განსაკუთრებით წულუკიანის საგმოძიებო კომისიის დასკვნაში, რაც ჩაიდინა ენმ-ს მმართველობისას და მის შემდეგ".
ვინ არიან "ჯანსაღი ძალები"
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ "ოცნების" გაგებით ე.წ. ჯანსაღი ძალები არიან მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები.
"ხალხის ძალა" და ისინი, ვინც თვითონ შექმნეს. არც ხალხის ძალას და არც "ევროპელ სოციალისტებს" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან ხალხი არ ჰყავთ. ვინც "ოცნებამ" თავის წიაღიდან შექმნა და მუდმივად მფარველობს, ესაა მათთვის ჯანსაღი ძალა. არც "გირჩია" მაგი გაგებით ჯანსაღი და არც "ალტ-ინფო", რადგან მათ თავის ამომრჩეველი ჰყავს.
"ვისაც საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, ის მათი გაგებით არაა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ეს ძალები არიან ისინი, ვიც მათთვის მოქმედებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გია აბაშიძე გვეუბნება, რომ რაღაც პარტიები უკვე გამოიკვეთა და მოსალოდნელია, რომ კიდევ ვიხილოთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები.
"ფაქტია ის პერსონაჟები, რომლებიც ახლა ტივტივებენ, არაფერს არ წარმოაგდნენ, პოლიტიკური წონა არ აქვთ. ამათ ჩააჩოჩებენ და ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ შეიძლება გამოჩნდეს. სიახლეები ყოველთვის მოსალოდნელია, ქართულ პოლიტიკურ წრეებში ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან და გამოჩნდებიან, ამ მომენტში ისინი ენმ-სა და მისი სატელიტების მიერ არიან დაჩრდილულნი.
"ყველაფერი წინაა, რაღაც პარტიები უკვე გამოიკვეთა, რომლებიც ხელისუფლების მიმათ სიმპატიებს გამოხატავენ - "ხალხის ძალა", "ნეიტრალური საქართველო", მაგრამ კიდევ უფრო ველი, რომ ადამიანთა შეგნებულად მოაზროვნე რაღაც ჯგუფები შეიკრიბებიან და ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვიან",- განაცხადა აბაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



