თამთა ჩაჩანიძე
(13.01.2026)

რუსთავის მე-12 ციხეში ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის 5-წლიანი სასჯელის ათვლა დაიწყო. მისი დაპატიმრება კვლავ აქტიურად განიხილება, მათ შორის მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ეს საკითხი მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ანალიტიკოსების ნაწილს მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ასეთი მნიშნელოვანი ფიგურის პატიმრობამ, შესაძლოა, გარკვეული უკმაყოფილებაც გამოიწვიოს თავად „ოცნების" მხარდამჭერებში, თუმცა მთავარი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრემიერის დაკავება არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ შიდა კლანური დაპირისპირების გამოვლინებაა. ანალიტიკოსების ნაწილი ამ მოსაზრებას ეთანხმება, ნაწილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2023 წლის ცნობილი განცხადების შემდეგ მმართველი პარტიის პოლიტიკა და მიდგომა შეიცვალა და კორუფციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერისათვის პატიმრობის მისჯა საკმაოდ სწრაფად მოხდა. ამან კი გააჩინა მოსაზრება, რომ შესაძლოა პრემიზდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალოს. თუმცა, ანალიტიკოსების უმრავლესობას ეს არარეალურად მიაჩნია.

რუსთავის ციხეში ღარიბაშვილი უფებადამცველებმა 13 იანვარსაც მოინახულეს. ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, ექ ექსპრემიერი „მხნედ არის, მოპყრობაც ნორმალურია" და „საზოგადოების მიმართ კონკრეტული მესიჯი არ დაუბარებია".

ღარიბაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გარდა ამისა დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა და ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული თანხა, რომელიცა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

„ოცნების" წარმომადგენლები ღარიბაშვილზე

როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „პალიტრანიუსთან" აცხადებს, ნათელია, რომ ყოფილი პრემიერის დაკავება „დეკლარაციის არასწორად სევსების გამო არ მომხდარა". მისი თქმით, ეს არ უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას და არის „ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი კორუფციასთან ბრძოლაში".

„ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამოძიებასთან ითანამშრომლა. მისი თქმით, საქმის ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და თანამშრომლობა „ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო".

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ეს მტკივნეული თემაა" არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის.

„ოცნების" მხარდამჭერების პოზიცია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას უშვებს შესაძლებლობას, რომ ღარიბაშვილის დაკავებამ „ოცნების" მხარდამჭერებში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

„ვუშვებ ალბათობას, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერებში ღარიბაშვილის დაკავებამ უარყოფითი განწყობები გამოიწვიოს. მხარდამჭერების არცთუ მცირე რაოდენობა ჰყავდა და მათში უსიამოვნო კითხვები გაჩნდება. „ოცნების" ამოცანაა, რომ ზოგადი პასუხებით კი არ შემოიფარგლოს, არამედ, ამომრჩევლის ამ სეგმენტს დამაჯერებელი მისაღები პასუხები გასცეს, თუ როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილი საბრალდებო სკამზე და ციხეში.

„მხარდამჭერებში პროცესები როგორ განითარდება, ახლა ამის თქმა რთულია, ეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება. თუ ეს ხალხი „ოცნებაზე" საბოლოოდ განაწყენდა, შეიძლება იმ პარტიებისკენ გაიხედონ, რომლებიც „ოცნების" წიაღიდანაა - „ხალხის ძალა", „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" და სხვები. არ გამოვრიცხავ, რომ ნაწილმა სხვა პოლიტიკურ ძალებს დაუჭიროს მხარი, მაგრამ არ მგონია ეს იმხელა ელექტორალური რესურსი იყოს, რომ გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე. არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რამაც შეიძლება საერთოდ გადაფაროს ღარიბაშვილის თემა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერტაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მმართველი პარტიის მხარდამჭერებში განხეთქილებას აგმორიცხავს.

„არ მგონია ღარიბაშვილის დაკავებამ „ოცნების" მხარდამჭერებზე იმოქმედოს. შესაძლოა ამბობენ, რომ გული სტკივათ, მტკივნეულია მათთვის, მაგრამ ღარიბაშვილს რეალურად მხარს არავინ არ უჭერს. გამოვრიცხავ, რომ „ოცნება" ღარიბაშვილის მომხრეებად და მოწინააღმდგეებად დაიყოს, რადგან ისინი მხარს უჭერენ ბიძინას, ფულს და პრივილეგიებს. ეს გახარიას მაგალითმაც დაგვანახა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კორუფციასთან ბრძოლა, თუ შიდა დაპირისპირება

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლაა:

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას არაფერი რომ არ გაეკეთებინა და ღარიბაშვილისთვის ხელი არ ეხლო, ვინმე რამეს დაამტკიცებდა და ისეთ ინფორმაცის ამოიღებდა, რომელიც რეზონანსული შედეგის მომტანი იქნებოდა? არა! ოპციური ფლანგი მასზე აქამდე ლაპარაკობდა, მაგრამ ამას „ოცნებისთვის" ზიანი არ მიუყენებია.

  • „ვფიქრობ, ღარიბაშვილის და არა მარტო მის მიმართ გახორციელებული ქმედებები „ოცნების" მიდგომების ცვლილების შედეგია. პარტიამ გადაწყვიტა კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისი გზამკვლევი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2023 წელს დასახა".

ნიკა ჩიტაძის თქმით კი, ექსპრემიერის დაკავება მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგია.

„ესაა შიდა დაპირისპირების შედეგი. უბრალოდ, კობახიძემ პოზიციები გაიმყარა და დიდი ალბათობით, შეძლო ივანიშვილი დაერწმუნებინა, რომ ღარიბაშვილი კლანის დაუკითხავად ეუფლებოდა თანხებს. კანონის უზენაესობა მართლა რომ იყოს, მაშინ ძალიან ბევრ სხვასაც მოეთხოვებოდა პასუხი".

ახალი შესაძლო დაკავებები

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მსვლელობას ახალი დაკავებები მოჰყვეს:

„გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოძიების თვალთახედვის არეში რომელიმე ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკი მოხვდა, რომელსაც კორუფციული გარიგება დაუდასტურდება, არ მგონია მას ხელი დააფარონ".

ნიკა ჩიტაძე ასევე არ გამორიცავს, რომ ღარიბაშვილის დაკავებას გაგრძელება მოჰყვეს.

„არ გამოვრიცხავ ამ ქეისს მოჰყვეს მაღალი რანგის სხვა ჩინოვნიკების დაკავებები და ახალი კორუფციული სკანდალები.

 

 

  • "სისტემა არ იცვლება, კომუნისტური მმართველობის დროსაც ასე იყო - კომპარტიის ახალი მდივანი ძველს იჭერდა და ა.შ.", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

შესაძლო შეწყალება

ზაალ ანჯაფარიძე უახლოეს მომავალში არ ელოდება ღარიბაშვილის შეწყალებას.

„ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია ვერსია, რომ უახლოეს პერიოდში შეიწყალონ. შესაძლოა გავიდეს პატიმრობიდან ერთი წელი და ყაველაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ახლა, თვალსაწიერ მომავალში ამის გაკეთება ნაკლებად რეალურად მიმაჩნია. სიტუაციის ანალიზი სხვა პროგნოზის გაკეთების შესაძლელობას არ მაძლევს, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძეც ასევე არ ელოდება, რომ 19 იანვრის შეწყალების აქტში ღარიბაშვილსაც ვიხილავთ.

„ოცნებისგან" არაფერი გაგვიკვირდება, არაფერს არ ერიდებიან, თან ახლა ღარიბაშვილი უკვე პოლიტიკური გვამია. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში უფრო არა, მაგრამ, შესაძლოა, ცოტა მოგვიანებით, ვნებათაღელვა რომ ჩაივლის, მაშინ შეიწყალონ, თორემ გამოვა, რომ ამხელა თანხების მითვისება შეარჩინეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე