
ოქროს ფასი მიყოლებით რეკორდებს ხსნის. გაძვირების ტენდენცია იმდენად შეუქცევადია, რომ წლის ბოლოს ფასი, სავარაუდოდ, 5060 დოლარს მიაღწევს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო თითქმის 70%-ით არის გაძვირებული. ტენდენციას ხელს უწყობს ისიც, რომ ბოლო პერიოდში იგი, ფაქტობრივად, წამყვანი აქტივი გახდა და მისი საინვესტიციო ღირებულება ერთბაშად გაიზარდა. მოთხოვნა მატულობს საქართველოშიც, გაძვირების მიუხედავად, ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
ქართველი სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიო მონეტარულ პოლიტიკაში დიდი ძვრები ხდება და ამ პროცესში ჩაერთო საქართველოც, რაც ჩანს კიდეც ეროვნული ბანკის ქმედებებში, რომელიც ოქროს რეზერვებს ზრდის. არ არის გამორიცხული, მსოფლიო ოქროს სტანდარტს დაუბრუნდეს.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი ერთ თვეში 6.5%-ით გაიზარდა და ერთი უნცია ყვითელი ლითონის ღირებულებამ ამჯერად 4600 დოლარს მიაღწია, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 71%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 3%-ია.
რაც შეეხება ვერცხლს, ერთ თვეში 32%-ით გაძვირდა და 1 კილოგრამის ფასმა 2750 დოლარს მიააღწია. ერთი წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი 180%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სპეკულაციური ბუშტის გახეთქვა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, რაც ოქროს ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება. მეორე მხრივ, ირანში დაძაბალუბა და უკრაინის ომი ამძიმებს ვითარებას.
უმსხვილესი ამერიკული ბანკის "ჯიპი მორგანის" პროგნოზი შემაშფოთებელია. ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს 1 უნციის ფასი, სავარაუდოდ, 5060 დოლარს მიაღწევს. კიდევ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის "გოლდმან საქსის" მოლოდინით კი, 2026 წლის დეკემბრისთვის 1 უნცია ოქროს ფასი 4900 დოლარს გაუტოლდება.
ექსპერტები მომატებულ რისკს ვენესუელასა და გრენლანდიის საკითხებთან დაკავშირებითაც ხედავენ.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდება, ვიდრე მსოფლიოში არ დარეგულირდება სიტუაცია.
,,მოვლენები ცოტა შორიდან შევაფასოთ. ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბრიდან გვქონდა პროგნოზი, რომ 4-5 წელიწადში ოქროს ღირებულება 3500 დოლარს გასცდებოდა. სამწუხაროდ, პროგნოზი ახდა და მიმდინარე პერიოდში ოქროს ფასმა 4600 დოლარს მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბირჟაზე შიშის ფაქტორი ძალიან მძლავრია. გეოპოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია და ინვესტორები ენდობიან მხოლოდ ოქროს. მისი ნაწილობრივი ფუნქცია შეითავსა ბიტკიონმა და ისიც ძალიან გაძვირებულია. ეს ტენდენცია გაგრძელდება იქამდე, სანამ მსოფლიოში არ დარეგულირდება სიტუაცია.
რა თქმა უნდა, იმოქმედა იმანაც, რომ "ოპეკი პლუსის" წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს ნავთობის მიწოდების გაზრდის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი გაიაფდება, რაც ზეწოლის მექანიზმია რუსეთის ფედერაციაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ღრმა ფაზაში შევიდა კოალიციის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ოქროს ფასი 1 უნციაზე 5000 დოლარამდე აიწევდა და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოში დაუფარავად აცხადებენ, რომ გლობალური ფასების ზრდა ქართული ბაზრისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნოდარ ფოფორაძის შეფაასებით, საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა. მანვე, ამავე დროს აღნიშნა, რომ საქართველოში ოქროს ნაკეთობები ისევ რჩება მნიშვნელოვან სასაჩუქრე და საინვესტიციო აქტივად. შესაბამისად, რეალიზაციაში დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.
,,ქართული ბაზარი გლობალურ ფასებსა და ტენდენციებზე მიბმულია. შესაბამისად, გარკვეული გავლენა აქაც იგრძნობა. ახლა მსოფლიოში დიდი დაძასბულობაა და ოქრომ მეტი საინვესტიციო ღირებულება შეიძინა. იმდენად რეკორდული ფასია, რომ მოლოდინი სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა არც კრიზისი იგრძნობა. ეს არის ძვირფასი ლითონის ბაზარი, რომელიც ყველა სიტუაციაში იქცევს ყურადღებას. ის, რომ ოქრო ძვირია და ხალხი არ ყიდულობს, ასეთი ვითარება ნამდვილად არ არის, თუმცა მუდმივად ძვირდება და კიდევ მოიმატებს. სანამდე მივა ეს პროცესი, ძნელი სავარაუდოა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ნოდარ ფოფორაძემ და დასძინა ასევე, რომ საფასო ტრენდი ტექნოლოგიურ მიღწევებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
,,თანამედროვე ტექნოლოგიები მოითხოვს ე.წ. კრიტიკული მინერალების გამოყენებას და ერთ-ერთი ასეთი ოქროა. თუმცა იგი, ძირითადადმ მაინც გამოიყენება, როგორც საინვესტიციო ნედლეული და ეს განაპირობებს ყველაზე მეტად მოთხოვნას. როგორც საინვესტიციო ეკონომიკური სიძლიერის გარანტი, ოქრო, ყოველთვის იყო ბანკებში, ბოლო წლებში ჩვენთანაც მთავარი აქტივი გახდა. ინვესტორებისთვისაც იგი ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, ქვეყენის ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი. დოლარი თუ ნებისმიერი სხვა ვალუტა უფრო არამდგრადია, ვიდრე ოქრო და განსაკუთრებული ნდობაც ამით არის გამოწვეული", - დასძინა ნოდარ ფოფორაძემ.
ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 375 ლარი ღირს, 750-სინჯის - 283 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 222 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.45 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის დაახლოებით 6 ლარი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



