რეზონანსი
(12.01.2026)

პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი, ზბიგნევ ზიობრო, ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკისა და მისი გარემოცვის პირად შურისძიებაზე საუბრობს, მიზეზად კი მათი კორუფციისა და ქურდობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას ასახელებს.

მისი თქმით, ვარშავის რაიონულმა სასამართლომ ზუსტად დაახასიათა პოლონურ ოპოზიციაზე დაწყებული დევნა, როდესაც აღნიშნა, რომ ამ მხრივ არსებული ვითარება „სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე ელემენტარულ სტანდარტებსაც კი არ შეეფერება“.

„მე ავირჩიე პოლიტიკური ბანდიტიზმისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ვეწინააღმდეგები მომძლავრებულ დიქტატურას. ამას ვაკეთებ იმ პრინციპების სახელით, რომლებსაც ყოველთვის ვიცავდი და რომელთა გამოც ახლა დონალდ ტუსკის და მისი თანამოაზრეების პირადი შურისძიების სამიზნე გავხდი. მე გავხდი დევნისა და ცილისწამების კამპანიის ობიექტი, რადგან, როგორც გენერალურმა პროკურორმა, დავიწყე მრავალი გამოძიება მათ კორუფციასა და ქურდობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს სახსრები მიმართული იყო არა მხოლოდ მემარცხენე და ლიბერალური ორგანიზაციებისკენ - რომლებსაც ადრე ჰქონდათ მონოპოლია ასეთ დაფინანსებაზე - არამედ ქრისტიანული და კონსერვატიული ორგანიზაციებისკენაც.

ჩემზე და ამჟამინდელ ოპოზიციაზე ანგარიშსწორებამ - როგორც ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მართებულად თქვა - მიიღო „საძაგელი ქმედებების ფორმა, რომლებიც არ შეეფერება სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე ელემენტარულ სტანდარტებსაც კი“, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის გზით. სასამართლოს თქმით, ასეთმა ქმედებებმა გამოიწვია სიტუაცია, რომელშიც „პოლონეთის სახელმწიფოში არსებული პირობები შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც კრიპტოდიქტატურა“.

სწორედ ამას ვხედავთ პრაქტიკაში: მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ დემოკრატიული ოპოზიციისთვის „ნიურნბერგის პროცესს“ ჩაატარებს. ის დასცინის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ამბობს, რომ მისი შემდეგი „კერძები“ არიან (ანუ მისი მენიუს შემდეგი კერძი). ის წინასწარ აცხადებს განაჩენებს და აპატიმრებს მანამ, სანამ სასამართლოები საერთოდ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს, იუსტიციის მინისტრი ემუქრება პოლიტიკურ ოპონენტებს გატაცებით და საბარგულით წაყვანით. იგი ღიად ამბობს, რომ მას „სანდო მოსამართლეები“ სჭირდება“, - წერს პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი.

ზიობროს განცხადებით, პოლონეთში პოლიტიკური დევნის გამო, უნგრეთის მთავრობის მიერ მინიჭებული პოლიტიკური თავშესაფრის მიღება მოუწია, რის გამოც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს მადლობას უხდის.

„ეს მეთოდები პირდაპირ სტალინური სახელმძღვანელოდან არის ამოღებული. ისინი შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მოქალაქეს, რადგან ხელისუფლება სისტემატურად ანგრევს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ პოლონეთის მოსამართლეთა ერთი მესამედის უფლებას მართლმსაჯულების განხორციელებაზე - იმ მოსამართლეთა, რომლებიც მათი პოლიტიკური კონტროლის ფარგლებს გარეთ არიან დანიშნული. მათ უკანონოდ გააუქმეს საქმეების მოსამართლეებზე შემთხვევითი განაწილების პრინციპი, რათა უზრუნველყონ ისეთი სასამართლო კოლეგიების ჩამოყალიბება, რომლებიც მათ ბრძანებებს შეასრულებენ. ზოგი მოსამართლე - მაგალითად, ვარშავის სასამართლოების სისხლის სამართლის კოლეგიებში - უკვე ჩამოშორებულია მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო საბჭოების (ანუ თავად მოსამართლეთა) მოსაზრებების უგულებელყოფით, სასამართლოების თავმჯდომარეები უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული. პროკურატურა დაქვემდებარებული გახდა ტუსკის პარტიულ ინტერესებს ეროვნული პროკურორის უკანონო ჩამოშორების გზით. საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებიც და უზენაესი სასამართლოს განაჩენებიც კი არ სრულდება, თუ ისინი არ შეესაბამება ხელისუფლების ნებას.

ამ ვითარებაში, გადავწყვიტე, მიმეღო თავშესაფარი, რომელიც უნგრეთის მთავრობამ მომანიჭა პოლონეთში პოლიტიკური დევნის გამო.

გულწრფელად მადლობას ვუცხადებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ წერილში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის მამაცმა ლიდერობამ და პრინციპების მტკიცე დაცვამ უნგრეთი მსოფლიოსთვის მაგალითად აქცია - რწმენის, ოჯახის და სუვერენიტეტის ქვეყნად. სამწუხაროდ, იგივეს თქმა არ შეიძლება პოლონეთზე დონალდ ტუსკის მმართველობის პირობებში.

ამიტომ გადავწყვიტე დავრჩე საზღვარგარეთ მანამ, სანამ პოლონეთში სამართლის უზენაესობის რეალური გარანტიები არ აღდგება. მჯერა, რომ იმის ნაცვლად, დავემორჩილო გაჩუმებას და სიცრუის ნიაღვარს - რომლის უარყოფის შესაძლებლობაც არ მომეცემოდა - მეტის გაკეთება შემიძლია პოლონეთში მზარდი უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლით.

ასე მესმის დღეს ჩემი საჯარო მოვალეობა“, - წერს ზბიგნევ ზიობრო გავრცელებულ განცხადებაში.

ის ასევე საუბრობს პოლონეთის მთავრობის მხრიდან ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებაზე და აცხადებს, რომ "ქალები და დედებიც გახდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების სასტიკი აგრესიის მსხვერპლნი." ეს სცენარი კი მის მეუღლეზეც ვრცელდება, რასაც ზიობროს თქმით, ადასტურებს ტუსკის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული მუქარა.

„არ დავუშვებ, რომ ჩემი ცოლი, ჩემს ნაცვლად, დონალდ ტუსკის ფსიქოპათიური შურისძიების მსხვერპლი გახდეს. ამიტომ, მოვითხოვე, რომ ის საერთაშორისო დაცვის ქვეშ მოექცეს.

დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით პოლონეთის ამჟამინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მძიმე პასუხისმგებლობის წინაშე დადგებიან ასეთი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენებისთვის. მე პირადად მივიღებ მონაწილეობას ამ ბრძოლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობის აღდგენა“, - წერს ზიობრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე