რეზონანსი
(12.01.2026)

ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ყოფილ პრემიერთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის დააკავეს.

„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.

დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების.

„დღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს. კერძოდ, ის რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას. დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. კერძოდ სსკ-ის 194-ე მუხლის, მესამე ნაწილში, „გ“ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, დამატებით ერთი მლნ ლარი ჯარიმა, დამატებით ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

რაც შეეხება იმას ითვალისწინებს თუ არა ეს დანაშაული ვადაზე ადრე გათავისუფლებას, როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება…“- განაცხადა შაყულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე