
პრეზიდენტს შეწყალების აქტი არც ახალ წელს და არც შობის დღეს არ გამოუცია და არაა გამორიცხული, რომ ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულები ნათლისღებას გაათავისუფლოს. ამაზე თავად მიხეილ ყაველაშვილმაც მიანიშნა და მანამდე საპატრიარქომაც განაცხადა, რომ მმართველ პარტიას სამჯერ სთხოვა დაკავებულების გათავისუფლება.
„ქვეყანას სჭირდება ამ ტიპის შეწყალებები, ამიტომ სავარაუდოა, რომ რა თქმა უნდა შეწყალება იქნება", - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„ნათლისღებას",- ასე უპასუხა საშობაო ლიტურგიაზე სამების საკათედრო ტაძარში მისულმა ყაველაშვილმა ჟურნალისტს შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია იქნებიან თუ არა სიაში აქციებზე დაკავებულები.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას საპატრიარქოს სამჯერ მიმართა, მათ შორის მზია ამაღლობელზეც.
„პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქი დანაშაული ვისაც შეიძლება, რომ ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.
- „ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.
„ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, აქციებზე დაკავებულები კი ამბობენ, რომ შეწყალების წინააღმდეგები არიან, მაგრამ ეს ქვეყანას სჭირდება.
„აქციებზე დაკავებულები, ბუნებრივია, ცდილობენ, რომ უფრო ამაყად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შეწყალება მარტო იმისი კი არაა, ვისაც იწყალებენ, შეწყალება იმასაც აკეთილშობილებს, ვინც შეიწყალებს.
- „პრინციპში ქვეყანას სჭირდება ამ ტიპის შეწყალებები, ამიტომ სავარაუდოა,რომ რა თქმა უნდა შეწყალება იქნება. მით უმეტეს, რომ ეს პირები საზოგადოებისთვის ისეთი სახიფათო ადმიანები არ არიან, დიდი-დიდი ქუჩა ხელახლა გადაკეტონ".
კითხვაზე, ანუ მოსალოდნელია, რომ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე მართლაც გამოსცეს აქციებზე დაკავებულებზე შეწყალების აქტი, ანალიტიკოსმა გვითხრა, რომ „კი".
„პროცესები, რასაც უკვე 2 წელია ვაკვირდებით, ცეცხლიანი მაშხალების შეტევიდან დაიწყო. ვხედავთ, რომ შეტევის სიმძაფრე კლებულობს, აღარც მაშხალებია, აღარც მოლოტოვის კოქტეილები და სავარაუდოდოა, რომ კიდევ მოიკლებს, თუ დასავლეთიდან მხარდაჭერა არ გამოჩნდა. მე იმ ვერსიას ვემხრობი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პროტესტები დასავლეთის კისერზე იყო, თან ჩემი მიმხრობაც არაა საჭირო, დასავლეთიდან ჩამოსული თანამდებობის პირებიც ამ პროტესტებში იღებდნენ მონაწილეობას, რითაც ცხადი იყო, რომ ისინი მხარს უჭერებ.
„თუკი ეს მხარდაჭერა შემცირდა და სავარაუდოა, რომ მცირდება, ბოლო ხანებშიც აღარაა, ალბათ მძაფრი ნაბიჯებიც აღარ გადაიდგმება პროტესტანტების მხრიდან. (რომ გამოვლენ) აქციებში შეიძლება მიიღონ მონაწილეობა და ქუჩაში სხვებთან ერთად დადგნენ, მაგრამ რადიკალური ნაბიჯები მემგონი აღარ იქნება გადადგმული", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



