ნატალია ჯვარიძე
(07.01.2026)

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.

"მსურველთა კოალიციის" მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და აშშ-თან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. "განზრახვაზე დეკლარაციას" მოვაწერეთ ხელი, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე...

ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოსთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ...

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის", - განაცხადა სტარმერმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აღნიშნული დეკლარაცია სამშვიდობო კონტიგენტის განთავსებას გულისხმობს.

  • „ამ დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები და პლუს ბრიტანეთი ვალდებულებას იღებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების გარანტორები იქნებიან, სამშვიდობო კონტიგენტს შეიყვანენ, რომელსაც შესაძლოა ამერიკულიც შეუერთდეს.

ეს არის ძირითადი მომენტი, რომ მხარეების განშორიშორება მოხდეს და სამშვიდობო კონტიგენტი ჩადგეს. საფრანგეთი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ ამ პროცესის ხელშეწყობისთვის მზად არიან.

როგორ აისახება ეს პროცესზე, ამ ეტაპზე რთულია თქმა. ჯერ ისიც საკითხავია, დაზავდებიან თუ არა. თუმცა, ალბათ, ჩვენ ახალ კონფიგურაციას მივიღებთ, ახალი საერთაშორისო წესრიგის პირობების კუთხით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხდება თუნდაც დროებითი ზავი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე