მარიამ ვეკუა
(30.12.2025)

აშშ-მა ვენესუელაში ხმელეთზე დარტყმა პირველად განახორციელა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამიზნე სანაპირო ბაზა იყო, რომელსაც ნარკოტიკების ჩასატვირთად იყენებდნენ. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები ამ ნაბიჯს ვაშინგტონის მხრიდან მადუროს ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალ, უფრო აგრესიულ ფაზად აღიქვამენ და რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე მიანიშნებენ.

აშშ-მა იერიში მიიტანა ბაზაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ვენესუელური ნავების მიერ ნარკოტიკების ჩასატვირთად გამოიყენებოდა - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 დეკემბერს განაცხადა.

  • დონალდ ტრამპი: „ჩვენ ყველა ნავს დავარტყით, ახლა კი ტერიტორიას, ეს არის განხორციელების ადგილი და ის აღარ არსებობს".

მას შემდეგ, რაც ტრამპმა მადუროს ხელისუფლებაზე ზეწოლა დაიწყო, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ ვენესუელაში ხმელეთზე მოქმედებს. მედიის ცნობით, დარტყმის დროს ობიექტზე არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.

„ნავმისადგომთან ახლოს, სადაც ნარკოტიკებით ტვირთავენ ნავებს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩვენ ყველა ნავს დავარტყით, ახლა კი ტერიტორიას, ეს არის განხორციელების ადგილი და ის აღარ არსებობს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდასხმა „სანაპიროს გასწვრივ" განხორციელდა, თუმცა ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა დარტყმა სამხედრო თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაცია.

„ზუსტად ვიცი, ვინ იყო, მაგრამ არ მინდა ვთქვა", - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.

„სი-ენ-ენ"-ის ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ოპერაციას სადაზვერვო მხარდაჭერა გაუწიეს, თუმცა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალი ვეისკოფმა ეს უარყო და განაცხადა: „სპეციალურმა ოპერაციების ძალებს, ამ ოპერაციაში, სადაზვერვო მხარდაჭერის ჩათვლით, მონაწილეობა არ მიუღიათ".

წინაისტორია

ტრამპის ადმინისტრაცია მანამდეც იმუქრებოდა, რომ რეგიონში ნარკოკარტელების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები „მალე" დაიწყებოდა.

„მათ აქვთ დიდი ქარხანა, სადაც გემებს აგზავნიან", - აცხადებდა ტრამპი.

თეთრმა სახლმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ და პენტაგონმა ისევე როგორც ვენესუელას მთავრობამ, ტრამპის განცხადებაზე საჯაროდ კომენტარი არ გააკეთეს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ნარკოტიკებით მოვაჭრეები „ალ-ქაიდას ღ"იად შეადარა.

„ეს ნარკოტერორისტები ჩვენი ნახევარსფეროს ალ-ქაიდა არიან", - განაცხადა მინისტრმა ამ თვის დასაწყისში: - „და ჩვენ მათზე იმავე დახვეწილობითა და სიზუსტით ვნადირობთ, როგორც ალ-ქაიდაზე ვნადირობდით".

ცნობისთვის, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ადრე განაცხადა, რომ აშშ-ს ეს ქმედებები კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა: „აშშ-ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე