ინდაურის ფასი 200 ლარია, 1 კგ გოჭის ხორცი - 45 ლარი, ყველი - 20 ლარი, შოკოლადი - 30-50 ლარი...
ქეთო გოგოხია
(29.12.2025)

კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო წინასაახალწლოდ მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის პროდუქტები ძნელად ხელმისაწვდომია. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, დადებითი განწყობა არც გამყიდველებს აქვთ, რომელთა ინფორმაციითაც შარშანდელთან შედარებით, ნაკლები აქტიურობაა. საუბარი არ არის მხოლოდ იმპორტულ პროდუქტზე, ადგილობრივ  სურსათზეც ფასები საგრძნობლად გაზრდილია. შეიძლება ითქვას, რომ  ასეთი ძვირი საახალწლო სუფრა არასდროს ყოფილა. 

ამ ყველაფერს ამძაფრებს პრემიერის მკვეთრი განცხადება სუსრსათსა და მედიკამენტებზე მაღალი ფასების შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება პროდუქტებზე ფასის შემცირებას, არის გარკვეული ეჭვი, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან.

გაძვირებულ სურსათთან დაკავშირებით მოსახლეობის მდგომარეობა წინასაახალწლოდ იმდენად არასახარბიელოა, რომ  ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს, სადღესასწაულო ვახშამი გამორჩეულად მოამზადოს. შესაბამისად, წელს ბაზარში შესამჩნევად შემცირებულია მყიდველთა რაოდენობა. ხალხი იძულებულია, არჩევანი დაბალ ხარისზე გააკეთოს ან უარი თქვას კერძების ნაწილის მომზადებაზე, რომლებიც ტრადიციულად საახალწლო სუფრას ამშვენებს.

ახალი წლის მთავარი შემადგენელი კერძის ინდაურის ფასი 200 ლარამდეა, 1 კგ გოჭი მომხმარებელს  45 ლარამდე გაუძვირდა. საქონლის ხორცის ფასი 23-დან 30 ლარის ფარგლებშია, თუმცა ღორის ხორცი არ გაძვირებულა და 14 ლარს შეადგენს. 23-25 ლარის ფარგლებშია იმპორტული ნიგოზი, ქართული ნიგგვზის ფასი 30-35 ლარს აღწევს. 18-20 ლარი უნდა ივარაუდოთ იმერული ყველის შესაძენად, ხოლო სულუგუნი 25 ლარი ღირს. უპრეცედენტოდ მაღალი ფასი აქვს შოკოლადსა და სხვადასხვა ტკბილეულს, რომელიც 25-30 ლარიდან იწყება და 50-60 ლარსაც აღწევს. მომხმარებელი იძულებულია დაბალი ხარისხის, გაურკვეველი შემადგენლობის ტკბილეულს დასჯერდეს ან საერთოდ უარი თქვას ყიდვაზე.

როგორც ეკონომისტმა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მომავალი წლიდან პროდუქტებზე ფასი, სავარაუდოდ, გადაიხედება, თუმცა საახალწლო სიძვირეს ჯერჯერობით არაფერი ეშველება.

,,ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და სურსათის ღირებულების მთავარი მიზეზიც ესაა. მწარმოებელი ქვეყანა რომ ვიყოთ,  ფასიც ნაკლები გვექნებოდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სასურსათო პროდუქცია ევროპაში სიძვირით არ გამოირჩევა, მაგრამ არის ისეთი საკითხიც, სადაც მართლაც სიძვირე გვაქვს. ესააა რძის პროდუქტები. მოგეხსენებათ, საქართველო საძოვრებიანი ქვეყანა და კარაქს უცხოეთიდან რატომ უნდა ყიდულობდეს? ევროპაში ხუთეულში ვართ რძის სიძვირით. 

რაც შეეხება იმპორტულ პროდუქტს, მას ვერ გავაიაფებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების მთავარი პრობლემა ფასი კი არა დაბალი შემოსავალია. მთავრობის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ამის აღმოფხვრა უნდა იყოს. სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, სურსათზი მაინც არ გაიაფდება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მომცელიძემ.

აგრარულ ბაზრებში, სიძვირის გამო, მომხმარებლის წუწუნს ხშირად გაიგონებთ. ხილ-ბოსტნეულის წლევანდელი ფასით ყველა გაღიზიანებულია. თბილისელი თამარ ხაჩიძე ამბობს, რომ 2 წლის წინ დაკარგა სამსახური, ამ ხნის  განმავლობაში მისი ძირითადი საქმიანობა დიასახლისობა გახდა. ზოგიერთ პროდუქტზე ასეთი მაღალი ფასი არასდროს უნახავს.

,,ხორცის პროდუქტებსა და ხილ-ბოსტნეულზე ასეთი ფასები ძალიან მანერვიულებს. ახალი წელია და ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც მიჭირს. ხორცი  ორმაგად ძვირია, ხარისხიანი ტკბილეულის ყიდვა საერთოდ წარმოუდგენელია. შოკოლადი 100%-ზე მეტით არის გაძვირებული. ჩემი ოჯახის შემოსავალი კი ერთი თეთრითაც არ გაზრდილა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს მდგომარეობაზე მწვავედ აისახება. გამოხვალ 100 ლარით და ვერაფერს იყიდი, რასაც შარშან ვყიდულობდით, იმის მესამედი არ არის”, - ამბობს თამარ ხაჩიძე.

როგორც აღმოჩნდა, საახალწლო რეალიზაციით უკმაყოფილო არიან მოვაჭრეებიც, რომელთა ინფორმაცვიითაც მომხმარებელი გაუნახევრდათ. გლდანის  სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრის ნანული კილასონიას თქმით, ასეთი ცუდი ვაჭრობა არ ახსოვს.

,,სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა სეგმენტში შეიმჩნევა ადამიანების სიმცირე. მანდარინის და ვაშლის გარდა, სხვა ხილი ნაკლებად იყიდება. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ხორცეულის დახლებთან თუ რიგი იდგა, ახლა ყველგან სიხალვათეა, ვერც კი შეატყობ, რომ საახალწლო სამზადისია ქალაქში. ეტყობა, უფრო მაღაზიების ფასდაკლებებზე აქვს ხალხს აქცენტი, იქ გაცილებით მეტი აქტიურობაა. როგორ შეიძლება, ამ სიტუაციიდან ვინმე სარგებნელს ხედავდეს. ყველაზე დიდ იმედს საახალწლო გაყიდვებზე ვამყარებთ და ესეც არ გამოგვდის. 

შეიძლება, მომავალი წლიდან შეიცვალოს სიტუაცია, თუ მართლა დაიწყება ფასების კონტროლი და პრემიერი ამ საკითხს პირადად მიხედავს. მოსახლეობის მდგომარეობა უარსედება და არც ჩვენს ვართ უკეთეს სიტუაციაში", - უთხრა უკმაყოფილო მოვაჭრემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე