
უკრაინამ შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩაატაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების დასამტკიცებლად ორ ვარიანტზე ისაუბრა. მისივე თქმით, პირველი ეს არის სამშვიდობო შეთანხმების პარლამენტში რატიფიკაციისთვის წარდგენა, ხოლო მეორე საყოველთაო რეფერენდუმი, რომელთან ერთადაც საყოველთაო არჩევნების ჩატარებაც შესაძლოა გადაწყდეს.
„უკრაინა ამ შეთანხმებას რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგენს, ან „დიახ", ან „არა" ფორმატით საყოველთაო რეფერენდუმს ჩაატარებს. უკრაინამ შესაძლოა, რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარებაც გადაწყვიტოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ შეთანხმება სრულად იქნება რატიფიცირებული ან რეფერენდუმით დამტკიცებული.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ არჩევნებში ზელენსკის გუნდი გაიმარჯვებს.
„ზელენსკიმ სწორი და ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავა, რადგან ტრამპის სამშვიდობო გეგმას ვერ მიიღებს, ვინაიდან ეს უკრაინისთვის დიდი პრობლემაა. ამას ვერცერთი უკრაინელი დათანხმდება.
რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას, ეს პრობლემა არაა. ერთი მომენტია ის, რომ რუსებმა აზოვის ზღვა შიდა რუსულ ზღვად აქციეს. დანარჩენი რაღაც კარდინალური ცვლილებები არაა. ომამდე უკრაინა იმ ტერიტორიებზე არჩევნებს მაინც ატარებდა. დღეს ბევრს არ ესმის, რომ რუსებმა დასახულ გეგმას ვერ მიაღწიეს და თითქმის ის მდგომარეობაა, რაც ომამდე იყო. ეს კრემლის დიდი ტრაგედიაა.
მე მგონია, რომ არჩევნებში ზელენსკი და მისი გუნდი გაიმარჯვებს, რადგან მან დაამტკიცა, რომ შეუძლია მტერს ღირსეული პასუხი გასცეს. კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნიდან არ გაქცეულა და უკრაინელებთან დარჩა.
- უკრაინის სამხედრო ძალებმა ძალიან ეფექტურად იმოქმედეს და ახლაც კი, კუპიანსკი დაიბრუნეს,
იმის მიუხედავად, რომ პუტინმა თქვა, კუპიანსკი რუსეთს ეკუთვნისო. პრინციპში, ახლა სამშვიდობო ზავი რომ დაიდოს, უკრაინას უფრო აწყობს, ვიდრე რუსეთს.
უკრაინას ომი არ დაუწყია, რუსეთმა წამოიწყო და ღირსეული პასუხიც მიიღო",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



