თამთა ჩაჩანიძე
(24.12.2025)

ოპოზიციაში კვლავ ბრძოლის ალტერნატიულ გზებზე საუბრობენ - მიაჩნიათ, რომ სიმართლე მათ მხარესაა, თუმცა, „ქართულ ოცნებას" უფრო დიდი ფიზიკური ძალა აქვს და "როცა უხეშ ფიზიკურ ძალას ეჯახები, შენც უხეშ ძალაზე უნდა იფიქრო", რაც ამ წუთას ოპოზიციას "არ აქვს".

"ხელისუფლების წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ გამოვა - საჭიროა პოლიტიკური პარტიების ერთობა, მაგრამ ვერ ხერხდება.

"რაღაც კიდევ უნდა ვცადოთ, უნდა ვეძებოთ და მოვნახოთ ის ფორმა, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან წარმოგვადგენს, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ჯგუფებს", - აცხადებს „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე.

"უხეში ფიზიკური ძალა"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას ძალა მართლაც არ აქვს.

"კაკოს კარგად ვიცნობ, დაწყებული 1992 წლიდან პარლამენტში ერთად ვართ. როცა გამოვდიოდი და ამერიკელი სენატორების სიტყვებს ვციტირებდი, რომ სააკაშვილმა პუტინს აფხაზეთი და ცხინვალი ლანგარზე მიართვა, მომივარდა უკნიდან და თავში ჩამარტყა, ეს სკანდალი პარლამენტში იყო, მე არც ვუპასუხე, არც მივიხედე. არ ვიცი რაღაცა მსგავს თუ გულისხმობს, მაგრამ, რასაც მე ვხედავ, სახელმწიფო ძალას მხოლოდ კანონის ფარგლებში იყენებს, როცა სხვა გამოსავალი არაა.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო საათების განმავლობაში პირდაპირი დამიზნებით ფეიერვერკებით რომ წვავდნენ პოლიციას, ჯამში 140-ზე მეტი დაზიანდა, ზოგი ძალიან მძიმედ, პოლიცია იდგა და არ პასუხობდა. დასავლეთში პოლიციელს რომ ფეიერვერკი ესროლო, მას არც მინისტრის ბრძანება სჭირდება და არავის ნებართვა, ვალდებულია დამნაშავეს მყისვე უპასუხოს. აქ საკმარისია პოლიციამ ხელი გაანძრიოს - აი გვხოცავენ, გვკლავენ გვწამლავენ და გვცემენ.

"წარმოუდგენელია კიდევ რამე რომ მოაწყონ. მახსოვს ხაბეიშვილი ყვიროდა, თუ სააკაშვილი არ გამოუშვეს, მე თვითონ ძალით შევალ და გამოვიყვანო. ესაა ფანტასტიკური ბაქიბუქობა, მერე ხაბეიშვილს არაფერი არ გაუკეთებია. იდეაფიქსი აქვთ, რომ რომ შევვარდეთ პარლამენტის შენობაში, მერე უკვე ყველაფერი ჩვენი იქნებაო.

 

  • "ის პრეცედენტი, რომ სააკაშვილი შევიდა, შევარდნაძის ჩაი დალია და მთელი "კარტინკა" დაიდგა, მათ ლანდად სდევთ. რომ შევარდნენ შენობაში რაა? როგორც შევარდებიან, ისე გამოიყვანენ, სწორედ ამიტომ იყო რომ ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციას ასეთი ენთუზიაზმით ანგრევდა. ამას თუ გულისხმობდა ბობოხიძე არ ვიცი და სხვა მხრივ შეიძლება იყოს წმინდა წყლის ბაქიბუქობა, რისი გამკეთებლებიც არ არიან. ის ერთ რამეშია მართალი, არ აქვთ ძალა".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უხეში ძალა "ოცნებაა", თუმცა, რევოლუცია პოპულარული არაა.

 

"უხეში ძალა აშკარად "ქართული ოცნებაა" სადაც კი საშუალება აქვს, აბსოლუტურად უსამართლოდ და უკანონოდ აპატიმრებს. ბობოხიძეს კარგად ვიცნობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ ეს ერთობა რა არის. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია ენმ-სთან აფილირებული ძალები.

"ახლა ჩამოყალიბებულია არჩევნებისგან დამოუკიდებელი ენერგია - ადამიანები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, ამ ადამიანებს არავითარი მოთხოვნილება არ აქვთ, მოთხოვნილება აქვს დანარჩენ სამ კატეგორიას - პირველი კატეგორია, ყოველთვის ხმას მმართველ ძალას აძლევს და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში.

მეორე "ოცნების" მხარდამჭერები - მმართველ ძალას კარგ პერიოდში 40% აქვს და ცუდში 25%, მერე აყალბდნენ ხოლმე შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ახლა ივანიშვილი. მესამე, რომელიც ნამდვილად ხმას აძლევს ენმ-ს და მასთან აფილირებულ ნებისმიერ სხვა პარტიას.

"არის მეოთხე ძალა, რომლისთვისაც მიუღებელია, როგორც "ქართული ოცნება". ისე "ნაცმოძრაობა", ამას მესამე ძალას ვეძახით. ამ ენერგიას მოაჯდა "ლელო", მერე გახარია, "გირჩი", ახლა ყიფიანი აპირებს. ვისაც მესამე ძალის პრეტენზია აქვს, საკმაისია ან ენმ-ს, ან "ოცნებას" გაეკაროს, მაშინვე "ჭუჭყიანდები". ამიტომ კარგი იქნება თუ "ნაცმოძრაობა" თვითონ გაერთიანდება.

"შეიძლება ისევ რევოლუციაზე ფიქრობენ, მაგრამ ე.წ. მესამე ძალა რევოლუციაზე არასდროს არ გავა. თუ ბობოხიძე ფიზიკურ ძალაში აქეთა მხრიდან ფიქრობს, რომ რევოლუციური ფაქტორებია საჭირო, იფიქრინ, მაგრამ რევოლუციების გამტარები თუ არიან. არ სჯობს საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ?

 

  • "რევოლუცია უკიდურესი და ყველაზე უფრო არაპოპულარული და მავნე ფორმაა, რადგან ქვეყანას უკან აგდებს. ამ ფონზე ვისწავლოთ ჩვენს ამომრჩეველთან ლაპარაკი".

 

პარტნიორებთან მომუშავე ჯგუფი

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ოპოზიციაში დასავლეთთან ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობაა.

"ერთმანეთის მიმართ დიდი ეჭვიანობაა ვინ უკეთ აგვარებს ურთიერთობას დასავლეთის სპონსორებთან და თანამოაზრეებთან და ვინ ვის აჯობებს ამ ურთიერთობაში. შემდეგ კი ამბობენ, უნდა ვაღიაროთო, რომ ჩვენგან დასავლეთში არაერთგვაროვანი სიგნალები მიდისო, ეს განცხადებები იყო, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო.

"როცა დასავლეთიდან ჩამოდიან, ოპოზიციაში ცდილობენ ცალკ-ცალკე შეხვდნენ და ცალკ-ცალკე მიაღწიონ რაღაც ურთიერთობების გაუმჯობესება-დალაგებას, რომ აი მე უკეთესი ვარო და ჩემთან გქონდეს საქმეო",- განაცხადა მამრაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თავად ენმ-ში უნდა ჩამოყალიბდნენ ერთობაზე.

"არ მესმის ეს რა საჭიროა, თვითონ "ნაცმოძრაობაში" უნდა ჩამოყალიბდნენ რა და როგორ უნდათ. თავისი თავით დაიწყონ ეს ერთობა და მერე ილაპარაკონ, ჰარმონიული და იდეალური კავშირი გვაჩვენონ. მათ ნომრებიც კი აღარ აქვთ, ამიტომ ჯერ თავის თავს მიხედონ და მერე სხვას",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას ამბობს ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძის თქმით, სიმართლე ოპოზიციის მხარესაა, მაგრამ ფიზიკური ძალა "ქართულ ოცნებას" უფრო დიდი აქვს.

"ქვეყანა თავზე გვაქვს ჩამომხობილი. სიმართლე შეიძლება არის ჩვენს მხარეზე, ოღონდ სიმართლე არ ნიშნავს ფიზიკურ ძალას. ფიზიკური ძალა „ქართულ ოცნებას" აქვს უფრო დიდი და ეს ქვეყნის შიგნით ჩანს. ჯერ რუსთაველის გამზირიდან გაგვდევნეს, ახლა ტროტუარიდანაც გაგვდევნეს. ოღონდ ყველაზე მეტად, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ოპოზიცია რას ვშვრებით ამ დროს. როცა უხეშ ფიზიკურ ძალას ეჯახები, მაშინ შენც უხეშ ფიზიკურ ძალაზე უნდა იფიქრო, რაც სამწუხაროდ ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს.

"ნორმალურ პირობებში პირველადი ის არის, რაც შენს ქვეყანაში ხდება, მეორადი უნდა იყოს გარედან მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში პირველადი გახდა გარედან დახმარება.

საჭიროა პოლიტიკური პარტიების ერთობა, მაგრამ ვერ ხერხდება. რაღაც კიდევ უნდა ვცადოთ, უნდა ვეძებოთ და მოვნახოთ ის ფორმა, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან წარმოგვადგენს, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ჯგუფებს. ცალ-ცალკე აღებული თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმ ვართ ბოლო საარჩევნო შედეგების ნიშნულზე, თუ არა გაუარესებულზე.

"ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ გამოვა. მით უმეტეს, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების" წინა მთავრობებისაგან, ამ ჯგუფს აქვს პოლიტიკური მდგენელი. ეს ჯგუფი უფრო ერთიანია და დღეს შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი არცთუ ისე პირდაპირ ემორჩილებოდეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე