მარიამ ვეკუა
(23.12.2025)

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კვირას გაკეთებულმა განცხადებამ, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, აშშ-სა და ევროპის ისედაც დაძაბული ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს. ტრამპმა კუნძულზე თავის სპეციალურ წარმომადგენელიც დანიშნა, რამაც დანიის ხელისუფლებასა და გრენლანდიის მთავრობაში სერიოზული პროტესტი გამოიწვია. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩს იბარებს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა დანიას.

გრენლანდია, რომელიც მსოფლიოში უდიდეს კუნძულს წარმოადგენს 57 000-იანი მოსახლეობით, დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, თუმცა 1979 წლიდან გარკვეული ავტონომიით სარგებლობს, ჰყავს საკუთარი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. 2009 წლის შეთანხმებით კი, მას დანიისგან გამოყოფის უფლებაც აქვს.

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მისი სტრატეგიული მდებარეობა კი გრენლანდიას აშშ-ის ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის სისტემის მთავარ ნაწილად აქცევს.

შეგახსენებთ, ტრამპმა გრენლანდიის ყიდვა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც სცადა. მაშინ, 2019 წელს, როგორც დანიამ, ასევე გრენლანდიის მთავრობამ ეს წინადადება უარყვეს და განაცხადეს: „გრენლანდია არ იყიდება".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და განაცხადა, რომ მის მიერ კუნძულზე დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი „ამ საქმეს უხელმძღვანელებს".

გარდა ამისა, ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი ოფიციალურად დანიშნა გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად. ტრამპი მხარს უჭერს გრენლანდიის აშშ-ის შემადგენლობაში შესვლას მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ხოლო ლენდრი, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობა 2024 წლის იანვარში დაიკავა, ამ იდეას იზიარებს,

 

  • დონალდ ტრამპი: „ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და ეს უნდა გვქონდეს"

ტრამპმა თავის განცხადებაში ჩინური და რუსული გემები და მათგან მომდინარე პოტენციური საფრთხეები ახსენა.

„ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის და არა მინერალებისთვის... თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდებათ. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და ეს უნდა გვქონდეს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პალმ-ბიჩში, ფლორიდაში.

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ოფიციალურ კოპენჰაგენზე დამატებითი ზეწოლა განახორციელა - აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მშენებარე ხუთი მსხვილი ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის იჯარის ხელშეკრულებები შეაჩერა, მათ შორის ორს დანიის სახელმწიფო კომპანია „ორსტედი" ახორციელებდა.

სამშაბათს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის:

„თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია საერთაშორისო უსაფრთხოებაზე კამათის შემთხვევაშიც კი... გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ გრენლანდიას ვერ დაიკავებს".

დიპლომატიური დაძაბულობა იზრდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „იქსზე" გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიელ ხალხს".

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა, განაცხადა, რომ დანიაში აშშ-ის ელჩს, კენეტ ჰოუერს, რომელმაც გრენლანდიაში ბოლო ვიზიტის დროს „ურთიერთპატივისცემის" პირობა დადო, ახსნა-განმარტებისთვის აუცილებლად დაიბარებს.

  • დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „არსაიდან გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც, მისივე თქმით, გრენლანდიის ხელში ჩაგდება ევალება. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია".

„არსაიდან გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც, მისივე თქმით, გრენლანდიის ხელში ჩაგდება ევალება. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია", - განუცხადა რასმუსენმა ადგილობრივ მედიას.

„ეს არის რთული სიტუაცია, რომელშიც ჩვენი მთელი ცხოვრების მოკავშირეები გვაყენებენ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, მიკელ ვედბი რასმუსენმა „როიტერსს" განუცხადა: „ეს დანიშვნა აჩვენებს, რომ დანიის მიერ გრენლანდიაში, არქტიკის დაცვაში ჩადებული მთელი თანხა და ყველა ის მეგობრული სიტყვა, რაც ამერიკელებს ვუთხარით, ამას საერთოდ არ მოუხდენია ეფექტი".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე