„ალბათ პუტინს გული არ შეუწუხდებოდა, კობახიძეს თავყრილობა რომ დაეტოვებინა“
ნატალია ჯვარიძე
(12.12.2025)

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ევროკავშირთან სტრატეგიული მოთმინების რეჟიმი გაცხადებული აქვს და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მას მსოფლიო პროცესები არ დაასუსტებს. ის „რეზონანსთან" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და თურქმენეთის ფორუმში საქართველოს მონაწილეობას დადებითად აფასებს.

რამაზ საყვარელიძე: საქართველოს სტრატეგიული მოთმინების რეჟიმი გაცხადებული აქვს. სავარაუდოდ, იქამდე მოითმენს, სანამ მსოფლიო პროცესები იმ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს დღემდე ებრძვის, არ დაასუსტებს. ამის ტენდენცია უკვე ჩანს. სულ უფრო ხშირად არჩევნების თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად ხელისუფლებაში მემარჯვენე კონსერვატიული ორიენტაციის ძალები მოდიან, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს. საქართველო სტიქიური მოვლენების ჩაწყნარებას ელოდება. თუკი სუსტი ხარ, სტიქია რომ აიწყვიტავს, მასთან ბრძოლას სჯობს, დაიცადო. საქართველოს ევროკავშირთან ბრძოლის ინსტრუმენტები ახლა არ აქვს. თუმცა დათმობა ძალიან სახიფათოა. ახლა მიდის ჭიდაობა, რომ რატომ ვებრძვით? ჩვენთვის ცუდი უნდათ? ჩვენთვის, ან სხვა ქვეყნებისთვის თუ ცუდი არ უნდათ, მაშინ რატომ არის ეს ტენდენცია, რომ ევროკავშირის შეზღუდვაზე ყველა საუბრობს, ტრამპიდან დაწყებული.

„რეზონანსი": ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების თურქმენეთის ფორუმში მონაწილეობა საჭირო არ იყო და კობახიძის პუტინთან ერთად დგომას აკრიტიკებენ. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? რამდენად გამართლებულია საქართველოს წარმომადგენლების ყოფნა ასეთ სიტუაციაში?

რ.ს: იყო ასეთი ფრაგმენტი, როცა მაკა ბოჭორიშვილმა თავყრილობა მას მერე დატოვა, რაც რუსეთის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ასეთ ნაბიჯს სხვა შედეგი გარდა პოლიტიკური ქვეტექსტისა, არ ჰქონდა. ახლა კი, როცა ასეთ ფორუმზეა ლაპარაკი, ბევრი სხვადასხვანაირი ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ეკონომიკური. ჩვენ გვინდა ჩინეთის აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყანა ვიყოთ, რომელზეც უნდა გაიარონ არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ აზიის ტვირთებმაც. ფორუმზე სავარაუდოდ ამ თემაზეც უნდ ყოფილიყო საუბარი. მარტო იმიტომ, რომ იქ რუსებიც იყვნენ ამ პერსპექტივაზე უარის თქმა და უჩვენოდ გადაწყვეტა, თუ სად გაივლის აზიის ტვირთები, მგონი, სწორი არ იქნებოდა. მითუმეტეს ალბათ პუტინს გული არ შეუწუხდებოდა, კობახიძეს თავყრილობა რომ დაეტოვებინა.

„რ": „ოცნებამ" შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონი მესამედ გაამკაცრა. ახალი წესით, შეზღუდვები ტროტუარებზეც გავრცელდება. როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებას?

რ.ს: იქ ხაზგასმულია, რომ პროტესტი არ უნდა ხდებოდეს სხვების ხარჯზე, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც იმ ქუჩებზე ცხოვრობენ, ან გადაადგილდებიან და ეს მოვლენები ხელს უშლით. ადამიანის უფლებების კანონში წერია, რომ შენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვების. მგონი, აქ გაუგებარი არაფერი უნდა იყოს. ის, რაც აქამდე ხდება, ეს ხალხი იკრიბება, გზებს კეტავენ, ხმაურობენ და ა.შ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამის მიშვება, მათი დაუდევრობაა. თორემ შეხედეთ სხვა ქვეყნებს, დემოკრატია არ აკლიათ, მაგრამ ამის უფლებას არ იძლევიან.

„რ": „ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები განათლების სისტემაშიც შეიტანა. როგორ აისახება განათლების სისტემაზე?

რ.ს:

  • მე ვთვლი, რომ სახიფათო ცვლილებებია, რადგან ეს დიდი მასშტაბისაა და ამ დროს, რა შედეგები იქნება, ძნელი სათქმელია.

მაგალითად იგივე ცვლილებები რომ გატარებულიყო საქართველოს რაღაც ლოკალურ ნაწილში, ექსპერიმენტის სახით, და მერე მთლიან ტერიტორიაზე გადაეტანათ, ლოგიკა გასაგები იქნებოდა. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ცვლილებები, როგორც წესი, მერე ბევრი შესწორების შეტანას მოითხოვს. თუკი ამას მოულოდნელობები მოჰყვება, ალბათ ეს მოხდება. თავს ვერ დავდებ ვერც აქით და ვერც იქით, მაგრამ ასეთ ვითარებაში, ეს მოსალოდნელია.

„რ": პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნების ჩატარებაზე მზაობას გამოთქვამს. რამდენად მოსალოდნელია არჩევნები უკრაინაში?

რ.ს: ტრამპმა თქვა, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს უკრაინა და რუსეთი, მას ხელები დაუბანია და ის არ აპირებს უკრაინას დახმარება გაუწიოს. ეს ცოტა ზოგადი თქმაა, კონკრეტულად რაში გამოიხატება, ესაა საკითხავი. თუმცა თავისთავად, ტრამპის დამოკიდებულება ამ პროსეში, ჩანს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზელენსკი არჩევნების უსაფრთხო ჩატარების გარანტიებს ითხოვს. მაგის გარანტიების წყარო რამდენიმე შეიძლება იყოს. სავარაუდოა, ტრამპმა გარანტიების მიცემაზე უარი თქვა. პუტინი რომ უარს იტყვის, ეს ყველაზე მოსალოდნელია. არც ევროპა იქნება ძალიან მომხრე. საერთოდ ტრამპის ჩათვლით, ბევრი ფიგურა ომის მომხრე იქნება, ვიდრე მშვიდობის მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სულ იმას იძახის, მშვიდობის მტრედი ვარო. მეორეს მხრივ, ამ ომმა შეიძლება მთელი ევროპა შეიწიროს, რომელსაც არ აქვს იმის ძალა, რომ რუსულ იარაღს გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაუწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე