
1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა გაუქმდა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ეს მაშინვე საქართველოს ხელისუფლების „ანტიევროპულ“ ნაბიჯებს დაუკავშირეს, არადა სინამდვილეში პოლონეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, ევროპარლამენტის მიღებულ კანონებს დაემორჩილოს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი პოლონეთის მთავრობას ბევრ პრობლემას უქმნიდა.
პოლონეთში ქართველების დასაქმებაზე მომუშავე "ეიჩარ რეკრუტორმა" ირინა ნამიჭეიშვილმა განაცხადა, რომ აქამდე, გამარტივებული წესით, ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება მხოლოდ ორ სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით, სრულყოფილი სამუშაო ნებართვაა საჭირო და ეს პროცედურები, დაახლოებით, სამიდან ოთხ თვემდე იწელება. ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ნებართვა. თუ აქამდე უფასოდ კეთდებოდა სამუშაო ნებართვა ან კანდიდატი მცირედს იხდიდა, ახლა 400 ზლოტის გადახდა მოუწევს.
„მხოლოდ მე, თვეში 40 ადამიანზე მეტს ვასაქმებდი. კანდიდატების უმრავლესობა მოდიოდა ოჯახებით. პოლონეთი აქამდე იყო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ მარტივად ხდებოდა ლეგალიზაცია. ბინადრობის საბუთებიც ბევრად მარტივად მზადდებოდა ვადებში. შესაბამისად, ბრუნდებოდნენ საქართველოში ოჯახების სანახავადაც და მერე ისევ უკან მიდიოდნენ სამუშაოდ... ამის ხმამაღლა ლაპარაკი ხალხის ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, მაგრამ სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. 10 კანდიდატიდან ოთხთან პრობლემები გვექმნებოდა, მით უმეტეს, თუ მარტო ბიჭები იყვნენ და არა ოჯახები.
პრობლემები გვექმნებოდა ყოფაქცევის, აგრესიის, კრიმინალის, სამუშაოს არშესრულების გამო. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ არ იცოდნენ ენა და არ ჰქონდათ არანაირი სამუშაო უნარები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, კიდევ მოდიოდნენ დათმობაზე პოლონელები. გვასწავლიდნენ, დროს გვითმობდნენ და უნდოდათ კადრის შენარჩუნება. საკმაოდ დიდი პროცენტი მოქალაქეებისა სამუშაოდ კი არა, საქმის გასაფუჭებლად მოდიოდა აქ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“, - განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა.
პირდაპირ თუ ირიბად, პოლონეთის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. განსაკუთრებით, ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან და მუშაობენ. სოციალურ ქსელში არსებობს ჯგუფი - „დასაქმება პოლონეთში“. სწორედ ამ ჯგუფის წევრები იხილავენ ამ გადაწყვეტილებას და გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას:
გი გი: „გამარჯობა. საახალწლოდ მინდა საქართველოში წასვლა 20 დღით და უკან დაბრუნება. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, ვეღარ შევძლებ უკან დაბრუნებას, ვინმემ თუ იცით ზუსტად, იქნებ მითხრათ? კარტა მაქვს“.
თემური სვანიძე: „რეგულაცია ვიზის საფუძველზე გაცემულ განაცხადს ეხება. მეტი არაფერი შეცვლილა. კარტა პო ბიტუ თუ გაქვს, შეგიძლია, მშვიდად წახვიდე“.
ანონიმური წევრი 912: „სანამ მთავრობის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ ხალხნო, გადავხედოთ კრიმინალურ სტატისტიკას, ნასვამი ტაქსაობა თუ ქურდობა ბიედრონკაში, თუ დაჯგუფებები - ადგილობრივ „ტვ“-ს ხომ უყურებთ. რამდენი დეპორტაცია განხორციელდა. ამაში დამნაშავე მხოლოდ ის ხალხი არ არის, ვინც სხვადასხვა დანაშაული გამოავლინა, არამედ ის ხალხიც, ვინც 100 ზლოტის სანაცვლოდ, ამ ხალხს პოლონეთში ეპატიჟებოდა და შემდეგ უსამსახუროდ ტოვებდა და კიდევ სხვა მრავალი. ამ დროს სამწუხაროდ კეთილსინდისიერი ადამიანებიც დაზარალდნენ. მერწმუნეთ, ის მაღალი სტატისტიკური კრიმინალური ციფრები რომ არა, მაგ „გამარტივებული“ სიიდან საქართველოს არ ამოიღებდნენ. ბევრი ჩამოდის ფიზიკურ სამუშაოზე, როცა წარმოდგენაც არ აქვს რთულ სამუშაო პირობებზე. ყველამ იცით, რომ სამსახურის შეცვლა აქ ასე მარტივად არ ხდება. 30 დღე აქვს უფლება მიგრანტს მეორე სამსახურის პოვნამდე. ეხლა რამდენი იცავდა ამ წესს და ჰქონდა საბუთები წესრიგში? უბრალოდ, პოლონეთის მთავრობა უფრთხილდება საკუთარ გარემოს“.
2024 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პოლონეთში, საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი, წლის განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა. ჯამში, 2024 წელს, 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47 086 საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს. პოლონეთში, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გამარტივებული პროცედურა 2015 წელს დამტკიცდა.
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, „რეზონანსი“ სოციოლოგ პაატა აროშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე საკითხზე ვიმსჯელებთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება მხილოდ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, თუ ზოგადად, საემიგრაციო პოლიტიკა შეცვალა. უდავო ფაქტია, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებენ:
„პოლონეთის გადაწყვეტილება ასე მტკივნეულად იმიტომ აღვიქვით, რომ საქართველოს მოსახლეობის, ანუ ემიგრანტთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სწორედ ამ ქვეყანაშია. უნდა აღინიშნოს, რომ ის, ვინც ახლა პოლონეთშია დასაქმებული, მისი იქ ყოფნის საკითხი კი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ, ეს გადაწყვეტილება ახალჩასულებს შეეხება. თორემ, ვინც უკვე მუშაობს, მას არ ემუქრება უმუშევრობა, ან დეპორტაცია“, - აღნიშნა აროშიძემ.
მისივე თქმით, ქართველები პოლონეთში, ძირითადად, მშენებლობებზე, ასევე კვებისა და სხვადასხვა სამრეწველო ობიექტებში არიან დასაქმებულნი. ევროპის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება აშშ-ის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამოძახილია.
მცირედით განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგსა და დემოგრაფს თამარ ჩიბურდანიძეს, რომელიც „რეზონანსთან“ დეტალურად ახსნა, რატომ მიიღო პოლონეთმა ასეთი გადაწყვეტილება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს დოკუმენტი - „მიგრაციული პაქტი“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიგრანტთა უდიდესი ნაწილი პირველად ქვეყნებში უნდა დარჩნენ, ანუ იქ, სადაც საზღვარიც პირველად გადალახა:
„სხვათა შორის, „მიგრაციულ პაქტს" ყველაზე მეტად პოლონეთი აკრიტიკებდა. შესაბამისად, პოლონეთმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის სტანდარტია ყველა კანონი და ევროპარლამენტმა „მიგრაციული პაქტი“ მიიღო. არადა, ამ კანონთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი იყვირა პოლონეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, ჩეხეთმა... ყველაზე ცუდ დღეშიც პოლონეთია, რადგან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს უკრაინასთან, ამიტომ ომის გამო, ყველაზე მეტი მიგრანტი პოლონეთში გადადის. თუმცა, არა მარტო უკრაინიდან, იგივე სამხრეთული, აზიური სახელმწიფოებიდან, არაბეთიდან, საქართველოს ან თურქეთის გავლით, ევროპაში შემავალი ჭიშკარი პოლონეთს აქვს. ამიტომ, ქვეყანა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც გაამკაცრა მიგრაციული პოლიტიკა", - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ჩიბურდანიძემ.
მიგრანტების უდიდესი ნაწილი პოლონეთში იმიტომ მიდიოდა, რომ გამარტივებული პროცედურების გამო, ადვილად გადასულიყვნენ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ანუ უფრო განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში. „მიგრაციული პაქტის“ თანახმად, ამიერიდან ვინდ პოლონეთში შევა, იქვე უნდა დარჩეს.
„პოლონეთს აღარ აქვს უფლება, გაატაროს მიგრანტები და გაუშვას სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველებს არ ეხება, რადგან პოლონეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიგრანტი ქართველი იქნება, თურქი, აფრიკელი, თუ სირიელი. რატომ ფიქრობენ, რომ მხოლოდ საქართველოს ეხება ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, ალბათ, არ კითხულობენ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელების განცხადებებს და არც ის იციან, რომ ლამის თავზე დაახია პოლონეთმა ეს კანონი ევროკავშირს. მიზეზი ისაა, რომ ყველაზე ნეგატიურად ეს გადაწყვეტილება პოლონეთზე აისახება - ქვეყანა იძულებულია ჩაკეტოს საზღვარი და მაქსიმალურად გაამკაცროს მიგრანტების მიღება. გიმეორებთ, ამიერიდან, ვინც პოლონეთში შევა, იქვე უნდა დარჩეს ან პოლონეთმა უნდა გამოყაროს, რადგან ვეღარ გაუშვებს გერმანიასა და საფრანგეთში. აქედან გამომდინარე, პოლონეთი მაქსიმალურად იცავს საკუთარ ქვეყანას“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



