
ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლშ გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო ბრიტანულის „ბი-ბი-სი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვარაუდის დონეზე ნახსენები მომწამვლავი ნივთიერება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებით ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები თავად დაადასტურა.
ყოფილმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც „ბი-ბი-სი"-ს აქვს ნახსენები, 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა" კატა გამოთხარეს", - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან დაკავშრებით პრემიერმა ირაკლი კობახიძე 3 დეკემბერს თქვა, რომ 2009 წელს „რაღაც ფხვნილი" მართლა შეიძინა მაშინდელმა შსს-მ, მაგრამ ეს არ იყო „ბი-ბი-სი"-ს მიერ ნახსენები „კამიტი".
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ისაუბრონ თუ არა მინიმუმ კობახიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ აღმოჩნდა, რომ მისი მმართველობის პირობებში გამოიყენეს ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, პრემიერმა უპასუხა:
„2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის რომ შეუძენია, თუ ასეთი რამე დადგინდა. არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს, როგორც დამნაშავე ამ საქმეში".
გარდა ამისა, პრემიერმა დაადასტურა, რომ აქციების დაშლის დროს მართლა ურევდნენ რაღაც ფხვნილს წყალში, მაგრამ გამოძება გვაჩვენებს რა ფხვნილი იყო ეს და არის თუ არა ეს ფხვნილი აკრძალული.
„რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული - შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება „კამიტი" არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც „ნაცმოძრაობის" რეჟიმის პირობებში", - აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა შს სამინისტრო გამოაქვეყნოს, თუ რა იყო წყლის ჭავლში გარეული, კობახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებით ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები თავად დაადასტურა.
„დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ ირაკლი კობახიძისგან - რომ გასულ წელს წყლის ჭავლში იყო გარეული იმ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება, რაზეც საუბრობდა „ბი-ბი-სი". რეალურად დაადასტურა კობახიძემ, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება, როგორც „ბი-ბი-სი" ამბობდა და როგორც მათ მოიპოვეს შსს-დან გაჟონილი ინფორმაცია, მართლაც აქვთ შეძენილი.
„ახლა, დღეს, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება. ბრიტანელი ექსპერტი ამბობდა, რომ „კამიტზე" უარესი ნივთიერებებია ყველა დანარჩენიო.
„ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი! ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! უამრავმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება", - განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ბი-ბი-სი"-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს უწოდებს.
„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფთალინიდან ამოიღეს სალაპარაკოდ. მათ შორის ბროუდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა, რატომღაც ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



