ნატალია ჯვარიძე
(01.12.2025)

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინას ფაქტობრივად აეკრძალება ალიანსში გაწევრიანება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მოსკოვი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამავდროულად, CNN-ის წყარო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას არ მოუწევს ოფიციალურად, იურიდიული თვალსაზრისით, უარი თქვას ამ მისწრაფებაზე. თუმცა, თუ შეერთებული შტატები რუსეთთან ორმხრივ შეთანხმებას მიაღწევს, ან თუ რუსეთი ნატო-სგან მრავალმხრივად რაიმე სახის გარანტიას მოითხოვს, უკრაინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.

ამავდროულად, წყარომ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები, საერთო ჯამში, წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ჟენევაში მიღწეულ პროგრესს ეფუძნებოდა.

„ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ აქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუმცა, შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო და სამშვიდობო წინადადებების ყველაზე პრობლემური ასპექტების დეტალური განხილვა მოხდა", - აღნიშნა წყარომ.

ამასთან, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლო დრო და რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლის პერსპექტივა განიხილეს.

თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების ხასიათი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ თუ ეს ნამდვილად მოხდა, უკრაინის სრულ კაპუტულაციას ნიშნავს. მისივე თქმით, პუტინი პოლიტიკურად გაიმარჯვებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პირდაპირი კაპიტულაცია არის, რადგან ომი ზუსტად ამ საბაბით დაიწყო. ამით პუტინი გარკვეულწილად პოზიციებს იმყარებს. ვერ ვიტყვი ზუსტად რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ პუტინი ფაქტობრივად, პოლიტიკურად იმარჯვებს. ომი ამის გამო დაიწყო და გამოდის, რომ პუტინმა თავისი გაიტანა. სამწუხარო რეალობა ასეთია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე