
ივლისის დასაწყისია ის ბოლო თარიღი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს "ოცნების" სარჩელი სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, არც "ლელო" დაინდონ, რომელიც ასაკრძალ სიაში ნაკლებსავარაუდო კანდიდატად განიხილებოდა ანალიტიკოსთა ნაწილის მხრიდან.
ექსპერტების თქმით, ამის შემდეგ კი დადგება მომენტი, როცა ოპოზიციური ველი ახლიდან შეიძლება გადალაგდეს. ნაწილი ანალიტიკოსებისა დარწმუნებულიც კია, რომ "ოცნება" 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველს ასუფთავებს და რეიტინგული პარტიების აკრძალვის შემდეგ, "სატელიტებს შემოიყვანს". ნაწილი კი ამბობს, რომ წარდგენილი პარტიებიდან "ყველა ასაკრძალია", რადგან "ანტისახელწმიფოებრივ საქმიანობას ეწევიან" და მათი ადგილი "ჭეშმარიტმა ოპოზიციამ" უნდა დაიკავოს".
აქვე უნდა ითქვას, რომ "ერთიანი ნეიტრალური" საქართველო" პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა, 1-ელ დეკემბერს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა.
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ პარტიების აკრძალვაზე "ოცნების" სარჩელი წარმოებაში.
"მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს 88 თვითმარქვია პარლამენტის დეპუტატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ორი სხვა პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით.
დღევანდელი განცხადებით ჩვენ გვინდა, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ ეს სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში და ის დაუშვებლად ცნონ, ვინაიდან ის არის ტოტალურად დაუსაბუთებელი, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს და არ არსებობს რეალური მიმართება დავის საგანსა და კონსტიტუციის დებულებებს შორის.
"სარჩელში წარმოდგენილი დავის საგანი პოლიტიკური და თავად ანტიკონსტიტუციურია. მისი რეალური მიზანი არის საქართველოში დემოკრატიული წესწყობილების დასამარება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება",- განაცხადა ბოკუჩავამ.
რომელი პარტიები შეიძლება აკრძალოს "ოცნებამ"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზინანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" შეეცდება საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციური ველი მოასუფთაოს.
"ოცნება" შეეცდება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციური ველი სათავისოდ მოასუფთაოს. "სამი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის" და "ლელოს" გაუქმებაზე მიდის საუბარი, მიზანია, რომ აიკრძალოს ის, ვისაც დიდი რეიტინგი აქვს. მოლოდინია, რომ ამათი გაუქმების მცდელობა იყოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, სამივე პარტია აიკრძალება.
"ვფიქრობ, რომ ვინაიდან სამი პარტიაა წარდგენილი, სამივე აიკრძალება, რადგან ეწეოდნენ და ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ტერორიზმსაც კი, ამის დამადასტურებელია ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, როდესაც "ლელოს" პარტიის წევრს ტერორისტული აქტი ჰქონდა გაზრახული და საბედნიეროდ ჩვენმა სამათალდამცავებმა ეს აღკვეთეს, ამიტომ ვფიქრობ სამივე პარტია ასაკრძალია.
"ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო კანონით გაწერილ 9 თვიან ვადას გამოიყენებს და ამავე დროს, ეს იქნება სკულპუროზურად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება",- განაცხადა გვენეტაძემ.
გახარიას პარტიის მომავალი
28 ნოემბერს ზაზა თავაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.
ამის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ გახარიას პარტია "იშლება".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით გახარიას პარტიის დაშლა მოსალოდნელი არაა, თუმცა არაფერია გამორიცხული.
"გახარიას პარტიას ლიდერის გარეშე გაუჭირდება მოღვაწეობა, არ გამოვრიცხავ, რომ საქმე იქამდეც მივიდეს, რომ პარტია დაიშალოს კიდეც, ოღონდ ახლა არა, მათ ჯერჯერობით თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ პარლამენტში",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი გვეუბნება, რომ პარტია დაიშლება.
"გახარიას პარტიის მომავალიც ისეთია, როგორიც "ნაცმოძრაობის". "ახალის" და "ლელოსი". გახარია საქართველოში არაა, ჩამოსვლას ვერ ბედავს. ლიდერის გარეშეა დარჩენილი პარტია და რომელი ლენინი ეგ მყავს, რომ უცხოეთღიდან ხელმძღვანელობდეს და პარტია არსებობდეს.
"ვფიქრობ გახარიას პარტია დაიშლება, მისი დეპუტატები პარლამენტში მაღალი ხელფასებისთვის შევიდნენ და თუ დაიშლება ესენი იტყვიან, რომ ან სხვა პარტიას ვქმნით, ან დამოუკიდებელი დეპუტატები ვართო. სინდისი შეაწუხებთ, ნამუსი, თუ შუბლზე ძარღვი?"- განაცხადა გვენეტაძემ.
შემოვლენ თუ არა ახალი პოლიტიკური ძალები და ვინ შეიძლება იყოს
ნიკა ჩიტაძის აზრით, "ოცნება" მოსუფთავებულ ველზე თავის სატელიტებს გამოიყვანს 2028 წლის არჩევნებისთვის, თუმცა ასევე იქნებიან ახლა შედარებით დაბალრეიტინგიანი პროდასავლური პარტიებიც, რომლებიც შეიძლება გაძლიერდნენ.
"ასპარეზზე თავისუფლების მოედანი ახლადშექმნილი პარტია გამოვა, იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები" და სხვა შედარებით დაბალი რეიტინგის ოპოზიციური პარტიები შეიძლება გაძლიერდნენ, თუ ამ პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მაშინ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამ პარტიებს მისცემენ ხმას.
"იქნება გახარიას პარტიაც "ქართული ოცნება" ასევე ეცდება სატელიტები გამოიყვანოს და უკვე გამოყრილიც ჰყავს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ედიშერ გვენეტაძის თქმით კი, ოპოზიციურ ველზე ჭეშმარიტი ოპოზიცია გამოვა.
"ახლა პრეზენტაციიდან მოვდივარ, სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული და ჩამოყალიბდა პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" და ვფიქრობ ისინი აუცილებლად შევლენ პოლიტიკურ ველზე. თანდათანობით შეიქმნება სხვა პოლიტიკური ძალაც, რომელიც იკისრებს იმ როლს, რომელსაც ჰქვია ქვეყნის განვითარებაზე ორიენტორებული ოპოზიცია.
"სხვა წვრილი პარტიები, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" აკრძალვაზე ჯერ უერი თქვა, მათი მომავალი ასეთია - ეყოლებათ 1-2-კაციანი პარტიები, რომლებშიც მათი სიდედრ-სიმამრები გაწევრიანდებიან. არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს მინაწილეობა იქნება მონაწილეობისათვის.
"2028 წლამდე დიდი დროა, დღეს ერთი პარტია ჩამოყალიბდა და თანდათანობით პოლიტიკურ ველზე შემოვლენ მოთამაშეები, რომლებიც ჭეშმარიტი ოპოზიციის როლს იტვირთავენ",- განაცხადა გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



