ნატალია ჯვარიძე
(01.12.2025)

ნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მოქმედებას განიხილავს,- ამის შესახებ Financial Times წერს. ალიანსის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ მედიად განუცხადა, რომ ნატო რუსეთის კიბეროპერაციებზე, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე პასუხად, უფრო აგრესიული რეაგირებისა და „პრევენციული დარტყმის" შესაძლებლობას განიხილავს.

დრაგონე „პრევენციული დარტყმის" იდეას თავდაცვით ქმედებად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ნატოს "ჩვეული აზროვნების ფარგლებს სცილდება და ასეთი ქმედებების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, იურისდიქცია და პასუხისმგებლობა კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება".

დრაგონე ხაზს უსვამს, რომ ნატო რუსეთთან შედარებით გაცილებით მკაცრი სამართლებრივი და ეთიკური შეზღუდვების პირობებში მოქმედებს და ეს შეზღუდვები ალიანსის ქმედებებს ართულებს, მაგრამ მათ არაეფექტურს არ ხდის.

ამასთან, Financial Times წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპელი დიპლომატების ნაწილი მოითხოვს, რომ ალიანსმა შეწყვიტოს უბრალოდ „შეშფოთების გამოხატვა" და ქმედებებზე გადავიდეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი აპირებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდას. ჩიტაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ალიანსი უკრაინისთვის მეტ დახმარებას ამზადება.

„ეს უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვით ხარჯებს გაზრდიან და ასევე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის თავდაცვითი და თავდასხმითი ხასიათის შეიარაღებას. ჩემი აზრით, აქ სწორედ ამაზეა საუბარი. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ მუშაობა დაიწყეს უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის იარაღის მიწოდებაზე. ყოველ შემთხვევაში, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ნატო აპირებს რუსეთთან ომის დაწყებას და რუსეთ-უკრაინის ომში უკვე უშუალოდ ჩართვას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე