მარიამ ვეკუა
(28.11.2025)

უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი და პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ერმაკი, ანტიკორუფციული რეიდის ობიექტი ხდება - უკრაინის პოლიტიკური ელიტა ისევ სკანდალის ეპიცენტრშია, ჯერჯერობით, კონკრეტულ ბრალი ერმაკისთვის წარდგენილი არ არის, თუმცა თავად ადასტურებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალური ანტიკორუფციული ორგანო (SAP) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შენობაში საგამოძიებო ჩხრეკას ატარებენ", - განაცხადა NABU-მ, პარასკევს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ თვის დასაწყისში უკრაინელი პარლამენტარების ნაწილმა, NABU-ს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფონზე, ერმაკის გათავისუფლება მოითხოვა.თუმცა ზელენსკიმ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„საგამოძიებო მოქმედებები ავტორიზებულია და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება", - აცხადებენ ნაბუ-ში.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ 2019 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, ერმაკი პრეზიდენტის გვერდითაა, ის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანია. გარდა ამისა, იერმაკი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლელებთან.

„დღეს, NABU და SAPO მართლაც ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში", - დაადასტურა იერმაკმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. „გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ ბინაში მოქმედების სრული წვდომა მიეცათ, ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან კომუნიკაცია აქვთ".

გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ" 24 ნოემბერს თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერმაკი კორუფციულ სკანდალშია ჩართული და გამომძიებლები მას „ალი ბაბას" უწოდებენ.

უკრაინის მთავარმა ანტიკორუფციულმა პროკურორმა, ალექსანდრ კლიმენკომ, ნოემბერში განაცხადა, რომ „ალი ბაბა შეხვედრებს მართავს".

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარია კალენიუკმა, განაცხადა, რომ „ჩვეულებრივ, ჩხრეკა სავარაუდო ეჭვმიტანილებისთვის ბრალდების წარდგენამდე ტარდება".

„ამიტომ, ანდრეი იერმაკის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენას ძალიან მალე უნდა ველოდოთ", - განაცხადა მან.

საინტერესოა, რომ ზაფხულში ზელენსკის ოფისმა და კიევის პარლამენტმა NABU-სა და SAP-სთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა სცადეს.

თუმცა ამ მცდელობებმა, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია. ევროკავშირის მოწოდების შემდეგ კი ზელენსკიმ კურსი შეცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი კვირის წინ, ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაცია დაშალა, რომელიც ენერგეტიკის მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს, ცნობილ ბიზნესმენებს, ორ მინისტრსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს აერთიანებდა.

მდგომარეობა უფრო გართულდა, რაც გაირკვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი თანხები გაიფლანგა.

გამოძიება ზელენსკის პრეზიდენტობის ყველაზე დამანგრეველ შიდა სკანდალად იქცა, რომელსაც წინ რუსეთის დაუნდობელი დაბომბვები და აშშ-ს მხრიდან კიევზე ზეწოლა უძღოდა.

„პრეზიდენტმა იერმაკი უნდა მოიშოროს"

"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, უკრაინის მთავრობაში უპრეცედენტო დონის ძალაუფლება მოიპოვა, ის გავლენას ახდენს პარლამენტზე, კაბინეტსა და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებზეც.

თუმცა, მისი დომინირების მიუხედავად, ერმაკი საკამათო ფიგურად დარჩა, რომელსაც ხშირად სკეპტიციზმით უყურებენ როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.," - წერენ უკრაინული გამოცემები.

ზელენსკის „კარიბჭის" მცველის ამპლუაში ყოფნამ ის შეუცვლელად აქცია, თუმცა ამავდროულად, მოკავშირეებს შორის დაცინვისა და იმედგაცრუების საგანიც გახდა.

„ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ის ზელენსკის კაცია", - განუცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა Kyiv Independent-ს. „ჩვენ, უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს".

კიდევ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, უკრაინა-აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე განაცხადა, რომ „ერმაკის (ვაშინგტონში) ხელახლა გაგზავნას ყველაფერი ჯობს".

ორივე ოფიციალურმა პირმა გადაჭრით თქვა, რომ ერმაკს ბრიუსელსა და ვაშინგტონში პოზიტიურად არ უყურებენ. უკრაინაში მისი რეპუტაცია რატომღაც კიდევ უფრო უარესია., წერს Kyiv Independent-ი.

ამავე გამოცემის წყაროების ცნობით, პრეზიდენტი ცდილობს რეპუტაციის შენარჩუნებას და ერმაკის გაშვებას საბოლოოდ განიხილავს.

„ანდრეი ერმაკი იმდენად გავლენიანია და იმდენად ღრმად არის ჩახედული ქვეყნის შიგნით არსებულ მრავალ საკითხში, რომ შეუძლებელია ასეთი მასშტაბური კორუფციული სქემის ფუნქციონირება მისი ინფორმირების გარეშე", - განუცხადა Kyiv Independent-ს უკრაინის ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დარია კალენიუკმა.

„იმისათვის, რომ პრეზიდენტმა დაამტკიცოს, რომ ის არ არის ამ სქემის ნაწილი და არ არის კორუმპირებული, მან უნდა მოიშოროს ყველა ეს კორუმპირებული ახლო წრის მეგობარი. ეს ძალიან მარტივია", - დასძინა მან.

„ბატონი იერმაკის ჩათვლით".-დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე